“ლგბტი სოლიდარობის ქსელი სომხეთსა და საქართველოში” – ასე ჰქვია პროექტს, რომელსაც “ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიურო” სომხეთსა და საქართველოში ლგბტი აქტივიზმისა და უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის ახორციელებს.
2 ივნისს თბილისში გამართულ რეგიონულ კონფერენციაზე, რომელსაც ლგბტ აქტივისტები, საქართველოს სახალხო დამცველი და პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ადამიანის უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითებში ესწრებოდნენ, წარადგინეს საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები, რომლის მიხედვითაც, საქართველოსა და სომხეთში ჰომო-ბი-ტრანსფობია კვლავ მძიმე პრობლემად რჩება.
ანა ნემსიწვერიძე-დანიელსმა, “ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიუროს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის კოორდინატორმა, “ნეტგაზეთს” უთხრა, რომ პროექტის ფარგლებდი ორი შეხვედრა გაიმართება.
პროექტის შედეგად უნდა მომზადდეს ერთგვარი მემორანდუმი/შეთანხმება, რომელიც ჰომო-ბი-ტრანსფობიას მიიჩნევს პრობლემად, რომლის მოგვარებასაც სჭირდება კომპლექსური მიდგომა. ასევე, ამ პროექტის ფარგლებში ჩატარებული კვლევის შედეგის ანალიზის საფუძველზე ისინი ერთგვარ სამოქმედო გეგმასაც დასახავენ.
ანა ნემსიწვერიძე-დანიელსის თქმით, შეიმუშავებენ რეკომენდაციებს, რომლებიც ინდივიდუალურად იქნება მორგებული საქართველოსა და სომხეთისათვის. ნემსიძვერიძე-დანიელსი ამბობს, რომ საქართველოსა და სომხეთში განსხვავებული მდგომარეობაა სახელმწიფო უწყებებთან ურთიერთობის კუთხით. სომხეთში მთავრობასთან ურთიერთობა უფრო რთულია, ვიდრე საქართველოში.
სომხეთის შემთხვევაში სტრატეგიული მნიშვნელობის დოკუმენტი ამ ეტაპზე ნაკლებად იქნება გამიზნული სამთავრობო უწყებებზე, უფრო მეტად ყურადღება გამახვილებულია არასამთავრობოებსა და მათ კონკრეტულ ნაბიჯებზე იმისათვის, რომ ძლიერად და კონსოლიდირებულად იმუშაონ, ამბობს ანა.
“ბიოლის ფონდის” სამხრეთ კავკასიის რეგიონულ ბიუროს სურდა, რომ პროექტში ჩართულიყვნენ აზერბაიჯანელი აქტივისტებიც, თუმცა ამ ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გამო ეს ვერ მოხერხდა.
“სამი თუ ორი ორგანიზაცია არსებობს, რომელიც იატაკქვეშ მუშაობს. საჯარო ღონისძიებებზე ფიქრიც შეუძლებელია, თუნდაც იმით, რომ აზერბაიჯანის წარმომადგენლები დავპატიჟოთ საქართველოში და ჩავატაროთ ამ თემაზე ღონისძებები, დაბრუნების შემდეგაც შეიძლება შეექმნათ პრობლემები”, – ამბობს ანა ნემსიწვერიძე-დანიელს.
Pink Armenia-ს აღმასრულებელმა დირექტორმა მამიკონ ჰოვსეპიანმა შეხვედრაზე გამოსვლისას ისაუბრა იმის შესახებ, რომ საქართველოსა და სომხეთში არის მსგავსი პრობლემები, თუმცა არის განსხვავებაც. მან გაიხსენა, 2012 წელს როგორ ჩატარდა მრავალფეროვნების მარში საქართველოსა და სომხეთში ერთდროულად და როგორ დაესხნენ თავს ექსტრემისტები.
სომხეთში თავდამსხმელების წინა ხაზზე ნაციონალისტები იყვნენ, ხოლო სამღვდელოება უკანა ფონზე ჩანდა, მაშინ, როდესაც საქართველოში სამღვდელოება წინა ხაზზე იმყოფებოდა, ამბობს ჰოვსეპიანი.
მამიკონ ჰოვსეპიანმა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ სომხეთის სამთავრობო მედია ხშირად მიმართავს სიძულვილის ენას და ლგბტი საკითხებს მანიპულაციებისთვის იყენებს, რათა მეტი მიმდევარი შეიძინონ სოციალურ ქსელებში.
2 წლის წლის წინ ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღის აღსანიშნავად გადაიღეს სურათი ცისარტყელა დროშებით და ლოზუნგით, “მე აქ ვარ, ამ საზოგადოების ნაწილი”, სურათი მთელმა მედიამ აიატაცა, რასაც ათასობით მუქარა მოჰყვა, ამბობს ჰოვსეპიანი.
ჰოვსეპიანის თქმით, იმის გამო, რომ ევროვიზიის კონკურსის გამარჯვებულმა კონჩიტა ვურსტმა სომხეთიდანაც მიიღო ხმები, ერთ-ერთმა მედიასაშუალებამ გამოაქვეყნა გეილობისტების “შავი სია” სომხეთში, რის გამოც მიმართეს სასამართლოს, თუმცა გადაწყვეტილების გამოტანამდე რამდენიმე დღით ადრე სომხეთის პრეზიდენტმა გაზეთი ღირსების ორდენით დააჯილდოვა. მოსამართლემ მათი სარჩელი არ დააკმაყოფილა, საქმე ახლა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოშია.
ჰოვსეპიანის დახასიათებით, ერთ-ერთი მთავარი საკითხი სომხეთში არის ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის პროექტი, რომლის ორი ვარიანტიცაა შემუშავებული. სამოქალაქო სექტორის ვარიანტში, “დიდ პაკეტში”, მითითებულია, რომ დისკრიმინაციის საფუძველი შეიძლება იყოს გენდერული იდენტობა და სექსუალური ორიენტაცია, თუმცა იუსტიციის სამინისტროს ვარიანტში, “მცირე პაკეტში”, ეს საკითხი ამოღებულია. ჰოვსეპიანის თქმით, იციან, რომ მცირე პაკეტის მიღება სურთ.
“მთავრობა კარს უკეტავს ლგბტი აქტივისტებს და არ ესაუბრება”, – ამბობს ჰოვსეპიანი.
“ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის” წარმომადგენელმა ეკა აღდგომელაშვილმა გამოსვლისას აღნიშნა, რომ საქართველოში ჰომოფობიურმა განწყობამ 1999 წლიდან დაიწყო ზრდა, როდესაც პოლიტიკურმა პარტიებმა დაიწყეს ამ თემით მანიპულირება.
აღდგომელაშვილმა გაიხსენა, თუ როგორ გაავრცელა 2007 წელს გაზეთმა “ალიამ”მცდარი ინფორმაცია, თითქოს ლგბტი თემის წევრებს “გეიაღლუმის” მოწყობა სურდათ, რამაც მოსახლეობაში ვნებათაღელვა გამოიწვია, ხოლო 2010 წელს ბათუმშიმრევლი ჰომოსექსუალებს ორი დღის განმავლობაში ეძებდა, ისევ მცდარი ინფორმაციის გავრცელების საფუძველზე.
აქტივისტი ამბობს, რომ ლგბტი ადამიანთა მიმართ დამოკიდებულებისა და უფლებრივი მდგომარეობის თვალსაზრისით ბოლო 30-40 წლის განმავლობაში რევოლუციური ცვლილებები მოხდა. თუმცა ამ პროცესებს განსხვავებული დინამიკა აქვს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. თუ ამ პროცესებს დავაკვირდებით, ნათლად ჩანს, რომ პოსტკომუნისტურ ქვეყნებში ცვლილებები უფრო ნელა მიმდინარეობს, საზოგადოებრივი განწყობები კი უფრო მტრულია. საბჭოთა რეჟიმის დროს ჰომოსექსუალობა იდეოლოგიზებული იყო და უკავშირდებოდა „ბურჟუაზიასა და გარყვნილ დასავლეთს“. იგი ამბობს, რომ საქართველოში, უკრაინაში, ბელარუსსა და მოლდოვაში დღეს გამოყენებული ანტილგბტი ლოზუნგები 1930-იან წლებში საბჭოთა ლოზუნგების ანალოგია.
აღდგომელაშვილი ასევე ამბობს, რომ საქართველოში არსებული განათლების სისტემა ხელს არ უწყობს ტოლერანტული დამოკიდებულების ჩამოყალიბებას; ფორმალური განათლება არ ფარავს საბაზისო ინფორმაციას ლგბტი საკითხებზე. მისი თქმით, საკანონმდებლო გარემოს გაუმჯობესების ფონზე ლგბტ ადამიანთა მიმართ არსებული განწყობები საზოგადოებაში ნეგატიურისკენ იცვლება. იზრდება სხვაობა საკანონმდებლო გარემოსა და საზოგადოებაში არსებულ განწყობებს შორის.
“პრაქტიკულად, ჩვენ ვართ ისეთ მდგომარეობაში, როდესაც მაქვს უფლება, მაგრამ ამ უფლებით სარგებლობა შეიძლება სიცოცხლის ფასად დამიჯდეს”, – ამბობს აღდგომელაშვილი.