ახალი ამბები

აბანოების თანამშრომლების მიერ დაღვრილი წყლით გამოხატული პროტესტი GWP-სთან

31 მაისი, 2016 • 2393
აბანოების თანამშრომლების მიერ დაღვრილი წყლით გამოხატული პროტესტი GWP-სთან

თბილისში არსებული გოგირდის აბანოების თანამშრომლებმა დღეს საპროტესტო აქცია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” ოფისთან გამართეს და კვლავაც მოითხოვეს საკანალიზაციო მომსახურების საფასურის შემცირება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი აბანოების დახურვით იმუქრებიან.

დღევანდელ აქციაზე გოგირდის აბანოების თანამშრომლებმა „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” ოფისთან სიმბოლურად წყალი დაღვარეს და კომპანიის შესასვლელთან დაღვრილი წყლისთვის, მათი აზრით, ლოგიკური გადასახადი, ორი თეთრი დატოვეს.

აბანოთუბანში მდებარე ერთ-ერთი აბანოს მფლობელის, ნოდარ ტოტოღაშვილის თქმით, 2015 წლის თებერვლამდე მისი კომპანია, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერთან” სიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე, აბანოსთვის საკანალიზაციო მომსახურებისთვის თვეში დაახლოებით 700 ლარს იხდიდა:

"გოგირდის აბანოების" თანამშრომლების აქცია GWP-სთან

აქციის მონაწილეებმა GWP-ის ოფისთან სიმბოლურად წყალი დააქციეს 31.05.2016 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

რაც შეიცვალა GWP-ში მენეჯმენტი, დაგვიწესეს მაქსიმალური ტარიფი სემეკის მიერ 85 თეთრი ერთ კუბურ მეტრ მოცულობის წყალზე. ჩვენი აბანოსთვის მარტო გოგირდის წყლის საკანალიზაციო ქსელით მომსახურება დაახლოებით 10 000 ლარამდე დაითვალა,” – ამბობს ტოტოღაშვილი.

მისი თქმით, ასეთი ტარიფი აბანოების მფლობელებს ტარიფების გადახედვას აიძულებს და თუ დღეისთვის აბანოს საერთო განყოფილებით სარგებლობა 3-4 ლარი ღირს, ფასი 15-20 ლარამდე გაიზრდება. ტოტოღაშვილის თქმით, მომხმარებელი გაზრდილი გადასახადის დაფარვას ვერ შეძლებს, რაც აბანოების დახურვას და იქ დასაქმებული ადამიანების სამსახურის გარეშე დარჩენას გამოიწვევს.

შპს “ნარიყალას” მფლობელის თქმით, რომლის მმართველობაშიც აბანოთუბანში მდებარე ერთ-ერთი აბანოა, გოგირდის აბანოები ამ ხნის განმავლობაში გადასახადს ძველი ტარიფით იხდიდნენ, რის გამოც 110 000 ლარის ოდენობის ჯარიმა დაეკისრათ.

დავა სასამართლოშიც მიმდინარეობს. აქციის მონაწილეების თქმით, 5 მაისს გამართულ პროცესზე მოსამართლემ მხარეებს დიალოგისკენ მოუწოდა, თუმცა „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” მხრიდან მათ მიერ გაგზავნილ წერილს რეაგირება არ მოჰყოლია.

გოგირდის აბანოების თანამშრომლების თქმით, ისინი აქციების გაგრძელებას გეგმავენ.

თბილისში ე.წ "გოგირდის აბანოების" თანამშრომლებმა, GWP-სთან საკანალიზაციო მომსახურებაზე გაზრდილი ტარიტები გააპროტექსტეს 31.05.2016 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

თბილისში ე.წ “გოგირდის აბანოების” თანამშრომლებმა, GWP-სთან საკანალიზაციო მომსახურებაზე გაზრდილი ტარიტები გააპროტექსტეს 31.05.2016 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

“ნეტგაზეთმა” „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში“ განუმარტეს, რომ 2015 წლის თებერვლამდე აბანოები იხდიდნენ ფიქსირებულ გადასახადს, თვეში 700 ლარის ოდენობით. 2015 წლის თებერვლიდან კი, მას შემდეგ, რაც კომპანია GWP-ში მენეჯმენტი შეიცვალა, დაიწყო აღრიცხვის მოწესრიგება, რის შედეგადაც აბანოებს საკანალიზაციო მომსახირების გადასახადი ერიცხებათ სემეკის მიერ დადგენილი ტარიფის მიხედვით, რაც არის კომერციული ორგანიზაციებისთვის 85 თეთრი 1მ3 ჩამდინარე სითხის გატარება-გაწმენდის მომსახურებისთვის.

GWP-ის განცხადებით, აბანოები პრივილეგიებით ვერ ისარგებლებენ და მათ გადასახადების დადგენილი ტარიფით გადახდისკენ მოუწოდებს:

“კომპანია აფიქსირებს, რომ გოგირდის აბანოები უკვე ერთი წელია არ იხდიან ჩამდინარე წყლის გადასახადს. მიუხედავად ამისა, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ თავი აარიდა მკაცრი ზომების მიღებას, არ შეუწყვიტა აბანოებს წყლის მიწოდება, ანუ არ გამოიყენა ის ბერკეტი, რომელსაც ყველა კომერციული ობიექტის მიმართ იყენებს. სწორედ იმიტომ, რომ ხელი არ შეეშალა ბიზნესის ფუნქციონირებისთვის. კომპანია აზუსტებს, რომ გოგირდის წყალი 24 საათის განმავლობაში ჩაედინება თბილისის კოლექტორში, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“ ის გადააქვს გარდაბნის გამწმენდ ნაგებობაში. გოგირდის წყალი საჭიროებს განსაკუთრებულ ფილტრაციას, რადგან ქიმიურად აქტიურია და სხვა ჩამდინარე წყლებთან შედარებით განსაკუთრებულ ზიანს აყენებს კომპანიის ინფრაქტრუქტურას. რაც შეეხება გოგირდის აბანოების ტარიფს და გადასახადს, არსებულ ტარიფს აწესებს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია და გადასახადი ცალკეული ორგანიზაციებისთვის ვერ შეიცვლება. „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ კიდევ ერთხელ აცხადებს რომ აბანოები სხვა კომერციულ თუ არაკომერციულ აბონენტებთან შედარებით პრივილეგიებით ვერ ისარგებლებენ”, ნათქვამია GWP-ის განცხადებაში, რომელიც 25 მარტს გამოაქვეყნა თავის ვებ-გვერდზე.

აბანოების თანამშრომლები მორიგი აქციის გამართვას სემეკთან აპირებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი