საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი თავის წერილში, რომელიც დღეს, 30 მაისს გამოაქვეყნა, აცხადებს, რომ მთელ რესურსს გამოიყენებს, რათა ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გუნდმა ხელისუფლებაში კვლავ მოსვლა ვერ მოახერხოს:
“სიცრუის მანქანა ათასგვარ ცილისწამებას ავრცელებს ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესახებ და პირად ჩემს მიმართაც. ამის მიზეზი მხოლოდ ის კი არ არის, რომ მნიშვნელოვანი წვლილი მიმიძღვის მათ დამარცხებაში, სააკაშვილის გუნდის გაღიზიანებას კიდევ უფრო მეტად იმიტომ ვიწვევ, რომ ძალაუფლების დაბრუნებისთვის ბრძოლაში მათთვის სერიოზულ დაბრკოლებას წარმოვადგენ, რაშიც ნამდვილად არ ცდებიან. აუცილებლად გამოვიყენებ მთელ ჩემს რესურსს, რათა დროის უკან შემობრუნება ვერ შეძლონ და ქვეყანა ისევ საკუთარი სადისტური ექსპერიმენტების ლაბორატორიად არ გადააქციონ”, – აცხადებს ივანიშვილი.
შეგახსენებთ, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში მიხეილ სააკაშვილის პარტია – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა დაამარცხა ბიძინა ივანიშვილის მიერ არჩევნებამდე ერთი წლით ადრე შექმნილმა კოალიცია “ქართულმა ოცნებამ”. მორიგი საპარლამენტო არჩევნები 2016 წლის 8 ოქტომბერს გაიმართება, თუმცა უკვე ცნობილია, რომ კოალიცია “ქართული ოცნების” შემადგენლობაში აღარ იქნებიან თავისუფალი დემოკრატები, რეპუბლიკელები, ეროვნული ფორუმი. ივანიშვილმა დღევანდელი წერილით მოსახლეობას ისევ “ქართული ოცნების” მხარდაჭერისკენ მოუწოდა.