ახალი ამბები

საკონსტიტუციო სასამართლო დეპუტატის მანდატების გადანაწილების წესის კონსტიტუციურობაზე იმსჯელებს

1 ივნისი, 2016 • 2245
საკონსტიტუციო სასამართლო დეპუტატის მანდატების გადანაწილების წესის კონსტიტუციურობაზე იმსჯელებს

დღეს, 13:00 საათზე  საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმეზე „თამარ პაპაშვილი, ანა ბერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“  გაიმართება  განმწესრიგებელი სხდომა.

აღნიშნულ საქმეზე  დავის საგანია  „საარჩევნო კოდექსის“ 109-ე მუხლის პირველი ნაწილი, მე-2 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის სიტყვები, მე-2 მუხლის „ც“ ქვეპუნქტი, მე-18 მუხლის მე-2 ნაწილი, 110-ე მუხლის პირველი ნაწილი, 1101– ე მუხლი, 125-ე მუხლის მე-3 ნაწილის პირველი  წინადადება, მე-4 და მე-5 ნაწილები.

სადავოა 109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს მანდატების ამჟამად მოქმედი წესით გადანაწილებას. ასევე ამასთან დაკავშირებული სხვა საკითები.

გთავაზობთ მოსარჩელეების არგუმენტაციას:

,,საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებსაქართველოს ორგანული კანონის 39- მუხლის პირველი პუნქტის ,,ქვეპუნქტის შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმატიული აქტის ან მისი ცალკეული ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ საქართველოს მოქალაქეებს, თუ მათ მიაჩნიათ, რომ დარღვეულია ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს  საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მათი უფლებანი და თავისუფლებანი.

მოსარჩელეები არიან საქართველოს მოქალაქეები, ამომრჩევლები. მათ საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით უფლება აქვთ მონაწილეობა მიიღონ საქართველოს პარლამენტის არჩევნებში და ხმა მისცენ, როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული წესით, მისთვის მისაღებ პარტიასა და კანდიდატს, თუმცა მოქმედი საარჩევნო სისტემა არ უზრუნველყოფს მათი ხმების მანდატებში პროპორციულ და ადეკვატურ გარდასახვას. ამის გამო საარჩევნო სისტემა და ის ნორმები, რომლებიც მას აფუძნებენ, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას.

საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით საკანონმდელო ორგანო შედგება 150 დეპუტატისგან, რომელთაგან 73 აირჩევა მაჟორიტარული, ხოლო 77- პროპორციული წესით. სადავო სისტემით მიხედვით მაჟორიტარული არჩევნები ტარდება ერთმანდატიან ოლქებში, სადაც გამარჯვებულად ცხადდება ის კანდიდატი, რომელიც კონკრეტულ ოლქში პირველ ან მეორე ტურში ამომრჩევლების 50%+1 ხმას მიიღებს. პროპორციული წესით პარლამენტში ხვდებიან ის პარტიები, რომლებიც მთელი საქართველოს მასშტაბით ამომრჩევლის ხმების 5%-ს მოაგროვებენ.

პროპორციული და მაჟორიტარული წესით ჩატარებული არჩევნების შედეგები ერთმანეთს მექანიკურად ემატება და გვაძლევს წარმომადგენლობით ორგანოში საარჩევნო სუბიექტებს შორის მანდატების გადანაწილების სურათს. ამგვარი საარჩევნო სისტემა ტოვებს შესაძლებლობას პარლამენტში საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლობის პროპორცია მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს მათ მიერ არჩევნებში მიღებული ელექტორალური მხარდაჭერის პროპორციისგან. თეორიულად შესაძლებელია, რომ ძლიერმა საარჩევნო სუბიექტემა მიიღონ იმაზე ერთნახევარჯერ-ორჯერ (ან მეტჯერ) მეტი საპარლამენტო მანდატი, ვიდრე ეს გამომდინარეობს ელექტორალური მხარდაჭერიდან, რომელიც არჩევნებში აჩვენეს.

გარდა ამისა, მოქმედი საარჩევნო სისტემა იძლევა შესაძლებელობას, ამომრჩევლის მნიშვნელოვანი ნაწილი დარჩეს წარმომადგენლის გარეშე, იგულისხმება 49% პროცენტი, რომელმაც ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში გამარჯვებულ მაჟორიტარ კანდიდატს არ დაუჭირა მხარი.

