ახალი ამბები

თამარ სანიკიძე მიიჩნევს, რომ მისი დათხოვნა გონივრული გადაწყვეტილებაა

3 ივნისი, 2016 • 3059
თამარ სანიკიძე მიიჩნევს, რომ მისი დათხოვნა გონივრული გადაწყვეტილებაა

განათლებისა და მეცნიერების ყოფილმა მინისტრმა თამარ სანიკიძემ განაცხადა, რომ გადაწყვეტილება მისი დათხოვნის შესახებ “ლოგიკური, მარტივი და არგუმენტირებული” იყო. იგი პრემიერ-მინისტრმა დღეს თანამდებობიდან დაითხოვა.

“იწურება 4 წელი განათლების სისტემაში განხორციელებული რეფორმების ფონზე და მნიშვნელოვანია, რომ ეს რეფორმები შეფასდეს და შემდეგი ოთხი წელი დაიგეგმოს. აქედან გამომდინარე ძალიან უპრიანია, რომ დამოუკიდებელი თვალით იქნეს დანახული და შეფასებული ის შედეგები, რომლებიც  ამ 3-4 წლის განმავლობაში მოხდა. ეს არის მნიშვნელოვანი ეტაპი სისტემის განვითარების სტრატეგიული მიმართულებით. ეს, ვფიქრობ, რომ გონივრული გადაწყვეტილებაა. რესურსი იმისა, რომ გადავაბაროთ ეს პაკეტი ახალ მინისტრს და მასთან ერთად ვიმუშაოთ იმისათვოს, რომ სწორად მოხდეს სისტემის დანახვა. ჩვენ ამაზე ვისაუბრეთ და მივიღეთ გადაწყვეტილება”, – განაცხადა სანიკიძემ 3 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე. 

მისი თქმით,  საკადრო ცვლილება განათლების სისტემაში რადიკალურ ცვლიელებს არ ნიშნავს.

” ეს არის იმისთვის, რომ სისტემის განვითარება დაიგეგმოს სწორად. დაიგეგმოს იმ ადამიანის მიერ, ვისაც აქვს ხედვები, თუ შემდგომ როგორ შეიძლება სისტემის განვითარება. ”

კითხვაზე, თუ სად გააგრძელებს საქმიანობას, ყოფილი მინისტრი ამბობს, რომ ამას მოგვიანებით უპასუხებს და ჯერ სამინისტროს გადაბარების პროცესი უნდა დასრულდეს.

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თამარ სანიკიძის თანამდებობიდან დათხოვნის შესახებ 3 ივნისს მოულოდნელად განაცხადა. დღესვე  ამ თანამდებობაზე ალექსანდრე ჯეჯელავა წარადგინა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი