ახალი ამბები

ირინა იმერლიშვილი: პრეზიდენტმა ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაცია გაითვალისწინა

1 ივნისი, 2016 •
ირინა იმერლიშვილი: პრეზიდენტმა ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაცია გაითვალისწინა

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს განიხილავს. სხდომის დაწყებამდე უშიშროების საბჭოს მდივანმა, ირინა იმერლიშვილმა განაცხადა, რომ პრეზიდენტმა ვენეციის კომისიის შენიშვნები სრულად გაითვალისწინა:

“ვენეციის კომისიის შენიშვნები სრულად არის გათვალისწინებული. არასამთავრობოებს სხვა ტიპის შენიშვნებიც ჰქონდათ, მათთან პრეზიდენტმა ორი შეხვედრა გამართა. არასამთავროების გარკვეული წუხილები, გარკვეული შენიშვნები გაზიარებული არ არის, თუმცა ვენეციის კომისიის შენიშვნები სრულად არის გათვალისწინებული,” – აღნიშნა იმერლიშვილმა.

მისივე თქმით, ორგანულ კანონზე გადაწყვეტილების მისაღებად დაწესებული მაღალი კვორუმი  საჭიროა:

“მაღალი კვორუმი დატოვებულია მხოლოდ იმ განსაკუთრებული შემთხევებისთვის, როგორიცაა იმუნიტეტი, როგორიცაა არჩევნები, როგორიცაა ორგანული კანონები. ორგანულ კანონებთან მიმართებაში მაღალი კვორუმი საერთაშორისო პრაქტიკაა, სპეციალური მუხლი აქვს ვენეციის კომისიას, სადაც ამბობს, რომ ორგანული კანონები საქართველოს პარლამენტში მაღალი კვორუმით მიიღებ. სწორედ ამიტომ, მაღალი ლეგიტიმაციისთვის საჭიროა მაღალი კვორუმი [საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვის დროს].  ამას ეთანხმება პრეზიდენტი”.

რაც შეეხება, ერთი მოსამართლის მიერ საქმის სასამართლოს კოლეგიიდან პლენუმისთვის გადაცემის უფლებას, იმერლიშვილის მტკიცებით, ვენეციის კომისიას არ უთქვამს, რომ ეს ნორმა შესაცვლელია და არა გასაუქმებელი. მისივე თქმით, პრეზიდენტი არავის გარიგებია:

“არაფრის  სანაცვლოდ დაგვითმია რამე. ვენეციის კომისიის წითელ ხაზებს ჩვენ არ გადავსულვართ.”

პრეზიდენტის ვარიანტს სავარაუდოდ მხარს დაუჭერენ რესპუბლიკელები. თამარ ხიდაშელის განცხადებით, არსებობს მხარდაჭერის ალბათობა, რადგან შემოთავაზებული ვარიანტი პარლამენტის მიერ მიღებულს სჯობს, თუმცა იქვე აღნიშნავს, რომ კანონი არსებითად არ უმჯობესდება.

საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ პრეზიდენტის მიერ მომზადებულ მოტივირებულ შენიშვნების ნაწილს არ ეთანხმებიან საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში. როგორც ნეტგაზეთს საიას იურისტმა, გიორგი გოცირიძემ განუცხადა, პრეზიდენტმა გარკვეულ საკითხებზე ვენეციის კომისიის რეკომენდაციები სრულად არ გაითვალისწინა.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 31 მაისს ვეტო დაადო საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონს, რომელიც პარლამენტმა, დაჩქარებული წესით, 14 მაისს დაამტკიცა 81 ხმით არც ერთის წინააღმდეგ.

პრეზიდენტის თქმით, მას ჰქონდა კონსულტაციები და “კონსტრუქციული თანამშრომლობა” პრემიერ გიორგი კვირიკაშვილთან, რის შემდეგაც მიიღო გადაწყვეტილება, რომ მოტივირებული შენივშნები დღესვე გაიგზავნება პარლამენტში.

“პარლამენტს გადაეგზავნება ის მოტივირებული შენიშვნები, რომლებიც აქამდეც გამოსახავდა ჩვენს კითხვის ნიშნებს, ეს შეეხება სასამართლოში გადაწყვეტილების მიღების ქვორუმის საკითხებს, მოსამართლეების 10-წლიანი ვადის სრულფასოვნად მომზადებას. მაქვს იმედი, რომ ჩვემი პოზიციები იქნება გაზიარებული პარლამენტში”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

პარლამენტის მიერ დამტკიცებული კანონი პრეზიდენტმა ვენეციის კომისიას გაუგზავნა. პრეზიდენტი სწორედ ვენეციის კომისიის შეფასებებს ელოდა, ვიდრე მიიღებდა გადაწყვეტილებას ვეტოს თაობაზე.

ვენეციის კომისიამ ამ კანონზე წინასწარი დასკვნა 27 მაისს გამოაქვეყნა. ვენეციის კომისია წინასწარ დასკვნაში კრიტიკულად აფასებს კანონის იმ პუნქტებს, რომლებიც საქართველოში დებატების, არასამთავრობო სექტორის და ოპონენტი დეპუტატების კრიტიკის საგანი იყო.

ვენეციის კომისიის აზრით, კანონიდან უნდა ამოიღონ ისეთი პუნქტები, რომლებიც საკონსტიტუციო სასამართლოს თავისი კონსტიტუციური უფლებამოსილების განხორციელებისას რისკის ქვეშ აყენებს.

ვენეციის კომისია მკაცრად აკრიტიკებს ნორმას, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეს უზღუდავს უფლებამოსილებას ვადის ამოწურვამდე 3 თვით ადრე:

“მაშინ, როცა მოსამართლის 10-წლიანი მანდატი კონსტიტუციასთან შესაბამისად გამოიყურება, რთულია და გაუგებარია, რატომ არ შეუძლია მოსამართლეს სრულად განახორციელოს თავისი კონსტიტუციური უფლება თავისი მანდატის ბოლო სამი თვის განმავლობაში.  იმის მიუხედავად, რომ მანდატის ასე შეზღუდვა ანტიკონსტიტუციურია, ეს საკონსტიტუციო სასამართლომ თვითონ უნდა გადაწყვიტოს”, – წერს კომისია წინასწარ დასკვნაში.

შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში პარლამენტის მიერ მიღებულ ცვლილებს აკრიტიკებდნენ საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და საპარლამენტო ოპოზიცია, ასევე, მმართველ კოალიციაში შემავალი პარტიებიდან კანონს მხარი არ დაუჭირეს “რესპუბლიკელებმა”.

პარლამენტი სავარაუდოდ ამ კვირის ბოლოს გამართავს რიგგარეშე სხდომას, სადაც გადაწყდება, დაძლევს თუ არა საკანონმდებლო ორგანო პრეზიდენტის ვეტოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი