ახალი ამბები

თამარ ჩუგოშვილი:”სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რეკომენდაციები არ არის გათვალისწინებული”

28 დეკემბერი, 2011 • • 1145
თამარ ჩუგოშვილი:”სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რეკომენდაციები არ არის გათვალისწინებული”

დღეს, 28 დეკემბერს, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ  პარლამენტის მიერ მიღებულ კანონთან დაკავშირებით, ”ნეტგაზეთი” ესაუბრა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარეს თამარ ჩუგოშვილს, რომელმაც სხვა ორგანიზაციებთან ერთად მიმართა პრეზიდენტს, გამოიყენოს ვეტოს უფლება.

ნეტგაზეთი: რა დაბრკოლებები შეიძლება შეუქმნას ამ კანონმა პარტიებს? მათ აღნიშნეს, რომ ეს არის პარტიების წინააღმდეგ მიმართული კანონი.

თამარ ჩუგოშვილი: აღნიშნულ კანონში შეზღუდვები არის პარტიების დაფინასების კუთხით. აქედან ნაწილი არის ის შეზღუდვები, რომლებსაც ჩვენც ვითხოვდით და რეკომენდაციები არსებობდა, რომ ეს შეზღუდვები შემოსულიყო, მაგრამ ნაწილი არის, რომელიც ბევრად გაცდა ამ რეკომენდაციებს და უფრო ბევრად დიდი შეზღუდვები დააწესა, ვიდრე ამას ითხოვდა ეუთო, ვენეციის კომისია, არასამთავრობო სექტორი და ა.შ.

ერთ-ერთი ასეთი საკითხია იურიდიული პირებისთვის შემოწირულობის აკრძალვა, ანუ იურიდიული პირები ვერ შესწირავენ თანხას პოლიტიკურ სუბიექტებს. მეორე, რაც ყველაზე პრობლემურია, არის ის, რომ შეზღუდვები უწესდებათ არა მხოლოდ პოლიტიკურ პარტიებს, არამედ ნებისმიერ იურიდიულ ან ფიზიკურ პირს(არასამთავრობო ორგანიზაციებს, შპს-ებს და ა.შ), ვისაც დაუდგინდება კავშირი პოლიტიკურ პარტიასთან. თუ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს გააჩნია გაცხადებული პოლიტიკური მიზნები და ამოცანები, მას და მასთან დაახლოებულ პირებს – ოჯახის წევრებს, საქმიან პარტნიორებს – უწესდებათ ყველა ის შეზღუდვები, რაც პოლიტიკურ პარტიებს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ არის პირთა გაუმართლებლად ფართო წრე და ძალიან ბევრი ორგანიზაციისა და ადამიანის მიმართ შეიძლება არამართებულად გამოიყენონ.

ყველაზე მთავარი პრობლემაა ის, რომ როცა ვიღაც ზეპირად აფიქსირებს მხარდაჭერას კონკრეტული პოლიტიკური პირის ან პარტიის მიმართ, ეს გამოხატვის ფარგლებში ჯდება და არ შეიძლება ეს იყოს დასჯადი და ამას მოყვებოდეს შეზღუდვები.

ეს არის ძირითადი საკთხები. დღეს კი ამას დაემატა ახალი პრობლემა – როცა ეს ცვლილებები ძალაში შევა, გავრცელდება იმ დაფინასებაზეც, რომელიც პარტიებმა უკვე მიიღეს იურიდიული პირებისგან.  კანონის ამოქმედებიდან 3 დღის ვადაში მათ ეს თანხა შემომწირველს ან უკან უნდა დაუბრუნონ, ან ის სახელმწიფო ბიუჯეტისკენ უნდა მიიმართოს. ჩვენი აზრით, კანონის ეს უკუძალა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, რომელიც ამბობს, რომ თუკი არ ამსუბუქებს კანონმდებლობა პასუხისმგებლობას და ის მხოლოდ ამძიმებს, არ შეიძლება, უკუძალა ჰქონდეს. ანუ, როცა პარტიებმა დაფინასება მიიღეს რამდნეიმე თვის წინ კანონიერი გზით, არ შეიძლება ახლა დავაწიოთ მას ეს კანონი.

კონკრეტულად, ეს შეეხება თუ არა იმ ოთხ პარტიას, რომლებმაც გასული თვეების მანძილზე ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული ორგანიზაციებიდან მიიღეს მილიონობით ლარი?

თუკი მათ მიიღეს იურიდიული პირისგან დაფინასება, როცა კანონი შევა ძალაში, სამი დღის ვადაში მათ ეს თანხა თუ არ დაუბრუნეს შემომწირველს, იგი წავა სახელმწიფო ბიუჯეტში.

თუ გაითვალისწინეს კანონის მიღებისას არასამთავრობოების შენიშვნა პოლიტიკურ პირებთან ”პირდაპირ” და ”არაპირდაპირ” დაკავშირებული პირების განმარტებასთან დაკავშირებით?

ჩვენი შენიშვნა არ ეხებოდა მხოლოდ ამას. კანონის მიხედვით, ყველა ფიზიკური და იურიდიული პირი, რომელიც დაკავშირებულია რომელიმე პოლიტიკურ ორგანიზაციასთან, ან მის მხარდამჭერ განცხადებას აკეთებს, იგივე შეზღუდვის ქვეშ ექცევა დაფინასების კუთხით, როგორც პოლიტიკური პარტია. ჩვენ პარლამენტს შევთავაზეთ ამ მუხლის ისეთი ფორმულირება, რომელიც არ გამოიწვევდა გაუმართლებელ შეზღუდვებს, მაგრამ პარლამენტმა ის არ გაითვალისწინა.

გარდა ამ კანონისა, რატომ მიგაჩნიათ სისხლის სამართლის კოდექსში შემავალი ცვლილება, რომელიც ამომრჩევლის პასუხიმგებლობის საკითხს ეხება?

ეს საკითხი ჩვენ ძალიან პრობლემურად მიგვაჩნია. ამომრჩევლის მოსყიდვისთვის ისჯებოდა ის პოლიტიკური პარტია, რომელიც ამ მოსყიდვას ახორციელებდა, ახლა დაისჯებიან არა მხოლოდ პარტიის წარმომადგენლები, არამედ ამომრჩევლებიც სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთით. კანონის მიხედვით, ძალიან ძნელია იმის განმარტება, რა მოიაზრება ამაში. მოქალაქის მიერ პარტიიდან მცირე ოდენობის საკვების, ან თუნდაც რაიმე სახის მომსახურების მიღების შემთხვევაში, ეს შეიძლება დაკვალიფიცირდეს სისხლის სამართლის დანაშაულად და მოქალაქემ აგოს პასუხი.

პარლამენტმა თქვენი რეკომენდაციებიდან რა გაითვალისწინა?

პოლიტიკური პარტიების დაფინასებისა და სისხლის სამართლის კოდექსთან დაკავშირებულ საკითხთაგან, სამწუხაროდ, არაფერი გაითვალისწინა. მნიშვნელოვანი რეკომენდაციებია გათვალისწინებული საარჩევნო კოდექსის პროექტში. რაოდენობირვად ჩვენი ძალიან ბევრი რეკომენდაციაა გათვალისწინებული. თუმცა ეს არ არის პრინციპულად და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ისეთი საკითხები, როგორიც არის სისტემა, როგორიც არის თანამდებობის პირებისა და საჯარო მოხელეების მონაწილეობა  აგიტაციაში. ანუ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, ის საკითხები არ არის გათვალისწინებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი