ახალი ამბებისაზოგადოება

ლგბტი თემი სომხეთში ნელ-ნელა ხილვადი ხდება – ინტერვიუ ნვარდ მარგარიანთან

3 ივნისი, 2016 • 1852
ლგბტი თემი სომხეთში ნელ-ნელა ხილვადი ხდება – ინტერვიუ ნვარდ მარგარიანთან

რამდენად ხილვადია ლგბტი თემი, როგორ ებრძვიან ჰომო-ბი-ტრანსფობიას , როგორი დამოკიდებულება აქვთ ლგბტი თემის მიმართ მედიას, ეკლესიასა და სახელწმიფოს, ამ საკითხებზე “ნეტგაზეთი” ლგბტი აქტივისტს, არასამთავრობო ორგანიზაცია PInk Armenia-ს პრეზიდენტ ნვარდ მარგარიანს ესაუბრა.   

ნვარდ მარგარიანი: მედია არის ჰომოფობიის გავრცელების მთავარი წყარო. როგორც კვლევამ აჩვენა, სწორედ მედიისგან იღებენ მოქალაქეები ლგბტი საკითხებზე ინფორმაციას. ძირითადად ახალი ამბების გაშუქებისას, ასევე, გასართობი ტელეშოუების საშუალებით. ამის გამო ვმუშაობთ იმაზე, რომ მედიამ შეცვალოს სიძულვილის ენა, რომელსაც იყენებენ ახალი ამბების გაშუქებისას.

მზადაა მედია ცვლილებისთვის?

მედია იცვლება, ამის პრაქტიკა გარკვეულწილად უკვე არსებობს. თუ შევადარებთ ხუთი წლის წინანდელ სურათს, მედია ლგბტი ადამიანების აღსანიშნავად იყენებდა სიტყვას “მამათმავლები”, ახლა ისინი იყენებენ სიტყვას ლგბტ და განმარტავენ კიდეც ამ აბრევიატურას. ეს უკვე წინ გადადგმული ნაბიჯია.

რამდენად არის შესაძლებელი მთავრობასთან კომუნიკაცია ცვლილებების განსახორიცელებლად?

სომხეთის მთავრობა ნაწილობრივ ავტორიტარულია. მმართველი რესპუბლიკური პარტია არის მთავრობაში, არის ყველგან. ისინი კონსერვატორები არიან. მათი რეჟიმი საკმაოდ ჰომოფობიურია და ხელს უწყობენ ჰომოფობიის ზრდას. დისკუსიებში ხშირად იყებენენ ჰომოფობიურ ტერმინებს.

ჩვენ ვცდილობთ ხმა მივაწვდინოთ მათ, მაგრამ ეს შეუძლებელია, ამიტომ შემოვლით გზებს ვიყენებთ – საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების გავლით ვესაუბრებით მთავრობას.

ეს  ორგანიზაციები თუ ახდენენ გავლენას მთავრობაზე?

ისინი ახდენენ გავლენას, რადგან ფულის მთავარი მომწოდებლები არიან. ევროსაბჭოს, ევროკავშირს, გაეროს სომხეთში პროექტებისთვის გათვალისწინებული აქვთ ბიუჯეტი.

თუმცა მათ გარკვეულწილად აფრთხობთ ლგბტი საკითხებზე საუბარი, რადგან არ უნდათ, რომ მოსახლეობის პროვოცირება მოახდინონ.

მოსახლეობაში არის მოსაზრება, რომ ლგბტი საკითხები ისედაც დასავლეთიდან მხარდაჭერილი ღირებულებებია. ამის გამო ხანდახან უფრთხიან ამ საკითხების ადვოკატირებას, თუმცა გვეხმარებიან კიდეც.

ხედვა, რომ ჰომოსექსუალობა, ლგბტი საკითხები დასავლური პროპაგანდის ნაწილია, პრორუსულ ძალებთან დაკავშირებულია სომხეთში?

“დასავლური პროპაგანდა” –  ეს ნარატივი დაკავშირებულია რუსეთთან, ჩვენთან ხშირად იყენებენ სიტყვებს “გეიროპა”, “პერვერტი ევროპა”, რაც ახალი ფენომენია, რომელსაც კრემლი დიდად უჭერს მხარს.

ამგვარ რიტორიკას თავად რუსეთის ოფიციალური პირებიც იყენებენ – კრემლის პრესსპიკერმა კისილიოვმა სომხეთში სტუმრობისას პირდაპირ თქვა, რომ ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია რუსეთისა და სომხეთის ძმობის მოწინააღმდეგეები არიან და უნდა დაიხურონ. ეს რუსეთის ოფიციალურად გამოხატული პოლიტიკაა.

ჰომოფობიური ენა რუსეთიდან მოდის, იქ იბადება და შემდეგ გადმოთარგმნიან ხოლმე სომხეთში.

სამღვდელოება მხარს უჭერს ჰომოფობებს?

კი, უჭერს. 2013 წელს ულტრანაციონალისტურმა დაჯგუფებამ დაიწყო თავდასხმა გენდერული თანასწორობის კანონზე. აპელირებდნენ იმაზე, რომ გენდერული თანასწორობა არის პერვერსიის დაკანონება. მათ მოაწყვეს მსვლელობა ერევანში სიტყვა გენდერის წინააღმდეგ. აქციას სწორედ მღვდლები მიუძღოდნენ.

ამის გარდა, სხვადასხვა პრესკონფერენციაზე საჯაროდ აკეთებენ ჰომოფობიურ გამონათქვემებს, ყოველთვის ამბობენ, რომ ჰომოსექსუალობა მომაკვდინებელი ცოდვაა, რადგან ქრისტიანობის ეწინააღმდეგება.

რამდენად დიდია სამღვდელოების გავლენა მთავრობაზე?

კონსტიტუციის მიხედვით, სომხეთი სეკულარული სახელმწიფოა, თუმცა, იმავე კონსტიტუციით, მას განკუთვნილი აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა. ზოგ შემთხვევაში სახელმწიფოსა და ეკლესიის მიზნებს შორის არის დაპირისპირებაა და ამ დროს ეკლესია იმარჯვებს.

მაგალითად, რამდენიმე წლის წინ მთავრობამ გადაწყვიტა, რომ გაეუქმებინა ბავშვთა სახლები და დაიწყო მინდობით აღზრდის პროგრამის განხორციელება. თავშესაფრების დახურვიდან 2 წლის შემდეგ, როდესაც მინდობით აღზრდის პროგრამა წარმატებით მიმდინარეობდა, ეკლესიამ ბავშვთა სახლი გახსნა.

ცხადია, ეს წინააღმდეგობრიობაა – სახელმწიფო, ერთი მხრივ, ზრუნავს დიდი ზომის თავშესაფრებზე, თუმცა, მეორე მხრივ, ეკლესია აარსებს ახალ თავშესაფრებს. ეკლესია იმარჯვებს.

ამჟამად მიმდინარეობს ანტიდისკრიმინაციულ კანონპროექტზე მუშაობა, რას გვეტყვით ამ პროცესზე?

ანტიდისკრიმინაციული კანონი პარლამენტისთვის ჯერ არ მიუწოდებიათ. საჯარო სექტორმა მოამზადა კანონპროექტის სამუშაო ვერსია, ის ჯერ უნდა განიხილოს სომხეთის იუსტიციის მინისტრმა.

კანონპროექტის სამუშაო ვერსიაში, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებმა შეადგინეს, წერია, რომ გენდერული იდენტობა და სექსუალური ორიენტაცია არიან დაცული დისკრიმინაციისგან, მაგრამ არ ვართ დარწმუნებული, დატოვებს თუ არა ამ ჩანაწერს იუსტიციის მინისტრი კანონპროექტის სამუშაო ვერსიაში და ასე გაუგზავნის თუ არა პარლამენტს, რადგან სომეხთა სამოციქულო ეკლესია ძალიან არის ჩართული კანონპროექტზე მუშაობის პროცესში.

დაბოლოს, რამდენად ხილვადია ლგბტი თემი სომხეთში?

თემი ნელ-ნელა ხდება ხილვადი. თუ შევადარებთ წლების წინანდელ მდგომარეობას, ახლა უფრო მეტად აცხადებენ საკუთარი სექსუალური ორიენტაციის შესახებ თავისი ოჯახის წევრებთან, უფრო მეტად არიან დაინტერესებული ლგბტი საკითხების შესახებ, გაიზარდა ჩართულობა თემში, აწყობენ სხვადასხვაგვარ აქციებს.

ყველაზე დიდი პრობლემა არის ოჯახის წევრების მიმღებლობა – ხშირ შემთხვევაში, როდესაც ოჯახი იგებს თემის წევრების ორიენტაციის შესახებ, აიძულებენ დატოვონ სახლი და წყვეტენ მათთან ყველანაირ ურთიერთობებს.

მძაფრია ჰომოფობიური განწყობები საგანმანათლებლო დაწესებულებებში, უნივერსიტეტებში. ასევე დიდია ცენზურა აკადემიურ სივრცეებში. მასწავლებლები არ უჭერენ მხარს, რომ ლგბტი საკითხებზე ჩაატარონ კვლევები სტუდენტებმა. პრობლემებია ჯანდაცვის დაესებულებებში, სადაც ადამიანებს უარს ეუბნებიან მომსახურებაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი