განათლების სამინისტროში დამტკიცდა ახალი, 2017-2023 წლებზე გათვლილი ეროვნული სასწავლო გეგმები, რომლის პრეზენტაციაც ახლო მომავალში გაიმართება.
დამტკიცებულ სასწავლო გეგმებში მოხვდა საზოგადოებრივი მეცნიერებების საფუძვლების საგნები- “მე და საზოგადოება” (მე-3; მე-4 კლასები) და “ჩვენი საქართველო” (მე-5; მე-6 კლასები). სწორედ “მე და საზოგადოების” გამო უპირისპირდებოდა განათლების სამინისტროს ბიზნესმენი ლევან ვასაძე და საზოგადოების გაკრვეული ნაწილი სასულიერო პირების ჩათვლით. სკოლებში ახალი საგნების სწავლება 2017 წლის სექტემბრიდან დაიწყება.
დამტკიცებული ვარიანტის მიხედვით, საზოგადოებრივი მეცნიერებების სწავლების ამოცანებია:
- მოსწავლის პიროვნული განვითარების ხელშეწყობა;
- მოსწავლისთვის ჰუმანური ღირებულებების ჩამოყალიბება;
- მოსწავლისთვის სოციალური უნარების (ეთიკის, ეკოლოგიური წიგნიერების, მეწარმეობის, საგანგებო სიტუაციებში რისკის შეფასებისა და უსაფრთხოდ მოქმედების და სხვა) განვითარება;
- მოსწავლისთვის სამშობლოსა და მისი კულტურის მიმართ პოზიტიური დამოკიდებულების ჩამოყალიბება;
- მოსწავლის დახმარებას მსოფლიოს ერთ მთლიანობად აღქმასა და მიმდინარე პროცესებში საქართველოს ადგილის განსაზღვრაში;
- მოსწავლისთვის შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების განვითარება;
- მოსწავლისთვის აღმოჩენებისა და სიახლის ძიების მიმართ დადებითი დამოკიდებულების ჩამოყალიბება;
- მოსწავლისთვის დროსა და სივრცეში ორიენტირებისთვის, ფაქტებისა და მოვლენების ინტერპრეტაციისთვის, თვალსაჩინოებების შექმნისა და გამოყენებისთვის, ისტორიულ- გეოგრაფიული მოვლენებისა და კანონზომიერებების დადგენისთვის საჭირო სპეციფიკური უნარ- ჩვევების განვითარება
სრულად საზოგადოებრივი მეცნიერებების წლიურ პროგრამას შეგიძლიათ გაეცნოთ მითითებულ ბმულზე.
ვრცლად ზემოხსენებული დაპირისპირებისა და იმის შესახებ, თუ როგორ იცვლებოდა დროთა განმავლობაში საგნის სტანდარტის პროექტი, შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
“მე და საზოგადოების” სტანდარტის სამუშაო ვერსიების შედარებითი ანალიზი მოწმობს, რომ ლევან ვასაძის მიერ თავის დროზე დაწუნებული ტერმინებისა თუ თემების უდიდესი ნაწილი ამჟამინდელ ვარიანტში აღარ ფიგურირებს. მათ შორის როგორც სტანდარტიდან, ისე პროგრამიდან ამოღებულია სიტყვები უმცირესობა, გენდერი, ასევე თავი “რისი მწამს და რისი მჯერა”. რატომ მოხდა ასე და ხომ არ იყო ტექსტიდან ამ საკითხების ამოღება ზეწოლით განპირობებული? – ამ თემაზე განათლების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსი ნათია ჯოხაძე გვესაუბრა მიმდინარე წლის მარტში. იგი ზეწოლას ცალსახად უარყოფდა:
რაც შეეხება იმას, თუ რატომ გაქრნენ სტანდარტიდან უმცირესობები, ნათია ჯოხაძე ამბობდა, რომ აქაც იგივე ვითარებაა: განსხვავებულობის ნიშნით დისკრიმინაციის დაუშვებლობის ღირებულება და პრინციპი სტანდარტში რჩება. მისი თქმით, ამ თემაზე აჟიოტაჟი ტყუილად ატეხეს, რადგან მე-მესამეკლასელი ბავშვებისათვის სექსუალური განათლების მიცემას არავინ აპირებდა.
“რაც შეეხება უმცირესობებს, ვინ როგორ იგებს, არ ვიცი, მაგრამ ჩვენ ამაში ნაგულისხმები გვაქვს ენობრივი, ლინგვისტური პრობლემების მქონე ბავშვები, ბავშვები სპეციალური საგანმანათლებლო საჭირობებით და ასე შემდეგ. ვიღაცას თუ სხვანაირად ესმის, ეს მისი პრობლემაა. სექსუალურ საკითხებზე მანდ ლაპარაკი არ ყოფილა: არც პროგრამაში და არც გამყვან შეკითხვებში. არც კი გვიფიქრია. გასაგებია, რომ ერთ მშვენიერ დღეს სექსუალური განათლების კომპონენტები [მოსწავლეს] უნდა მისცე და ეს აუცილებელია, მაგრამ 8 წლის ბავშვთან… ის სხვა კატეგორიებით აზროვნებს. ჩვენ ფსიქოლოგებთან ერთად ვამუშვაბეთ ამ საკითხებს”.
მისივე თქმით, განსხვავებულობის ნიშნით დისკრიმინაციის დაუშვებლობა და თანასწორობა ამ საგნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვნაესი ღირებულებაა:
“ეს პათოსი ამ საგანში დევს. ეს საგანი ამიტომ შეიქმნა, რომ [ბავშვებში] ასაკის შესაბამის ღირებულებთა ფორმირებას შეუწყოს ხელი. სხვა შემთხვევაში ჩვენ ეს საგანი არ გვაინტერესებს… თუ არაფერზე უნდა ვილაპარაკოთ, არ არის ეს საინტერესო. იგივე თანასწორობა, გენდერული თანასწორობა… უბრალოდ სიტყვა გენდერი არ შემოგვაქვს მე-3, მე-4 კლასში, მაგრამ მანდ არის არადისკრიმინაციული, არაძალადობრივი, განსახვავებულის პატივისცემა. რა ტერმინებსა და სიტყვებს დავარქმევთ, ეს სხვაა, მაგრამ ღირებულებებათა ღერძი ესაა. არც ერთი მოლაპარაკებების დროს ამას არ დავთმობდით და არც დაგვითმია”, – აცხადებდა ჯოხაძე.
“მოსწავლემ უნდა შეძლოს ქცევის წესების გათავისება, თანატოლებთან მათი შეთანხმება და დაცვა; შემწყნარებლობის გამოვლენა განსხვავებული კულტურის, ეროვნების, შესაძლებლობების მქონე ადამიანების მიმართ”, –ესაა “მე და საზოგადოების” ერთ-ერთი მიზანი.
რაც შეეხება იმას, თუ როგორ წარმოუდგენიათ ექსპერტებს ზემოხსენებული საკითხის მოსწავლეებისათვის სწავლების პროცესი, პროგრამაში რამდენიმე კონკრეტულ რეკომენდაციას ვხვდებით:
“[მოსწავლის მხრიდან] მეგობრობის წერილის მიწერა თანატოლისთვის, რომელიც განსხვავებული ეთნოსის, კულტურის, რელიგიის წარმომადგენელია”.
“გონებრივი იერიში თემაზე: გოგონებისა და ბიჭების მსგავსი და განსხვავებული თვისებები, თანაბარი უფლებები და შესაძლებლობები”.
“სტუმრის მოწვევა, რომელიც საქართველოს რომელიმე ქალაქის/უბნის მრავალფეროვნებაზე მოყვება (მაგ., უამბობს, რა სიკეთე მოუტანა ასეთ უბანში/ქალაქში ცხოვრებამ, რა პრობლემები ჰქონდათ, როგორ გადაჭრეს)”.
“მხატვრული ფილმიდან „მზე შემოდგომისა“ ნაწყვეტების განხილვა, სადაც თბილისური ეზოს მრავალფეროვნება და ურთიერთთანადგომა ჩანს”.
საგნის თავდაპირველ ვარიანტში არსებობდა ასეთი თავი: რისი მწამს და რისი მჯერა. ნათია ჯოხაძის განმარტებით, ეს საკითხი ეხებოდა რელიგიას, თუმცა მოსწავლეებისთვის რელიგიური მიმდინარეობების სწავლებას არ ითვალისწინებდა. დღეისათვის, ჯოხაძის განმარტებით, ექსპერტების გადაწყვეტილებით ეს თემა “მე და საზოგადოების” სტანდარტიდან საერთოდ ამოღებულია. მისი თქმით, ამ საკითხზე თავისი მოსაზრებები ჰქონდა საპატრიარქოს, რომლის განათლების ცენტრის წარმომადგენლები სტანდარტის არაერთ განხილვას დაესწრნენ. საინტერესოა, რომ განათლების სამინისტროს განცხადებით, საპატრიარქოს თავისი შენიშვნები მათთვის წერილობით არ გაუგზავნია და მხოლოდ ზეპირსიტყვიერად ხდებოდა კომუნიკაცია. რაც შეეხება იმას, თუ როგორ მოხვდა საპატრიარქო კონსულტაციებზე, ნათია ჯოხაძე აცხადებს, რომ საპატრიარქოს განათლების ცენტრმა საგნის სტანდარტისადმი ინტერესი თვითონ გამოიჩინა.
საპატრიარქომ “მე და საზოგადოების” სტანდარტზე არაერთი განცხადება გაავრცელა და საზოგადოებას აცნობა, რომ ტექსტიდან მათთვის მიუღებელი ტერმინები ამოიღეს, თუმცა ეს არ ეხება თემას: რისი მწამს და რისი მჯერა, რომლის ამოღებაც, ჯოხაძის ინფორმაციით, საპატრიარქოს არ სურდა. მისი განმარტებით, საპატრიარქოს თემის მოდიფიცირების სურვილი ჰქონდა, თუმცა ექსპერტებმა მიიჩნიეს, რომ რელიგიურ თემებზე სასაუბროდ მე-3, მეოთხეკლასელი ბავშვები პატარები არიან.