ახალი ამბები

კანონპროექტი იურიდიულ პირებს პარტიის დაფინანსებას უკრძალავს

14 დეკემბერი, 2011 • • 1077
კანონპროექტი იურიდიულ პირებს პარტიის დაფინანსებას უკრძალავს

ახალი კანონპროექტის მიხედვით, იურიდიულ პირებს პარტიის დაფინანსება აეკრძალებათ, ფიზიკური პირებს კი შეეძლებათ, 30 ათასის ნაცვლად ამა თუ იმ პარტიას 60 ათასი ლარი შესწირონ. გარდა ამისა, ცვლილებების მიხედვით, ლიმიტი წესდება პარტიების საწევრო წლიური ოდენობაზე-   თითოეული წევრისაგან  საწევრო შენატანი 1200 ლარს არ უნდა აღემატებოდეს.  პარტიის მიერ წლის განმავლობაში მიღებული სახელმწიფო დაფინანსება, შემოწირულობებისა და სხვა კანონით დაშვებული ფორმით მიღებული შემოსავლის ჯამური რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ოფიციალურად გამოქვეყნებულ წინა წლის საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის 0.2 %-ს.

აღნიშნული ცვლილებები “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში შედის.

კანონპროექტის მიღების მიზეზად განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ ევროპის საბჭოს ანტიკორუფციული ქვეკომიტეტი – GRECO (სახელმწიფოთა ჯგუფი კორუფციის წინააღმდეგ) აფასებს წევრი სახელმწიფოების ანტიკორუფციულ კანონმდებლობასა და პრაქტიკას. შეფასება ხორციელდება რაუნდებად, სხვადასხვა თემების მიხედვით, რასაც შედეგად მოსდევს რეკომენდაციების გამოცემა არსებული ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელად.
ანტიკორუფციული რეფორმების პრიორიტეტულობიდან გამომდინარე, სახელმწიფო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ამ სფეროში ევროსაბჭოს სტანდარტებთან დაახლოებას.

ანტიკორუფციული სფერო საკმაოდ მრავალმხრივია და იგი ასევე მოიცავს პოლიტიკური პარტიების დაფინანსების თემას.

პოლიტიკური კორუფციის რისკის თავიდან აცილების მიზნით განხორციელებულ ცვლილებად აფასებს აღნიშნულს ანტიკორუფციული საბჭოს სამდივნო და გამოკვეთს იურიდიული პირის მიერ პარტიის დაფინანსების  სამ სარისკო საკითხს.

  • ერთი პირის მიერ რამდენიმე იურიდიული პირის დაფუძნებით მარტივადაა შესაძლებელი შემოწირულობათა ლიმიტის გვერდის ავლა.

  • იურიდიული პირი, შუალედური იურიდიული პირების გავლით, შეიძლება ფლობდეს სხვა კომპანიის წილს, რაც ართულებს შემომწირველის რეალური ვინაობის დადგენასა და პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის დაფინანსების გამჭვირვალობის  უზრუნველყოფას.

  • ლიბერალური ეკონომიკის პირობებში იურიდიული პირის წილის მფლობელი შესაძლოა იყოს უცხო ქვეყნის მოქალაქე ან საერთოდაც სხვა სახელმწიფო, რაც შესაძლებელს ხდის უცხო ქვეყნის ინტერვენციას შიდა პოლიტიკურ პროცესებში.

კანონპროექტში ამ ცვლილებას პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილი საქართველოს პოლიტიკურ პროცესებში ჩრდილოელი მეზობლის, რუსეთის ჩარევით ხსნის.

განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” მიერ შემოთავაზებულია შესაბამისი რეკომენდაცია, სადაც აღნიშნულია – “საჭიროა, კანონის ისეთი სახით ფორმულირება, რომ ერთმა და იმავე პირმა მის მფლობელობაში არსებული სხვადასხვა იურიდიული პირის საშუალებით ვერ შეძლოს ერთი პარტიისთვის 100 000 ლარზე მეტის გადარიცხვა.”

კანონპროექტში ხაზგასმულია, რომ ცალკე უნდა დარეგულირდეს პოლიტიკურ პარტიებთან დაკავშირებული იურიდიული პირები, რომელთა მეშვეობითაც პოლიტიკურ პარტიას შეუძლია გვერდი აუაროს დაფინანსებაზე არსებულ შეზღუდვებს და პარტიის მიერ ხარჯების გაღებისა და დეკლარირების ნაცვლად აღნიშნული განახორციელოს „მისი“ ორგანიზაციის მეშვეობით.

კანონპროექტის ავტორები აღნიშნული ცვლილების გასამტკიცებლად ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციას იშველიებენ, რომლის თანახმადაც, პოლიტიკური პარტიისთვის დადგენილი შეზღუდვები დაფინანსებისა და დეკლარირების ნაწილში უნდა გავრცელდეს იურიდიულ პირზეც, თუ ის პირდაპირ ან არაპირდაპირ არის დაკავშირებული პოლიტიკურ პარტიასთან, ან სხვაგვარად იმყოფება პოლიტიკური პარტიის კონტროლის ქვეშ.

ქართულ ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრში საკმაოდ უარყოფითი რეაქცია აქვს და ისინი ამ აკრძალვას ბიძინა ივანიშვილისთვის შესაძლო დაფინანსების გზების შესაძლებლობის შეზღუდვას ასახელებენ.

ასევე აღსანიშნავია, რომ 26–27 ოქტომბერს თბილისში ჩამოსული ვენეციის კომისიის ექსპერტები აღნიშნულ საკითხზე არ იყვნენ ინფორმირებულნი.

შეკითხვას, თუ როგორია ვენეციის კომისიის წევრების მოსაზრება სახელმწიფოს ინიციატივაზე იურიდიული პირებისთვის პარტიების დაფინანსების აკრძალვასთან დაკავშირებით, თომას მარკერტმა (ვენეციის კომისიის ექსპერტმა) პრესკონფერენციაზე  შემდეგნაირად უპასუხა:

“ჩვენამდე ასეთი ინფორმაცია არ მოსულა, რომ იურდიულ პირებს აეკრძალოთ პარტიების დაფინანსება. თუმცა ამ მხრივ ერთიანი პრაქტიკა ევროპის სახელმწიფოებში არ არსებობს და ამგვარი აკრძალვების დაწესება ცალკეული ქვეყნების გადასაწყვეტია”.

ამჟამად ცვლილებების პროექტი უკვე გადაგზავნილია ვენეციის კომისიისთვის და დასკვნა უახლოეს მომავალში უნდა გახდეს ცნობილი.

გაერეკოს რეკომენდაციების თანახმად, აუცილებელია, დარეგულირდეს მოქალაქეთა მიერ საწევროს გადახდის საკითხი, რათა არ მოხდეს შემოწირულობების დადგენილი ლიმიტისთვის გვერდის ავლა.

პარტიის ფინანსების აღრიცხვისა და გამჭვირვალობის უკეთ უზრუნველსაყოფად, კანონპროექტი ითვალისწინებს შემოწირულობათა განხორციელებას უნაღდო ანგარიშსწორებით, საბანკო დაწესებულების მეშვეობით.

ასევე, შემომწირველი არ შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე, რომლის წლიური შემოსავლების 15-%–ზე მეტს წარმოადგენს მისი, ან მისი მონაწილეობით შექმნილი საწარმოს სასარგებლოდ განხორციელებული გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვები.

კანონპროექტის თანახმად,  პოლიტიკური პარტიის ფინანსური საქმიანობის კანონიერებასა და გამჭვირვალობაზე მონიტორინგს ანხორციელებს საქართველოს კონტროლის პალატა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ნაცვლად.

მონიტორინგის ორგანოდ შემოთავაზებულია საქართველოს კონტროლის პალატა, რომელსაც თამჯდომარეობს პარლამენტის მიერ 5 წლის ვადით არჩეული კონსტიტუციური თანამდებობის პირი.

სახელმწიფო დამოუკიდებელი მაკონტროლებლის შემოღების რეკომენდაცია ასახულია ვენეციის კომისიის სახელმძღვანელო პრინციპებში პარტიათა დაფინანსების შესახებ.

აღნიშნული კანონპროექტის განხილვა კვირის ბოლოსთვის იგეგმება.

მასალების გადაბეჭდვის წესი