მიგვაჩნია, რომ აღნიშნული წარმოადგენს ჩარევას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 და 28-ე მუხლი დაცულ უფლებაში. 28-ე მუხლით დაცული აქტიური საარჩევნო უფლება მოიცავს, როგორც არჩევნებში ხმის მიცემის და ამ გზით ამომრჩევლის მიერ წარმომადგენლის არჩევის უფლებას, ასევე იმას, რომ მისი არჩევანი სხვა ამომრჩევლის ხმებთან შერევის შემდეგ პროპორციულად აისახება არჩევნების შედეგებზე და იმასა, რომ ამომრჩეველი არ დარჩეს წარმომადგენლის გარეშე (გარდა იმ შემთხევებისა, როდესაც ამას კონსტიტუცია პირდაპირ ითვალისწინებს, მაგ. 5%-იან ბარიერს ქვემოთ მყოფი პარტიების ამომრჩევლები). სხვაგვარად რომ ვთქვათ, ამომრჩეველს უნდა გააჩნდეს იმის გარანტია, რომ მის მიერ მხარდაჭერილი პარტია წარმომდგენლობით ორგანოში მიიღებს მანდატების სულ ცოტა იმდენ პროცენტს, რამდენი პროცენტი ამომრჩეველიც მას უჭერს მხარს. დღეს არსებული წესით (როგორც მაჟორიტარული სისტემის მიზეზით, ისე მაჟორიტარული და პროპორციული სისტემით მოპოვებული მანდატების მექანიკური დაჯამების გამო) კი თეორიულად შესაძლებელია უმცირესობაში მყოფ ამომრჩეველს პროპორციულად იმაზე ბევრად ნაკლები მანდატი ერგოს იმასთან შედარებით, რა შედეგებიც აჩვენა მათმა მხარდაჭერამ ელექტორალური თვალსაზრისით. ასევე საარჩევნო სისტემა შესაძლებელს ხდის, ამომრჩევლი დიდი ნაწილის არჩევანი არ აისახოს მანდატების განაწილებაში. ამდენად, სადავო ნორმების არსებობა ქმნის საკანონმდებლო რეალობას, რომელიც არღვევს მოსარჩელეების საარჩევნო უფლებას. ამასთან, აღწერილი რეალობა წინააღმდეგობაში მოდის თანასწორობის პრინციპთან, რომელიც დაცულია კონსტიტუციის მე-14 მუხლით, კერძოდ, აღნიშნული დიდ პარტიებს, რომლებიც, როგოც წესი, საპარლამენტო უმრავლესობას წარმოადგენს, ანიჭებს უპირატესობას, ელექტორალურ მხარდაჭერასთან შედარებით მანდატების არაპროპორციულად მეტი რაოდენობის მოპოვების შესაძლებლობას აძლევს, რაც ცხადია, პატარა პარტიების ამომრჩევლის ხმების ხარჯზე ხდება.

შესაბამისად, უკვე არსებობს ,,საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებსაქართველოს ორგანული კანონის 39- მუხლით გათვალისწინებული წინაპირობები. ხოლო მოსარჩელეები არიან უფლებამოსილი სუბიექტები, მიმართონ სასამართლოს სადავო ნორმების კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით.

სარჩელი შეესაბამება საქართველოს საკონსტიტუციო სამართალწარმოების კანონის მე-18 მუხლის მოთხოვნებს და დასაშვებია რადგან:

წარმოდგენილია კანონით დაგენილი ფორმით;

აკმაყოფილებს აღნიშნული კანონის მე-16 მუხლის მოთხოვნებს;

შემოტანილია უფლებამოსული სუბიექტის მიერ, რასაც ადასტურებს ზემოაღნიშნული მსჯელობა;

მასში მითთებული საკითხი არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე’’ ქვეპუნქტის შესაბამსიად;

სადავო საკითხები სადავო ნორმებთან მიმართებით არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართოს მიერ;

სადავო საკითხს შეეხება კონსტიტუციის მე-17 მულიხს მე-2 პუნქტს და სადავო ნორმებზე მსჯელობა შესაძლებელია ნორმატიული აქტების იერარქიაში მასზე მაღლა მდგომი სხვა ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე მსჯელობის გარეშე;

აღნიშნული სარჩელის ტიპზე კანონმდებლობით ვადა არ არის დადგენილი.

“საქართველოს კონსტიტუციის მე-14 და 28-ე მუხლებთ დაცულია საყოველთაო და თანასწორი საარჩევნო უფლება. აღნიშნული ნორმა კონსტიტუციის პრეამბულით გათვალისწინებული ფუძემდებლური პრინციპის ,,დემოკრატიისა’’ და პირველი თავის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით დაფუძნეული ,,დემოკრატიული რესპუბლიკის’’, ისევე როგორც მე-5 მუხლით გარანტირებული ,,სახალხო სუვერენტიტეტის’’ უფლებრივ ხორცშესხმას წარმოადგენს. ამ სამ დებულებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს წინამდებარე დავაში, რადგან ისინი გვეხმარებიან გავიგოთ თანასწორი საარჩეევნო ხმის უფლების მნიშვნელობა.

ამ კონსტიტუციური დანაწესების რელევანტურობაზე მიუთითებს პრაქტიკა, რომლის მიხედვითაც საკონსტიტუციო სასამართლო ხშირად მიმართავს მათ საქმის განხილვის პროცესში. ,,კონკრეტული დავების გადაწყვეტისას  საკონსტიტუციო სასამართლო ვალდებულია, როგორც კონსტიტუციის შესაბამისი დებულება, ისე სადავო ნორმა გააანალიზოს და შეაფასოს კონსტიტუციის ძირითადი პრინციპების კონტექსტში, რათა ეს ნორმები განმარტების შედეგად არ დასცილდნენ მთლიანად კონსტიტუციაში გათვალისწინებულ ღირებულებათა წესრიგს. მხოლოდ ასე მიიღწევა კონსტიტუციის ნორმის სრული განმარტება, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს კონკრეტული სადავო ნორმის კონსტიტუციურობის სწორ შეფასებას.’’

პრეამბულასა და პირველ თავში მოხსენიებული კონსტიტუციური პრინციპები ინსტიტუციურ-სამართლებრივ გარანტიებს სწორედ მეორე თავში პოულობენ, უზენაესი კანონის სხვა ნაწილები კი ინსტრუმენტებია, რომლებიც მათ იმპლემენტაციას და კონკრეტულ ფორმებში გამოხატვას უზრუნველყოფს.

სწორედ ამიტომ ადამიანის უფლებების გარანტიების გასაგებად გვჭირდება კონსტიტუციის სრული ანალიზი, ამ მიზნით წარმოდგენილ სარჩელში უზენაესი კანონის სხვა მუხლებს გამოვიყენებთ, როგორც მტკიცებულებებს, მე-14 და 28-ე მუხლების უკეთ გასაგებად, ვინაიდან ,,საკონსტიტუციო სასამართლო სადავო ნორმების კონსტიტუციურობის შემოწმებისას არ არის შეზღუდული მხოლოდ კონსტიტუციის კონკრეტული ნორმებით. მართალია, კონსტიტუციური პრინციპები არ აყალიბებს ძირითად უფლებებს, მაგრამ გასაჩივრებული ნორმატიული აქტი ასევე ექვემდებარება გადამოწმებას კონსტიტუციის ფუძემდებლურ პრინციპებთან მიმართებით, კონსტიტუციის ცალკეულ ნორმებთან კავშირში და ამ თვალსაზრისით მსჯელობა უნდა წარიმართოს ერთიან კონტექსტში. საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა დაადგინოს, რამდენად თავსდება გასაჩივრებული აქტი იმ კონსტიტუციურსამართლებრივ წესრიგში, რომელსაც კონსტიტუცია ადგენს.’’ ამდენად, ვინაიდან კონსტიტუცია ერთიანი სხეულია, სარჩელიც ვერ გაექცევა მისი სულისკვეთების ანალიზს და სწორედ ამგვარად- თითოეული ნორმის ინტეპრეტაციას. ეს კი უპირველესად სწორედ პრინციპების ანალიზისას იკვეთება.

საქართველოს კონსტიტუციის 49-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულია პარლამენტის დაკომპლექტების წესი, სადაც მითითებულია, რომ იგი შედგება პროპორციული სისტემით არჩეული 77 და მაჟორიტარული სისტემით არჩეული 73 პარლამენტის წევრისაგან. კონსტიტუცია ითვალისწინებს მაჟორიტარული წესით არჩევნებს, რომელიც თავისთავად უმრავლესობის სისტემაა, რაც გულისხმობს, რომ ხმების გარკვეული ნაწილი იკარგება, თუმცა ერთმანდატიან მაჟორიტარულ ოლქებში ეს ყველაზე მეტად ხდება, ამის საპირისპიროდ არსებობს მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის მოდიფიკაციები, რომლებიც ამცირებენ გაფანტული ხმების ოდენობას. ამ შემთხვევაში ამომრჩევლის არჩევანს მეტი გარანტია აქვს აისახოს მანდატში. ამასთან, მაჟორიტარული სისტემის ამ ნაკლის (უმცირესობის მხების დაკარგვის) დაბალანსებას ქვეყნის უზენაესი კანონი ცდილობს ისეთი საარჩევნო სისტემით, როგორიც არის პროპორციული საარჩევნო სისტემა.

მასალების გადაბეჭდვის წესი