ახალი ამბები

არჩევნების დანიშვნის შესახებ პრეზიდენტის განკარგულებას პრემიერმა ხელი მოაწერა

8 ივნისი, 2016 • 3188
არჩევნების დანიშვნის შესახებ პრეზიდენტის განკარგულებას პრემიერმა ხელი მოაწერა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ დღეს, 8 ივნისს გამოაქვეყნა პრემიერ-მინისტრის მიერ კონტრასიგნირებული განკარგულებები საქართველოს საპარლამენტო არჩევნებისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების 2016 წლის 8 ოქტომბერს დანიშვნის შესახებ.

ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოში 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო კამპანია არჩევნებამდე ზუსტად 4 თვით ადრე დაიწყო.

epa05349375 Police officers and emergency services work at the scene of a bomb attack to a police bus in the Vezneciler district of Istanbul, Turkey, 07 June 2016. At least five people were wounded after an explosion, caused by a bomb, targeted a police bus, local media reported. EPA/SEDAT SUNA

პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ 8 ივნისიდან საქართველოში ოფიციალურად დაიწყო წინასაარჩევნო პერიოდის ათვლა, რაც იმას ნიშნავს, რომ მთელი რიგი რეგულაციები კანონმდებლობის მიხედვით ძალაში შედის.

„შესაბამისად, იზღუდება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება წინასაარჩევნო პერიოდში. ეს არის დემოკრატიის კუთხით წინ გადადგმული ნაბიჯი და, ვფიქრობთ, კონსულტაციებმა, რომლებიც გაიმართა პრეზიდენტთან და პარლამენტთან ერთად, ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი გამოიღო,“ – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მთავრობის სხდომის განკარგულების მიხედვით, არჩევნების დანიშვნის თარიღზე კონტრასიგნაცია გაკეთდა.

გიორგი მარგველაშვილმა განკარგულება 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის შესახებ 3 ივნისს გამოსცა. პრეზიდენტის განკარგულებას საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის შესახებ მთავრობის კონტრასიგნაცია[თანხმობა] ესაჭიროება.

პრეზიდენტის განკარგულება მთავრობას 3 ივნისს გაუგზავნეს. კანონის თანახმად, მთავრობას 10 სამუშაო დღის ვადა ჰქონდა იმისათვის, რომ დათანხმებოდა ან უკან დაებრუნებინა პრეზიდენტისთვის არჩევნების დანიშვნის შესახებ გამოცემული სამართლებრივი აქტები.

აპრილში მთავრობამ ხელი არ მოაწერა და უკან დაუბრუნა პრეზიდენტს არჩევნების დანიშვნასთან დაკავშირებით გამოცემული სამართლებრივი აქტები.

მნიშვნელოვანი დეტალები

  • პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა  2016 წლის 5 აპრილს განაცხადა, რომ არჩევნები 8 ოქტომბერს დანიშნა. მან 6 აპრილს გაუგზავნა ორი სამართლებრივი აქტი მთავრობას კონტრასიგნაციისთვის. თუმცა 6 აპრილს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ასევე განაცხადა, რომ განკარგულება არჩევნების დანიშვნის თაობაზე ძალაში 8 აგვისტოდან შევიდოდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ეს იქნებოდა საარჩევნო კამპანიის დაწყების თარიღიც.
  • ამგვარ ბრძანებულებას სამართლებრივი გაუგებრობა უწოდეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომლებმაც განაცხადეს, რომ კანონის თანახმად, არჩევნების დანიშვნის შესახებ ბრძანებულება ძალაში შედის მისი ხელმოწერისთანავე. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ წინასაარჩევნო კამპანია აპრილშივე დაიწყებოდა.
  • თუკი მთავრობა დაეთანხმებოდა პრეზიდენტს, მოსალოდნელი იყო ხანგრძლივი წინასაარჩევნო კამპანია, რაც ქვეყანაში დისკუსიის საგანი გახდა.
  • 14 აპრილს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ მთავრობის ადმინისტრაცია არჩევნების თარიღთან დაკავშირებულ განკარგულებაზე მოტივირებულ შენიშვნებს პრეზიდენტის ადმინისტრაციას გაუგზავნის. მან ხელი არ მოაწერა პრეზიდენტის განკარგულებას და გამოთქვა სურვილი, რომ წინასაარჩევნო კამპანია არჩევნებამდე სამი თვით ადრე ამოქმედებულიყო.
  • 14 აპრილს პრეზიდენტმა მკაცრად უპასუხა პრემიერს და განაცხადა, რომ არჩევნებს არა სამი თვით ადრე, არამედ 5 თვით ადრე დანიშნავს.
  • ამ თემაზე შემდგომში კონსულტაციები გაიმართა პრეზიდენტს და პრემიერს შორის და შეთანხმდნენ არჩევნების 4 თვით ადრე დანიშვნის შესახებ.

მასალების გადაბეჭდვის წესი