ახალი ამბები

პრემიერი უახლოესი წარსულის “ყველაზე ამბიციურ” ინფრასტრუქტურულ გეგმას აანონსებს

6 ივნისი, 2016 • 1225
პრემიერი უახლოესი წარსულის “ყველაზე ამბიციურ” ინფრასტრუქტურულ გეგმას აანონსებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის 6 ივნისის სხდომაზე განაცხადა, რომ მთავრობა მუშაობს მომავალი ინფრასტრუქტურული განვითარების სამოქმედო გეგმის შემუშავებაზე, რომელიც “ძალიან ამბიციურია”.

“4 წლის განმავლობაში ჩვენ ვაპირებთ იმდენი სამუშაოს შესრულებას, რამდენიც ფაქტორივად გასული ათწლეულების განმავლობაში არ შესრულებულა საქართველოში. ეს არ არის გადაჭარბებული მოლოდინები. ეს არის აბსოლუტურად კონკრეტულ მაჩვენებლებზე დაყრდნობით და კონკრეტულ პოტენციალზე დაყრდნობით გათვლილი გეგმა. სულ უახლოეს მომავალში ჩვენ წარმოვადგენთ ამ სამოქმედო გეგმის პრეზენტაციას. ეს გეგმა ითვალისწინებს როგორც მთავარი ინფრასტრუქტურული არტერიების განვითარებას და მშენებლობას, ასევე, ტურისტულ ინფრაქტრუქტურასთან მისასვლელი გზების განვითარებას, რაც სრულიად ახალ სუნთქვას მიანიჭებს ჩვენს ტურისტულ სექტორს, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოში, როგორც ქალაქებში, ასევე სოფლებში მაცხოვრებელ ადამაინებს გაუჩნდებათ უფრო მეტი შემოსავალი და მათ ექნებათ საშუალება მიიღონ ურო მეტი სტუმარი. ეს ნიშნავს უფრო მეტ დახარჯულ ფულს საქართველოში, უფრო მეტ მოთხოვნას ჩვენს აგრაგრულ პროდუქციაზე და არა მხოლოდ. ეს ნიშნავს ჩვენი შიდა პროდუქტის ძლიან მნიშვნელოვან ზრდას,”- განაცხადა პრემიერმა.

პრემიერის განცხადებით, კონკრეტულ პროექტს ეყოლება კონკრეტული მენეჯერი და პასუხისმგებელი ადამიანი. მან მინისტრის კაბინეტის წევრებს მიმართა, რომ გეგმის წარმოდგენის შემდეგ დიდი შთაბეჭდილება დარჩებათ:

“ნამდვილად დიდი შთაბეჭდილება დაგრჩებათ ყველა თქვენგანს იმიტომ, რომ ეს არის ყველაზე ამბიციური გეგემა, რაც კი ჩვენ უახლოესი წარსულის განმავლობაში გვინახავს,”- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მან მთავრობის სხდომაზე ასევე ისაუბრა მთათუშეთისა და ვარძიის განვითარების გეგმებზე, რომლებიც ამ ინფრასტრუქტურული გეგმების ნაწილი იქნება. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ვარძიის პროექტის თანადამფინანსებელი ფონდი “ქართუ”იქნება:

“ეკონომიკის სამინისტროში გავაკეთეთ ვარძია-ხერთვისის მთლიანი ეკონომიკური დაგეგმარება იმისათვის, რომ კულტურული მემკვიდრეობები იქნას დაცული ამ ტერიტორიაზე და მომავალი განვითარება მოხდეს კანონზომიერად, რათა არ იქნას დარღვეული კულტურული ლანდშაფტი და შემონახული იქნას პირვანდელი სახით.

ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ვარძიის კომპლექსის 4-წლიანი შენახვა-განვითარების გეგმა, რომელსაც კულტურის სამინისტრო ახორციელებს ფონდ “ქართუსთან” ერთად. ვარძიის კომპლექსის მთლიანად სამეცნიერო დონეზე, საერთაშორისო დონეზე, საერთაშორისო ექსპერტების ჩართვით გეგმის შემუშავება ხდება და ამ გეგმის მიხედვით ნაბიჯ-ნაბიჯ მოხდება იმ აუცილებელი ინფრაქტრუქტურის განვითარება, რომელიც ვარძიის კომპლექსს დაიცავს როგორც ბუნებრივი კატაკლიზმებისგან, ასევე, მისი განვითარების დროში გაწერილ გეგმას შეიმუშავებს. ეს მისასალმებელია და კულტურის სამინისტროს მინდა მადლობა გადავუხადო იმ ძალიან მნიშვნელოვანი გეგმისთვის და, რა თქმა უნდა, ფონდ “ქართუს”. ჩვენი ერთობლივი დაფინანსებით ხორცილედება ეს პროექტი.

ასევე ვგეგმავთ, რომ მთათუშეთის სტრატეგიული განვითარების პროექტი შევიმუშაოთ, რომელსაც გააჩნია მრავალმხრივი დანიშნულება როგორც უსაფრთხოების კუთხით, ასევე ეთნოკულტურის შენარჩუნების კუთხით, ასევე ტურიზმის განვითარების კუთხით, სოციალური კუთხით იქ მაცხოვრებელი ადამიანებისთვის, რომლებიც ნამდვილად გმირები არიან, დღეს იქ რჩებიან და ინახავენ ამ ჩვენს ისტორიულ მიწა-წყალს. ჩვენი ვალია, რომ ამ მხარეს განსაკუთრებით მივხედოთ,”- განაცხადა პრემიერმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი