ახალი ამბები

პრეზიდენტი ვიზის ლიბერალიზაციის საკითხში ევროპარლამენტის მომხსენებელს შეხვდა

7 ივნისი, 2016 • 1070
პრეზიდენტი ვიზის ლიბერალიზაციის საკითხში ევროპარლამენტის მომხსენებელს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ევროპარლამენტში საქართველოს ვიზის ლიბერალიზაციის საკითხებში ევროპარლამენტის მომხსენებელს, მარია გაბრიელს შეხვდა.

მხარეებს შორის საუბარი საქართველოს სავიზო ლიბერალიზაციის პროცესს, საქართველოში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებს და წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობას შეეხო.

ევროპარლამენტარ მარია გაბრიელის განცხადებით, აღნიშნულ პროცესშის აქართველოს ყველა მოთხოვნა შესრულებული აქვს და პროცესი წინ მიდის.

“ახლა ჩვენ საბოლოოდ ვაყალიბებთ პოზიციებს. ჩემი ანგარიშის პროექტი სრულდება და ძალიან მალე სამოქალაქო თავისუფლებათა, მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეთა კომიტეტში წარვადგენ ჩემს მოხსენებას. მე ყველა სახის ინფორმაცია მივიღე. ჩვენ გვქონდა მოხსენება ევროკომისიიდან, ასევე გვაქვს კარგი თანამშრომლობა საქართველოს საელჩოსთან ბრიუსელში. ვესაუბრე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს. ძალიან კარგი ფონია ჩვენი დიალოგის გასაძლიერებლად. ასე რომ, როდესაც ვსაუბრობთ ვიზაზე, ეს ჩვენი პარტნიორობის მხოლოდ ერთი საფეხურია.

ყველაზე მნიშვნელოვანი კი არის ეს პოლიტიკური დიალოგი, ეკონომიკური და კულტურული თანამშრომლობის გაგრძელება, ამიტომ ჩვენ ამ მომენტისთვის მივიღეთ ძალიან პოზიტიური სიგნალი, ამიტომ ევროპარლამენტი გააკეთებს იმავეს,” – განაცხადა მარია გაბრიელმა.

საქართველოს პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება სტრასბურგში, სადაც პირველი შეხვედრა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან, ტორბიორნ იაგლანდთან გამართა, შემდეგ კი- ევროპის სახალხო პარტიის წარმომადგენლებთან. დღეს გიორგი მარგველაშვილი ბრიუსელში გამართავს შეხვედრებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი