ნეტგაზეთი | მღვდელი და მისი მრევლი როკ-ფესტივალის წინააღმდეგ თბილისში [ვიდეო] მღვდელი და მისი მრევლი როკ-ფესტივალის წინააღმდეგ თბილისში [ვიდეო] – Netgazeti
RU | GE  

მღვდელი და მისი მრევლი როკ-ფესტივალის წინააღმდეგ თბილისში [ვიდეო]

პოლიციის ჩარევის მიუხედავად, თბილისში როკ-ფესტივალი ჩაიშალა მართლმადიდებელი მღვდლისა და მისი მრევლის ძალისხმევით, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ფესტივალისთვის გამოყოფილი ზაჰესის ტერმინალის ტერიტორია “წმინდა ადგილია”, რადგან ის სასაფლაოსა და მონასტერს შორის მდებარეობს. ამ დრომდე უცნობია, თუ დღეს სად გაგრძელდება ფესტივალი მაშინ, როცა მთავარი მონაწილე ბენდი “ტიამატი” შვედეთიდან თბილისში უკვე ჩამოფრინდა. საპატრიარქოში მიიჩნევენ, რომ სასულიერო პირის მოთხოვნა კონსტიტუციური იყო და მერიას ამ ადგილზე ამგვარი ფესტივალის ჩატარების ნებართვა არ უნდა გაეცა.

დღეს დილიდან ზაჰესის ტერმინალის ტერიტორიაზე Tbilisi JamFest 2016-ისთვის მოწყობილი სცენა აღებულია და გატანილია შესაბამისი ტექნიკაც. საქმე ის არის, რომ გუშინ, 4 ივნისს, 16:00 საათზე იქ გაიხსნა როკ-ფესტივალი. ფესტივალის გახსნიდან დაახლოებით 2 საათში ადგილზე მივიდა ქეთევან წამებულის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, მღვდელი გიორგი რაზმაძე, პანტანასას ღვთისმშობლის დედათა მონასტრის და მრევლის წარმომადგენლები, ზაჰესის დასახლების რამდენიმე მცხოვრები. ისინი კატეგორიულად მოითხოვდნენ, რომ არ ჩაეტარებინათ აღნიშნულ ტერიტორიაზე ფესტივალი.

თვითმხილველებმა ნეტგაზეთთან საუბარში განაცხადეს, რომ მღვდელი გიორგი რაზმაძე პირადად მოუწოდებდა ზაჰესის დასახლებაში მცხოვრებ მოსახლეობას, გაეპროტესტებინათ ფესტივალის ჩატარება, რადგან მისი თქმით, კონცერტზე “სატანისტური ჯგუფები” იყვნენ შეკრებილი და შეურაცხყოფდნენ სასაფლაოს, რომელიც ტერმინალის ტერიტორიის მახლობლად მდებარეობს.

ფესტივალის ორგანიზატორების თქმით, მართალია, ზაჰესის ტერმინალის დაცვამ არ შეუშვა ფესტივალის ტერიტორიაზე აგრესიულად განწყობილი რელიგიური ჯგუფი, თუმცა საბოლოოდ ვეღარც ფესტივალის გაგრძელება მოხერხდა.

“ისინი ორგიების მოწყობაში გვადანაშაულებდნენ და ამბობდნენ, რომ ამის უფლებას არ მოგცემენ. ამის შემდეგ შუქიც ჩაქრა,” – უთხრა “ნეტგაზეთს” ფესტივალის ორგანიზატორმა ვლად უნანიანცმა.

“ენერგო პრო ჯორჯიას”, რომელიც ამარაგებს ზაჰესის ტერმინალის ტერიტორიას ელექტროენერგიით, არ შეუწყვეტია ელექტროენერგიის მიწოდება. უნანიანცი ვარაუდობს, რომ ეს უშუალოდ ტერმინალის ხელმძღვანელობამ განახორციელა.

ტერმინალ “ზაჰესის” დირექტორი, ზაზა გუგავა “ნეტგაზეთთან” საუბარში ამბობს, რომ ტერიტორიაზე გადამცემი კაბელი დაზიანდა და შუქიც ამიტომ გაითიშა:

“თავიდან ჩვენც მთლიანი გათიშვა გვეგონა. გვიან ღამით, ტერიტორიის დათვალიერების შემდეგ აღმოვაჩინეთ, რომ კაბელი, რომელიც მიწაზე გადიოდა, იყო დაზიანებული. ზემოდან იყო, სავარაუდოდ, გადავლილი. ჩვენმა ენერგეტიკოსმა იპოვა შემდეგ ეს კაბელი. ალბათ არეულობის დროს დაზიანდა და ამიტომ მოკლე ჩართვა მოხდა,” – ამბობს გუგავა.

ფესტივალის ერთ-ერთი დამფუძნებელი ერნსტ ხეჩუმოვი “ნეტგაზეთთან” საუბარში ამბობს, რომ ელექტროენერგიის გათიშვის შემთხვევაშიც კი, წინასწარ იყო შეთანხმება ზაჰესის ტერმინალის ხელმძღვანელობასთან, რომ ფესტივალი შეფერხების გარეშე, გენერატორის გამოყენებით უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა ფესტივალი მაინც აღარ გაგრძელდა, რადგან უნანიანცის თქმით, ტერმინალის ადმინისტრაციამ გენერატორის ჩართვაზე უარი განაცხადა იმ მოტივით, რომ დატვირთვას ვერ გაუძლებდა.

ამას გარდა, ხეჩუმოვის თქმით, უსაფრთხო გარემოს შექმნა პოლიციამ ვერ უზრუნველყო, რომელიც ადგილზე ინციდენტის დაწყებიდან მალევე მივიდა. როგორც ხეჩუმოვი აცხადებს, ადგილზე არა მხოლოდ საპატრულო პოლიციის, არამედ სუს-ის თანამშრომლებიც იყვნენ, რადგან ფესტივალს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, თუმცა, ხეჩუმოვის თქმით, მათ ვერ შეძლეს უსაფრთხო გარემოს შექმნა და ორგანიზატორებს ურჩიეს შეეჩერებინათ ფესტივალი.

შსს-ში აცხადებენ, რომ პატრულის თანამშრომლებმა მოლაპარაკებები მშვიდ ვითარებაში წარმართეს და თავიდან აიცილეს ფიზიკური დაპირისპირების საფრთხე. ფესტივალის გაგრძელება, მათი თქმით, უსაფრთხო იქნებოდა:

“სასულიერო პირის გამოჩენის წუთიდან პატრულის თანამშრომლები ადგილზე იყვნენ. მამაოს წასვლის შემდეგ იყო უსაფრთხო გარემო. ჩვენი ეკიპაჟები ყველაფერს აკეთებდნენ იმისათვის, რომ ფესტივალი გაგრძელებულიყო. ჩვენ ავიცილეთ თავიდან კონფლიქტი და რაიმე სახის დაპირისპირება,” – აცხადებენ შსს-ს პრესსამსახურში.

“ნეტგაზეთი” გუშინ საღამოს შეეცადა მღვდელ გიორგი რაზმაძესთან გასაუბრებას, თუმცა მასთან სახლში მისულებს გვითხრეს, რომ შინ არ იმყოფებოდა. ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ისთვის მიცემულ ინტერვიუში მან განმარტა, თუ რატომ ეწინააღმდეგებოდა ფესტივალის გამართვას:

“კონცერტის გამართვა პრობლემა არ არის, უბრალოდ, არსებობს ადგილები ამისთვის. ეს იყო სასაფლაოსა და მონასტერს შორის არსებული ტერიტორია, რომელიც ადამიანებისთვის არის წმინდა ადგილი და მათ შეურაცხყოფას არავინ აპატიებთ. იყო შემთხვევები, ჩვენი თვალით ვნახეთ, ზოგი შარდავდა, ზოგი ერთმანეთს ეხვეოდა, კოცნიდა სასაფლაოს ტერიტორიაზე”.

“ნეტგაზეთი” დაუკავშირდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის მდივანს, მიქაელ ბოტკოველს, რომლის თქმით, სასულიერო პირმა გამოიყენა მისი კონსტიტუციური უფლება, როცა საღამოს ლოცვის დროს ეკლესიასთან ახლოს როკ-ფესტივალის მიმდინარეობა გააპროტესტა. მისი თქმით, თბილისის მერია ასეთი ტიპის ღონისძიებების ლოკაციას უნდა ათანხმებდეს საპატრიარქოსთან.

“შეიძლება, რომ მონასტის გვერდით, შაბათ საღამოს, მაშინ, როდესაც წირვა მიმდინარეობს, ასეთი დამანგრეველი მუსიკა ისმოდეს?! ჩვენ ამ საკითხებთან დაკავშირებით ქალაქის მერიას დაველაპარაკებით, თუ რაღაც გაუგებრობას ჰქონდა ადგილი. თუ სხვა აღმსარებლობის ადამიანებს ხელი არ უნდა შევუშალოთ და ყველანაირი კომფორტი უნდა შევუქმნათ, მართლმადიდებლებისათვის შეიძლება ხელის შეშლა, როდესაც ტაძარში მსახურება მიმდინარეობს?!

ამ მუსიკას ისეთი გამაძლიერებელები სჭირდება, რომ ალბათ მთელ ზაჰესში ისმოდა ეს ხმა. ტაძრის სიახლოვეს რომ ასეთ მუსიკას ჩართავ, არ უნდა ჰქონდეთ სამართლიანი პროტესტი ამასთან დაკავშირებით?! პროტესტი იყო სრულიად სამართლიანი”, – განაცხადა მიქაელ ბოტკოველმა.


მოვლენების ამსახველი ფოტო ფესტივალის ერთ-ერთი სტუმარი ბენდის, ჯინჯერის ფეისბუკიდან.

ფესტივალის ჩატარებისათვის საჭირო ლიცენზია ორგანიზატორებმა თბილისის მერიისაგან მიიღეს და მათი მხარდაჭერით იმართება. JAM Events-ის ორგანიზებული ფესტივალი 2007 წლიდან ყოველწლიურად ეწყობა ფესტივალის ფარგლებში იმართება მუსიკალური ორთაბრძოლა – WACKEN METAL BATTLE, რომლის გამარჯვებულიც გერმანიაში, საერთაშორისო მეტალ-ფესტივალზე, Wacken Open Air-ზე მიემგზავრება. ფესტივალის სლოგანია “არა ძალადობას”.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი