10 არასამთავრობო ორგანიზაცია არაეფექტურად აფასებს კორცხელის ინცდინდენტის გამოძიებას და მოუწოდებს შსს-სა და მთავარ პროკურატურას, მიიღონ ადეკვატური და დროული ზომები იმისთვის, რომ დადგეს ძალადობრივი აქტის ორგანიზატორებისა და განმახორციელებლების პასუხისმგებლობის საკითხი.
განცხადებას ხელს აწერენ ორგანიზაციები: EMC, GDI, კონსტიტუციის 42-ე მუხლი, პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის, MDF, TDI, ფონდი “ღია საზოგადოება – საქართველო”, საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო, ISFED, ადამიანის უფლებათა ცენტრი.
სამეგრელოში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელის 53-ე საარჩევნო უბანზე 22 მაისს ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. საარჩევნო უბანთან შეკრებილმა პირებმა პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს: ნიკა მელიას, გიგა ბოკერიასა და კიდევ რამდენიმე წევრს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. არსებობს სხვადასხვა ტელევიზიის ვიდეომასალა, სადაც “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერების ფიზიკური შეურაცხყოფა არის ასახული.
ენმ-ს განცხადებით, თავდამსხმელები იყვნენ “ქართული ოცნების” ე.წ. ზონდერჯგუფის წევრი სპორტსმენები. მათ რამდენიმე პირი ამოიცნეს.
შსს-მ გამოძიება ცემის მუხლით დაიწყო (სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლი).
24 მაისს, ღამით ინციდენტის სავარაუდო მონაწილეები შსს-ში გამოცხადდნენ და განაცხადეს, რომ დაკითხვაზე არ დაუბარებიათ და გადაწყვიტეს, ვითარების გასარკვევად თავად მისულიყვნენ. ისინი გამოძიებას არ დაუკავებია.
არასამთავრობოები მთავრობას ეფექტური ზომების გატარებისკენ მოუწოდებენ:
- არასამთავრობოები შსს-სა და მთავარ პროკურატურას მიმართავენ, განმარტონ, თუ რა ეტაპზეა გამოძიება და რა სამართლებრივი პროცესები მიმდინარეობს საქმეზე;
- გამოძიება წარიმართოს იმ მუხლით/მუხლთა ერთობლიობით, რომელიც მოიცავს დანაშაულის ყველა შესაძლო ნიშანს;
- ძალადობის ორგანიზატორი და ძალადობაში მონაწილე პირების მიმართ გამოყენებული იყოს კანონით გათვალისწინებული სამართლიანი ზომები;
- საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ, რომ იმსჯელოს წინასაარჩევნო პროცესსა და არჩევნების დროს უსაფრთხოების ზომების დაცვის და სამართალდამცავი ორგანოების ეფექტურობის სტრატეგიაზე.
“22 მაისს საკრებულოს შუალედური არჩევნების მიმდინარეობისას ზუგდიდში მომხდარი ძალადობრივი დაპირისპირებიდან კვირაზე მეტია გასული, თუმცა საზოგადოებისთვის ამ დრომდე უცნობია, რა ეტაპზეა გამოძიება, რა საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა საქმეზე სრულყოფილი ინფორმაციის მოპოვების მიზნით და რატომ არ მომხდარა ამ დრომდე იმ პირების სისხლისსამართლებრივი დევნა, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ ძალადობრივ აქტებში. აღნიშნული კითხვები მით უფრო ლეგიტიმურია იმ ფონზე, რომ კონკრეტული პირების იდენტიფიცირება შესაძლებელია იმ არაერთი ვიდეომასალიდან, რომელიც ასახავს დაპირისპირების განვითარებას და რომელიც საჯაროდ არის გავრცელებული.
ასევე მნიშვნელოვან ელემენტს წარმოადგენს ქმედების კვალიფიკაცია. როგორც ცნობილია, გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით, რაც გულისხმობს ცემას. თუმცა მედიაში გავრცელებული კადრები და ინფორმაცია მიუთითებს, რომ სავარაუდოდ ადგილი ჰქონდა წინასწარ ორგანიზებულ მოქმედებას პირთა ჯგუფის მხრიდან, რომელთა მიერ განხორციელებული ძალადობრივი ქმედებები სცდება ცემის ფარგლებს და შეიცავს უფრო მძიმე დანაშაულების ნიშნებს. ქმედების სწორად კვალიფიკაცია აუცილებელია, რათა მომხდარ ფაქტს ადეკვატური სამართლებრივი პასუხი გაეცეს, სწორი კვალიფიკაცია აგრეთვე მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ გამოძიების მიმართ არსებობდეს საკმარისი საზოგადოებრივი ნდობა და კონკრეტულმა პირებმა ითანამშრომლონ საგამოძიებო ორგანოებთან. მოცემულ საქმეზე ცემის კვალიფიკაცია არასწორია, რამდენადაც ის სათანადოდ არ ასახავს ძალადობრივი დაპირისპირების რეალურ ხასიათს და სრულ მასშტაბებს.
აგრეთვე ამ დრომდე არ გაკეთებულა განმარტებები იმასთან დაკავშირებით, რატომ ვერ მოახდინეს სამართალდამცავებმა ადგილზე ძალადობრივი ფაქტების პრევენცია, ან/და მათი დროული აღკვეთა და რატომ ვერ მოხდა საკმარისი საპოლიციო რესურსის დროული მობილიზაცია და ჩარევა პროცესში.
პოლიციისა და საგამოძიებო ორგანოების ასეთი პასიურობა, მათ მიერ დანაშაულის გამოძიების და შესაბამის პირთა პასუხისმგებლობის დადგომის თაობაზე გამოვლენილი არასაკმარისი ნება კიდევ ერთხელ აყენებს სამართალდამცავი სისტემის პოლიტიკურ ნეიტრალიტეტს ეჭვქვეშ. აღსანიშნავია ისიც, რომ სხვა შემთხვევებში, მშვიდობიანი ან/და ნაკლებად ძალადობრივი აქციების დროს პოლიციის მხრიდან გამოყენებული ზომები, მათ შორის, აქტივისტების დაკავების შემთხვევები, ნათლად მიუთითებს, რომ სახეზე გვაქვს ორმაგი სტანდარტით მოქმედება პოლიციისა და პროკურატურის მხრიდან. გამოძიების პასიურობა და არაეფექტურობა აჩენს დაუცველობის განცდას და ახალისებს ძალადობრივ განწყობებს საზოგადოებაში, რაც ბოლო პერიოდში არაერთი სოციალური ჯგუფის მიმართ გამოვლინდა. ნათელია, რომ სახელმწიფოს არ აქვს ერთმნიშვნელოვანი და ცალსახა პასუხი ძალადობის ფაქტების მიმართ და სახელმწიფო აპარატის მხრიდან რეაგირება პოლიტიკურ ან სხვა ტიპის კონიუნქტურაზეა დამოკიდებული.
ეს განსაკუთრებით სახიფათოა წინასაარჩევნო პროცესში, როდესაც უსაფრთხოების მინიმალური გარანტიების არარსებობის შემთხვევაში, ფაქტობრივად შეუძლებელი იქნება თავისუფალ და კონკურენტულ გარემოში საარჩევნო კამპანიის განხორციელება და ნების თავისუფალი გამოვლენა. ასევე, უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის გარეშე პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება მშვიდობიანი, დემოკრატიული პროცესების განვითარება ქვეყანაში,”- აღნიშნულია არასამთავრობოების განცხადებაში.