ახალი ამბები

შეფასებები, კომპრომისი, ახალი ინიციატივები საარჩევნო ცვლილებებთან დაკავშირებით

28 დეკემბერი, 2011 • • 1052
შეფასებები, კომპრომისი, ახალი ინიციატივები საარჩევნო ცვლილებებთან დაკავშირებით

საქართველოს პარლამენტმა 27 დეკემბერს რიგგარეშე სხდომაზე ახალი საარჩევნო კოდექსი მესამე მოსმენით საბოლოოდ დაამტკიცა. მას მხარი 111–მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი 2 დეპუტატი იყო. რაც შეეხება “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ”  კანონპროექტს – პარლამენტმა  რიგგარეშე სხდომაზე მეორე მოსმენით განიხილა და დაამტკიცა.

საარჩევნო კოდექსის ცვლილებების თანახმად,  იცვლება პარლამენტში დეპუტატთა  მანდატების განაწილების წესი; (150 დეპუტატი ან პარლამენტში პროპორციული წესით არჩეული 77 დეპუტატი იქნება, 73 – მაჟორიტარი), მორიგი არჩევნები ჩატარდება პარლამენტის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის კალენდარული წლის ოქტომბერში;  მომავალ არჩევნებზე ამ ცვლილებით გარანტირებული იქნება იმ მსჯავრდებულების მიერ ხმის მიცემის უფლება, რომლებიც ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის არიან გასამართლებულნი და მათ არაუმეტეს 5 წლით აქვთ მისჯილი თავისუფლების აღკვეთა; ფრაქციის შექმნა შეეძლება ყველა პარტიას, რომელიც გადალახავს 5%–ან ბარიერს. გადაუნაწილებელი მანდატებისა და პირველ ადგილზე გასული პოლიტიკური ძალის ხარჯზე მოხდება ფრაქციის (6 დეპუტატი) შექმნა, ნაწილობრივ იზღუდება ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება (წინასაარჩევნო აგიტაციისას და კამპანიის ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებისას გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით); წინასაარჩევნო აგიტაცია ეკრძალება სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოს საჯარო მოხელეებს, როდესაც ისინი უშუალოდ ასრულებენ სამსახურებრივ მოვალეობას (სამსახურის დასრულების შემდეგ მათ აგიტაციის უფლება აქვთ).

”მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ” კანონპროექტიდან გამომდინარე, სისხლის სამართლის კოდექსსა და ადმინისტრაციულ სამართლადარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილებების შესახებ 27 დეკემბერს იურიდიულ კომიტეტში კვლავ გაიმართა შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.

შეხვედრაზე გაირკვა, რომ აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებული ცალკეული საკითხები მმართველი პარტიის მხრიდან გათვალისწინებული იქნება.

ეს შეეხება სისხლის სამართლის კოდექსის 1641 მუხლს – “ამომრჩევლის მოსყიდვა”–სთან დაკავშირებულ ცვლილებას, რომლის თანახმადაც, მოსყიდვის ტიპის დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში იურიდიული პირებისა და პოლიტიკური პარტიებისთვის დაწესებული სანქცია ერთნაირი იყო და ეს უკანასკნელი იურიდიული პირის ლიკვიდაციით განისაზღვრებოდა.

კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორის, უმრავლესობის წევრის ჩიორა თაქთაქიშვილის განცხადებით, მომავალი სესიისთვის ეს საკითხი გათვალისწინებული იქნება და   უფრო ლიბერალური გახდება პარტიების სასჯელი, თუკი ისინი ამომრჩეველთა მოსყიდვაში იქნებიან მხილებული. გაიმიჯნება დამოკიდებულება პოლიტიკურ პარტიებსა და იურიდიულ პირებთან დაკავშირებით.

ასევე, იყო შეთანხმება, რომ გარკვეული ზღვარი იქნას მიღწეული, რომლის ფარგლებშიც პოლიტიკურ პარტიებს ექნებათ გარკვეული მატერიალური რესურსების გადაცემის საშუალება ამომრჩევლებისთვის და სხვა მოქალაქეებისთვის, მაგალითად, დღესასწაულების პერიოდში. ზღვარი კონკრეტულ ღონისძიებასთან დაკავშირებით შესაძლოა წლიურად 60 ათასი ლარით, ხოლო  3 ათასი ლარით ყოველ კონკრეტულ ღონისძიებაზე განისაზღვროს.

ცალკეულ საკითხზე მმართველი პარტია შეუვალი იყო. მაგალითად, საჯარო მოხელეების მიერ წინასარჩევნოდ ნაწილობრივ ჩართულობის შესაძლებლობის საკითხზე.

“გამგებლის ან ნებისმიერი პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ წარმოებული წინასაარჩევნო კამპანია რაიმე ფორმით არ შეიძლება დავუკავშიროთ პოლიტიკური კორუფციის იმ კლასიკურ მცნებებს, რომელიც ასახულია კანონპროექტში. სწორედ გამგებელი იმიტომაა იმ თანამდებობაზე არჩეული და დანიშნული პოლიტიკური ორგანოს მიერ, რომ მან აწარმოოს, ერთი მხრივ, სწორედ ის პოლიტიკური კომპონენტი საქმიანობის, რომელიც მას გააჩნია და მეორე მხრივ, აწრმოოს მისი საჯარო უფლებამოსილებები,” – აღნიშნავს თაქთაქიშვილი.

კოალიცია “არჩევნის თავისუფლებისთვის” წარმომადგენელის ირაკლი მელაშვილის შეფასებით კი, ამ კანონპროექტით საჯარო მოხელეებს ბევრად უფრო ნაკლები შეზღუდვები აქვთ დაწესებული პოლიტიკურ კამპანიაში მონაწილეობისთვის, ვიდრე რიგით მოქალაქეებს.

ასევე, არასამთავრობოები მოითხოვდნენ მომხდარიყო განმარტება კანონპროექტში ფორმულირებული ტერმინების – პოლიტიკური მიზანი და რა პერიოდი შეიძლება მიჩნეულიყო ზოგადად ამ უკანასკნელის ნათლად წარმოსაჩენად კანონში. საქმე ეხება სისხლის სამართლის კოდექსის 164 მუხლს – “ამომრჩევლის მოსყიდვა”–ს, სადაც აღნიშნულია, რომ პოლიტიკური პარტიებისთვის დადგენილი შეზღუდვები შეეხება ყველა იმ იურიდიულ და ფიზიკურ პირს, რომელსაც აქვს საქმიანი ურთიერთობა გაცხადებული პოლიტიკური მიზნებისა და ამოცანების მქონე პირებთან.

ჩიორა თაქთაქიშვილის განმარტებით, პოლიტიკური მიზანი არ არის შემოფარგლული მარტო წინასაარჩევნო კამპანიის 60–დღიანი პერიოდით, არამედ ეს შეეხება ერთი არჩევნებიდან მეორემდე არსებულ პერიოდსაც.

“ჩვენი მიზანი გახლდათ, არა მარტო ამ ნაწილში მოგვეხდინა საკითხის ცვლილება, არამედ ნებისმიერ შემთხვევაში უნდა დადგინდეს კანონმდებლობით, რომ მოსყიდვა ამომრჩევლის დასჯადი ქმედებაა. შესაბამისად, განსაზღვრება პოლიტიკური მიზნის სწორედ იმიტომ არის და სწორედ იმიტომ არ არის მარტო დაკავშირებული წინასაარჩევნო კამპანიასთან და აგიტაციასთან, რომ ჩვენ მივიჩნევთ, განვიხილოთ პოლიტიკაში ჯანსაღი ურთიეთობის წესები პარტიებსა და ამომრჩევლებს შორის,” – განაცხადა თაქთაქიშვილმა.

გარდა ამისა,  27 დეკემბრის  სხდომაზე მმართველი პარტიის წევრებიდან  დაისვა ისეთი საკითხებიც, რომლებიც არ ყოფილა განხილული აქამდე არც ოპოზიციისა და არც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.

პირველი ინიციატივის ავტორი მმართველი პარტიის დეპუტატი კობა ხაბაზია, რომელმაც პოლიტიკური პარტიების დაფინანსების გამკაცრებასთან დაკავშირებული კანონმდებლობისათვის უკუძალის მინიჭება ითხოვა. ანუ  ხაბაზი მიიჩნევს, რომ იმ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებმაც იურიდიული პირებისაგან თანხა უკვე მიიღეს, რაც, მისივე თქმით, არჩევნებისთვის არის აკუმულირებული, ამ თანხის გამოყენების საშუალება არ უნდა მიეცეთ. ხაბაზი კოლეგებს იმ მექანიზმების შემუშავებას სთავაზობს, რომლის საფუძველზეც რიგი პოლიტიკური პარტიების ანგარიშებზე გადარიცხული თანხა მათ მფლობელს უკან დაუბრუნდება, ხოლო ეს პარტიები ჯერ კიდევ არმიღებულ ახალ საკანონმდებლო შეზღუდვებს დაექვემდებარებიან.

კობა ხაბაზის ამ მოთხოვნას უმრავლესობისაგან არავინ შეწინააღმდეგებია.

უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი აკაკი მინაშვილი ადასტურებს, რომ აღნიშნული საკანონმდებლო პაკეტისთვის უკუძალის მინიჭება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსთან წინააღმდეგობაში მოვა და აღნიშნავს:

“საუბარია იმაზე, რომ მიმდინარე წლის განმავლობაში პოლიტიკური პარტიების მიერ მიღებულმა შემოსავალმა და მომავალი წლისთვის მიღებულმა შემოსავალმა ჯამში მთლიანი შიდა პროდუქტის 0,2%-ს არ უნდა გადააჭარბოს. თუმცა ამ მიმართულებით საკანონმდებლო ნორმა საბოლოო სახით ჩამოყალიბებული არ არის. ჯერჯერობით არც ისაა დადგენილი, რა სახის სანქცია ამოქმედდება პოლიტიკური პარტიის წინააღმდეგ, თუკი მის მიერ მიმდინარე და მომავალ წელს მიღებული შემოსავლების ჯამი  მშპ-ის 0,2%-ზე მეტი იქნება,” – განაცხადა მინაშვილმა.

მეორე ინიციატივა სხდომაზე მმართველი გუნდის წევრმა ვახტანგ ბალავაძემ დააყენა.

მისი განცხადებით, საარჩევნო ბლოკის შექმნის შემთხვევაში, მასში შემავალი პარტიების მიერ მიღებული შემოსავალიც და ხარჯიც ჯამში არ უნდა აღემატებოდეს მშპ–ს 0,2%-ს. აღნიშნული კი შემდეგნაირად განმარტა:

“სამმა პარტიამ დაიწყო მუშაობა და ცალ–ცალკე დახარჯეს უკვე დადგენილი წესით 46 მილიონზე მეტი. ეგ არ შეიძლება, რომ ბლოკად შეიკრას. ერთ პირს არ უნდა ჰქონდეს საერთო ჯამში 46 მილიონზე მეტის დახარჯვის შესაძლებლობა. მაგალითად, წინასწარ თუ აპირებს გაერთიანებას სამი პარტია და მათ მიეცემათ იმის შესაძლებლობა, რომ თითოეულმა მათგანმა ორმოც–ორმოცი მილიონი დახარჯონ და მერე გაერთიანდნენ, ჯამში გამოვა 120 მილიონი, რაც დაუშვებელია. აქ სამართლიანობის პრინციპია გასათვალისწინებელი,” – განმარტა ბალავაძემ.

“მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” კანონპროექტის მიხედვით, პარტიის მიერ წლის განმავლობაში მიღებული შემოსავალი და ხარჯიც მთლიან შიდა პროდუქტის 0,2%-ს არ უნდა აღემატებოდეს.
ფრაქცია “ქრისტიან–დემოკრატების” ლიდერის გიორგი თარგამაძის განცხადებით, კანონპროექტის იმ ნაწილში, სადაც პარტიის ინიციატივები იქნება გათვალისწინებული და არა ნაუცბათევად მიღებული გადაწყვეტილებები, მხარს დაუჭერს ცვლილებებს.

“ჩვენ მიგვაჩნია, რომ აუცილებელია ქვეყანაში მოქმედებდეს სპეციალური კომისია, რომელიც ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებაზე მოახდენს ოპერატიულ რეაგირებას. ეს იყო “რვიანის” მიერ ფორმულირებული საკითხი თავის დროზე. ჩვენ ასევე ვიმსჯელეთ, რომ მედიამონიტორინგი განხორციელებულიყო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე და ეს ცვლილებაც მიღებულია. იგივე იყო მცდელობა, რომ ძალიან უხეში ფორმებით ჩადებულიყო დებულებები პოლიტიკური აგიტაციის დროს გაცემული ფასეულობების კონტროლის კუთხით და შევთანხმდით, რომ ეს განისაზღვრება გარკვეული ზღვრით, წელიწადში 60 ათასი ლარის ოდენობით, რაც, მე ვფიქრობ, ამ შემთხვევაში სწორი გამოსავალია,” – განუცხადა “ნეტგაზეთს” თარგამაძემ.

პარლამენტი 28 დეკემბერს  “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ” კანონპროექტიდან გამომდინარე სისხლის სამართლის კოდექსსა და ადმინისტრაციულ სამართლადარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტის განხილვას მე-3 მოსმენით გააგრძელებს  და ამით მისი მიღების პროცედურა დასრულდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი