ახალი ამბები

ივანიშვილი: კორცხელის ინციდენტი იყო ძალიან სამარცხვინო

7 ივნისი, 2016 • 1597
ივანიშვილი:  კორცხელის ინციდენტი იყო ძალიან სამარცხვინო

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ეროვნული მაუწყებლების ჟურნალისტების შეკითხვებს პასუხობს. შეხვედრა ტექნოპარკის ტერიტორიაზე იმართება. ივანიშვილმა უპასუხა საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტის შეკითხვას კორცხელის ინციდენტთან დაკავშირებით:

“კორცხელის ინციდენტი იყო ძალიან სამარხცვინო… პასუხისმგებლობა ეკისრება მთავრობას და მათ გუნდს. საერთო ჯამში, ამან ძალიან დააზარალა ჩვენი სახელმწიფო, თუმცა ერთი პლუსი შეიძლება ჰქონდეს, რომ დასკვნები გააკეთოს მთავრობამ და მეტი აღარ განმეორდეს, ეს იყო სირცხვილი”, – განაცხადა ივანიშვილმა.

ბიძინა ივანიშვილის თქმით, კორცხელსში მომხდარი ფაქტი იყო პროვოკაცია, რომელიც დაგეგმა ნაციონალურმა მოძრაობამ, თუმცა, ამის მიუხედავად, ის ამ ფაქტზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს:

“ეს პროვოკაცია კარგად დაგეგმილი იყო ნაციონალური მოძრაობის” მიერ, კადრებიც ვნახე, როგორ მოსწონდა ბოკერიას, რომ ეს მოხდა, თუმცა ეს არაფრით არ ამსუბუქებს იმას, რაც მოხდა. ეს პროვოკაცია ორგანიზებული იყო ნაციონალური მოძრაობის მიერ, მაგრამ არაფერი არ ამართლებს მმართველ გუნდს”, – განაცხადა ივანიშვილმა.

ივანიშვილის თქმით, კორცხელის ფაქტმა უნდა იქონიოს პრევენციული ეფექტი, რომ საპარლამენტო არჩევნების დროს მსგავსი აღარ განმეორდეს. მისი შეფასებით, დიდი რესურსი, რომ “პროვოკაციები მოაწყოს”, არც ნაციონალურ მოძრაობას აქვს.

სამეგრელოში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელის 53-ე საარჩევნო უბანზე 22 მაისს საკრებულოს შუალედური მაჟორიტარული არჩევნების დროს ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. საარჩევნო უბანთან შეკრებილმა პირებმა პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს: ნიკა მელიას, გიგა ბოკერიას, თენგიზ გუნავას და კიდევ რამდენიმე წევრს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

ენმ-ს განცხადებით, თავდამსხმელები იყვნენ “ქართული ოცნების” ე.წ. ზონდერჯგუფის წევრი სპორტსმენები. მათ ინციდენტში მონაწილე რამდენიმე პირი ამოიცნეს.

3 ივნისს ზუგდიდის სასამართლომ კორცხელის ინციდენტში ბრალდებულ ექვს პირს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა:

ხუთ ბრალდებულს: გიორგი გ.-ს, კობა ტ.-ს, გიორგი გ.-ს, ნოშრევან წ.-ს და გრიგოლ ტ.-ს 7 000 ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა. ეს პირები საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით არიან ბრალდებულები. ხოლო  239-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით ბრალდებულ ვლადიმერ გ.-ს სასამართლომ 10 000 ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 28 ივლისს, 14:00 საათზე ჩაინიშნა.

მასალების გადაბეჭდვის წესი