ახალი ამბები

EMC-ის შეფასება ქმედუნარიანობის სისტემის რეფორმის შედეგებზე

7 ივნისი, 2016 • 1844
EMC-ის შეფასება ქმედუნარიანობის სისტემის რეფორმის შედეგებზე

მხარდაჭერის მიმღები პირების საქმეების განხილვისას სასამართლოები ისევ ძველ – ნების ჩანაცვლების პრაქტიკას იყენებენ, ხოლო სახელმწიფოს რეფორმის პარალელურად ინსტიტუციური ცვლილებები არ განუხორციელებია, წერია EMC-ის კვლევაში, რომელმაც შეისწავლა ქმედუნარიანობის რეფორმა ერთი წლის შემდეგ.

“ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის” იურისტმა ლელა გვიშიანმა 6 ივნისს, კვლევის პრეზენტაციისას განაცხადა, რომ კვლევის ერთ-ერთ ნაწილი იყო გარდამავალ პერიოდში 13 სასამართლოს მიერ 93 საბოლოო გადაწვეტილების შესწავლა.

საქმეების შესწავლისას იყო შემთხვევები, როდესაც სასამართლოში განცხადების ჩაბარებისას არ ხდება კონკრეტული სფეროების დაზუსტება, თუ რა სფეროში ითხოვს პირი მხარდამჭერის მიღებას, ამბობს გვიშიანი.

იურისტის თქმით, ეს იმას ნიშნავს, რომ თუ პირს მხარდამჭერი სჭირდება ორ უფლებასთან დაკავშირებით, პროცესი ცხადყოფს, რომ მას შეიძლება მხარდამჭერი დაუნიშნონ ყველა უფლების განხორციელებისას.

კვლევაში ასევე აღნიშნულია, რომ კანომდებლობა ავალდებულებს სასამართლოს, ზუსტად და ნათლად განსაზღვროს, კონკრეტულად რომელი უფლების ნაწილში სჭირდება პირს მხარდამჭერი, თუმცა მოსამართლეების კითხვა ექსპერტის მიმართ არის ზოგადი, ასევე პასუხიც ექსპერტების არის ზოგადი, რომ პირს სჭირდება მხარდამჭერი ყველა უფლებასთან დაკავშირებით, რაც არსს უკარგავს ამ რეფორმას, ამბობს გვიშიანი.

ლელა გვიშიანის თქმით, პრაქტიკაში, მხარდამჭერის მიმღებ პირებს შეზღუდული აქვთ სასამართლოს გადაწყვეტილებების გასაჩივრების უფლება, რომელსაც მათ კანონი აძლევთ.

“გადაწყვეტილება შედის ძალაში ისე, რომ პირს არც კი ეკითხებიან, გაასაჩივრებს თუ არა გადაწყვეტილებას,” – ამბობს გვიშიანი.

კვლევაში პრობლემადაა დასმული ის საკითხი, რომ სასამართლოები ნიშნავენ ნების ჩამნაცვლებელს თითქმის ყველა გადაწყვეტილებაში და გარიგებების დადების უფლებას აბსოლუტურად გადასცემენ მათ.

ზოგ შემთხვევაში მეურვეობის სააგენტო თავადაა მხარდამჭერი და იქიდან გამომდინარე, რომ მას აქვს კონტროლის ფუნქციაც შეთავსებული, გამოდის, რომ  თავადაც აკონტროლებს თავის თავს.

კვლევაში აღნიშნულია, რომ მოწესრიგების გარეშეა დატოვებული – ექსპერტების ჯგუფის წევრთა ხმების გაყოფის შემთხვევაში დასკვნა დადებითია თუ უარყოფითი, ასეთ შემთხვევაში სასამართლოს თავად უწევს მიიღოს ექსპერტული გადაწყვეტილება იმის თაობაზე, უნდა დაენიშნოს თუ არა პირს მხარდამჭერი.

EMC აცხადებს, რომ ორმაგი სტანდარტია დადგენილი გარიგებების დადებისას. წერილობითი გარიგების შემთხვევაში მხარდამჭერი პირის ხელმოწერა საჭიროა და მის გარეშე მხარდაჭერის მიმღები პირი ვერ დადებს გარიგებას. ხოლო ზეპირი გარიგების შემთხვევაში მხარდამჭერი პირის თანხმობა არ არის გადამწყვეტი.

რაც შეეხება პოლიტიკას და მზრუნველობის ორგანოს მუშაობას, კვლევაში აღნიშნულია, რომ ისე დაიწყო რეფორმის აღსრულება, მხარდაჭერის მექანიზმი არ არსებობს, არ განხორციელებულა ინსტიტუციური ცვლილება.

EMC-ის იურისტი ლინა ღვინიანიძე ამბობს, რომ ასევე პრობლემურია არჩევნებში მონაწილეობის საკითხი, ახალმა კანონმა მხარდაჭერის მიმღებ პირებს მისცა უფლება მონაწილეობა მიიღონ არჩვენებში, თუმცა, თუ ისინი სტაციონარში იმყოფებიან, მაშინ მხარდაჭერის მიმღებ პირებს არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ აქვთ მაშინ, როცა სტაციონარში მყოფ სხვა პირებს, რომლებიც არ სარგებლობენ მხარდამჭერით, მონაწილეობის უფლება არჩევნებში აქვთ.

ლინა ღვინიანიძე ამბობს, რომ სასამართლომ კონრეტულ პირებს მხარდამჭერი უნდა დაუნიშნოს კონკრეტული უფლებების გამხორციელების საკითხში, იმაში, რაშიც მას სჭირდება წარმომადგენელი და არა ყველა ნაწილში.

ლინა ღვინიანიძის აზრით, სახელწმიფომ უნდა შეიმუშაოს მხარდამჭერის სისტემა და მექანიზმები, უნდა შექმნას სერვისი მხარდამჭერი პირებისთვის, რომლებსაც შეიძლება დასჭირდეთ მხარდაჭერა იმაში, რომ მათ არ იციან, როგორ შეასრულონ მათზე დაკისრებული მოვალეობები.

“ეს არის სისტემა, რომელიც სახელმწიფოს არ აქვს და ძველი რესურსით ცდილობს, რომ ამ მოდელს უპასუხოს”, – ამბობს ლინა ღვინიანიძე. 

2013 წლის 8 ოქტომბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო რიგი საკანონმდებლო ნორმები, რომლებიც აწესრიგებდა პირის ქმედუუნაროდ გამოცხადების საკითხებს.

საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული ქმედუნარიანობის ინსტიტუტი ინდივიდუალური გონებრივი შესაძლებლობების გათვალისწინების გარეშე უკრძალავდა კონკრეტულ პირებს სამოქალაქო უფლება-მოვალეობების დამოუკიდებლად განხორციელებას. ამგვარი შეზღუდვებით პირს საფუძველშივე ესპობოდა დამოუკიდებელი მოქმედების შესაძლებლობა ისეთ სფეროებში, რომლებიც უშუალოდ არის დაკავშირებული მის ყოველდღიურ ყოფა-ცხოვრებასთან, არსებობასა და განვითარებასთან.

ქმედუუნაროდ მიჩნეულ პირებს ეკრძალებოდათ ისეთი მარტივი, წვრილმანი გარიგებების დადებაც კი, როგორიცაა საკვების, საყოფაცხოვრებო ნივთებისა თუ სამგზავრო ბილეთების შეძენა.

2015 წლის 1 აპრილს საქართველოს პარლამენტმა განახორციელა ცვლილებები საქართველოს სამოქალაქო კოდექსში, რომლითაც პირის ქმედუნარიანად გამოცხადების ახალი სისტემა შემუშავდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი