ახალი ამბები

ბერძენიშვილი: ვიზის ლიბერალიზაციის პროცესი ფერხდება

6 ივნისი, 2016 • 1913
ბერძენიშვილი: ვიზის ლიბერალიზაციის პროცესი ფერხდება

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან ბერძენიშვილი ამბობს, რომ  ვიზების ლიბერალიზაციის პროცესი შეფერხდა. მისივე მტკიცებით, ეს საქართველოს ხელისუფლების ბრალი არაა:

“მე დიდად ბედნიერი არ ვარ, რომ მაქვს საშუალება, 100%-ით დავამტკიცო ის, რომ ჩვენ არაფერ შუაში ვართ.  ქართული მხარე, მათ შორის ქართველი დამნაშავეები, ვინც ახსენა გერმანიის მინისტრმა, არავითარ შუაში  არ არიან ამ პროცესთან. პროცესის სხვა თვალსაზრისით ფერხდება და ფერხდება არა მარტო საქართველოსთვის.  გერმანიის შსს თურმე წინააღმდეგია და საფრანგეთის შსს წინააღმდეგია, ისინი წინააღმდეგნი იყვნენ ორი თვის წინაც, როდესაც კომისიამ გააკეთა განცხადება დეკემბერში. შს მინისტრმა მაშინაც თქვა, არ ვარ თანახმაო, მაგრამ ყველამ იფიქრა, მაგას ვინ კითხავსო. გაირკვა, რომ თურმე ეს ასე არ არის. არ არის პატარა ამბავი, რომ ყველა დეტალი, პროცედურა თავიდან ბოლომდე ჩვენ საინფორმაციო თვალსაზრისით გააზრებული არ გვქონდა, ამიტომ მივდიოდით კარგად და არ ველოდებით შეფერხებას.”

დავუსვით კითხვა ბევრ სპეციალისტს, გვითხრეს, რომ 65%-იანი მხარდაჭრა სჭირდება და სხვა… როგორც ვხედავთ, სჭირდება 28 ქვეყნის სრული თანხმობა, რაც არ გვაქვს და რაზეც ყოველთვის გვქონდა ეჭვი, რომ არ გვექნებოდა.  ეს რომ გვცოდნოდა, არაფერს შეცვლიდა, უბრალოდ, ჩვენ არ შევქმნიდით ამ განწყობას, რომ აი, ახლა, დღეს და ხვალ გვექნება ვიზების ლიბერალიზაცია.

ბერძენიშვილის განცხადებით, კრიმინალს არ აქვს სამშობლო და კრიმინალი ეროვნული პრობლემა არ არის:

“კრიმინალებზე ლაპარაკი უხერხულია ყველასგან, მათ შორის იმ ქვეყნისგან, რომელმაც კაცობრიობის ისტორიაში კრიმინალობით ჩემპიონობა მოიპოვა, მაგრამ საკუთარ თავში იპოვა ძალა, დაგმო და გაძლიერდა. ახლა ქართველებს ისეთი არაფერი ჩაგვიდენია, რომ ასეთი უბედურება გვჭირდეს. არაფერ შუაში არიან ჩვენი დამნაშავეები. გასაგებია, რომ კარგი ხალხი არაა და არავინ აქებს, მაგრამ თუ ვინმეს ჰგონია, რომ თავისუფალი ვიზა არ ექნება საქართველოს და ამის გამო ქართველი ქურდები თბილისში გაჩერდებიან და ბერლინის ცას არ მიმოიხილავენ, არ დაიჯეროთ. ეს არ არის ეროვნული პრობლემა, ეს არის საერთაშორისო პრობლემა. ისე გამოვიდა, რომ ქართველების ბრალია, რომ დავიბადეთ და არ ვართ კარგი ხალხი. ცოტა არ იყოს, გული მატკინა გერმანელმა მინისტრმა, მაგრამ ჩვენს მინისტრებს ისეთი რამეები აქვთ ნათქვამი ხანდახან, რომ გადავიტანთ.”

მისივე თქმით, საქართველო აუცილებლად მიიღებს ვიზების ლიბერალიზაციას:

“საქართველო აუცილებლად მიიღებს გამარტივებული წესით ვიზალიბერალიზაციას. უბრალოდ, ეს მოხდება ალბათ მას შემდეგ, რაც დაამტკიცებენ იმ კანონს, რომლითაც უვიზო მიმოსვლის  შეზღუდვა იოლი იქნება. მე ვფიქრობ, რომ არ არის პატიოსანი და სამართლიანი ვითარება, მაგრამ ამის გამო ხელებს ვერ ჩამოვყრით, ევროპის გინებას ვერ დავიწყებ და პუტინს ვერ შევაქებ, თუ გინდა მაჩუქოს რუსული ვიზა, მაინც ევროპული გვინდა.”

“5 ივნისს გერმანულმა გამოცემამ Die Welt სტატია გამოაქვეყნა საქართველოსთვის ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შემოღების საკითხზე, რომელშიც აღნიშნულია, რომ გერმანიაში ამ საკითხისადმი წინააღმდეგობა იზრდება, რადგან ფედერალურ მთავრობას არ სურს გერმანიაში ორგანიზებული კრიმინალის ზრდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი