მორიგი მცდელობა კანონმდებლობიდან “გენდერული იდენტობის” და “სექსუალური ორიენტაციის” ამოსაღებად

“დემოგრაფიული განვითარების ფონდის” დირექტორმა,  ზვიად ტომარაძემ პარლამენტს საკანონმდებლო წინადადებით მიმართა, რომლის თანახმად, ანტიდისკრიმინაციული კანონიდან ტერმინები – “სექსუალური ორიენტაცია” და გენდერული იდენტობა” უნდა ამოიღონ.

ზვიად ტომარაძის საკანონმდებლო წინადადება ცვლილებების შეტანას ითვალისწინებს “დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონში, ასევე, სისხლის სამართლის და შრომის კოდექსში.

“2014 წლის 2 მაისს საქართველოს პარლამენტმა, მიუხედავად საზოგადოების დიდი ნაწილის და საქართველოს საპატრიარქოს წინააღმდეგობისა, მიიღო ანტიდისკრიმინაციული კანონი და ცვლილებები შეიტანა სისხლის სამართლის კოდექსში. საკანონმდებლო სივრცეში სექსუალური ორიენტაციის და გენდერული ინდენტობის ასახვით დაირღვა ზნეობრივი ნორმები. საქართველოს კონსტიტუცია ისედაც იცავს ყველა მოქალაქის თანაბარუფლებიანობას. ასეთი სამართლებრივი მიდგომა არა თუ არ იცავს, არამედ დამანგრეველია ოჯახისა და საზოგადოების მორალისთვის. დისკრიმინაციისგან დაცვის საბაბით ხდება იმ ადამიანების დისკრიმინაცია, ვინც პატივს სცემს ტრადიციულ მორალსა და ოჯახურ ფასეულობებს,”- წერია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

ამ საკანონმდებლო წინადადებას დღეს, 6 ივნისს,  16:00 საათზე ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი განიხილავს.

2015 წლის 16 სექტემბერს იმავე ინიციატივით  “ქართული ოცნების” წევრი სოსო ჯაჭვლიანი გამოვიდა, თუმცა მისი განცხადება განცხადებად დარჩა.

პარლამენტმა კანონპროექტი “დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ” და მისგან გამომდინარე კანონპროექტები 2014 წლის 2 მაისს 115 ხმით არც ერთის წინააღმდეგ მიიღო.

კანონის თანახმად, პირდაპირ იკრძალება ნებისმიერი ნიშნით დისკრიმიანცია, მათ შორის ისეთი, როგორიცაა ასაკი, ჯანმართელობის მდგომარეობა, შეზღუდული შესაძლებლობები, სექსუალური ორიენტაცია, გენდერული იდენტობა, პროფესია. კანონპროექტში მოცემულია დისკრიმინაციის სამართლებრივი დეფინიცია, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი იქნება დისკრიმინაციის კონკრეტული შემთხვევის იდენტიფიკაცია.

არასამთავრობო ორგანიზაციები აღნიშნულ კანონპროექტს არაეფექტურად მიიჩნევენ, რადგან კანონპროექტის თავდაპირველი ვერსიისგან განსხვავებით, ინიცირებულ ვარიანტში საუბარი აღარ არის სპეციალური ინსპექტორის ინსტიტუტის შექმნაზე, რომელსაც მოქალაქეების დაჯარიმება შეეძლებოდა.

ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობა ევროკავშირსა და საქართველოს შორის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ერთ–ერთი ნაწილია.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გივი ავალიანი არის ნეტგაზეთის საპარლამენტო კორესპონდენტი.