თბილისში ახალი პარტიის “სახელმწიფო ხალხისთვის” ყრილობა იწყება. პარტია ცნობილმა საოპერო მომღერალმა პაატა ბურჭულაძემ დააფუძნა.
პაატა ბურჭულაძემ პოლიტიკაში ჩართვის შესახებ 2016 წლის მაისში ჯერ წერილი გაავრცელა, შემდეგ კი ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ მის მიერ დაფუძნებული პარტია საპარლამენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას
“ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება ძლიერად შევიდეთ პარლამენტში, ამას მოვახერხებთ და შესვლის შემდეგ ვითანამშრომლებთ ყველა ოპოზციურ ძალასთან,” – განაცხადა მაშინ ბურჭულაძემ.
„საქართველოს სჭირდება გაერთიანება საერთო მიზნების გარშემო, წარსული შეცდომების შეფასება, გამარჯვებებით, მიღწევებითა და დასავლეთისკენ აღებული გეზით სვლა. დღეს არის სწორედ ის დღე, როდესაც ჩვენ უნდა შევუდგეთ მოქმედებას“, – აღნიშნავს პაატა ბურჭულაძე პარტიის მიერ 27 მაისს გავრცელებულ ინფორმაციაში.
ამავე წყაროს მიხედვით, 2016 დასაწყისში პაატა ბურჭულაძე ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვია.
“ამერიკელ პოლიტიკოსებთან აქტიური შეხვედრები გამართა, რომელზეც ამ უკანასკნელთ საკუთარი მისწრაფებები დაუდასტურა – საქართველოს პროდასავლური კურსის განმტკიცება – რომელთა განხორციელებასაც სათავე უნდა დაედოს მიმდინარე წლის შემოდგომაზე საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებით”, – ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ ცნობაში.
ამ დროისთვის ცნობილია პარტიის რამდენიმე წევრის ვინაობა – გიორგი რუხაძე, ხათუნა ლაგაზიძე [პოლიტოლოგი] და მერაბ მეტრეველი [ჟურნალისტი].
პაატა ბურჭულაძე, რომელიც მანამდე საქველმოქმედო ფონდების დამფუძნებელი იყო, ბოლო დრომდე უარყოფდა, რომ პოლიტიკური საქმიანობის დაწყებას გეგმავდა. მან საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის სურვილი ოფიციალურად 12 მაისს გამოთქვა, თუმცა მარტში ბურჭულაძის ფონდმა აუდიტის სამსახურს მისწერა, რომ პოლიტიკური მიზნები არ ჰქონდა. ამის გამო აუდიტის სამსახურს ადრე მისი ფონდის ფინანსური მონიტორინგი არ განუხორციელებია.
მნიშვნელოვანი დეტალები:
➽2016 წლის 28 მარტს საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI)გამოაქვეყნა კვლევის შედეგები, რომლის თანახმადაც პაატა ბურჭულაძე მოსახლეობის 75% -ს მოსწონს და ის ყველაზე რეიტინგული ფიგურაა.
➽IRI -ის იმავე კვლევის თანახმად, თუკი პაატა ბურჭულაძის “საქართველოს განვითარების ფონდი” არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს, მესამე ადგილზე გავა ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის შემდეგ. გამოკითხულთა 12% -მაგანაცხადა, რომ ბურჭულაძის ორგანიზაციას დაუჭერდა მხარს, თუკი არჩევნები მომავალ კვირას ჩატარდებოდა.
➽2015: პაატა ბურჭულაძემ “საქართველოს განვითარების ფონდი” 2015 წლის ნოემბერში დააფუძნა. ორგანიზაციის მიზანია “ქვეყნისთვის აქტუალური საკითხების განხილვა და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე დემოკრატიული ძალების კონსოლიდაცია”. ბურჭულაძემ მაშინ განაცხადა, რომ ფონდის მიზანია დაასრულოს ნეპოტიზმის და შიშის ეპოქა. ამასთან, საოპერო მომღერალმა განაცხადა, რომ ფონდის გაძლიერების მიზნით, 2016 წელს დაგეგმილი კონცერტების კონტრაქტები გააუქმა.
➽2014 წლის მაისში პაატა ბურჭულაძემ სასულიერო პირებთან და ღვთისმშობლის ხატებთან ერთად შემოუფრინა თბილისსა და მცხეთას, რის შემდეგაც ვერტმფრენი მახათას მთაზე დაეშვა, სადაც უდიდესი ტაძრის მშენებლობა 2014 წელს დასრულდა. ამ ტაძრის აშენების ერთ-ერთი ინიციატორი პაატა ბურჭულაძე იყო, რომელმაც ამისთვის სპეციალური ფონდი “ივერია” დააარსა. ფონდის ანგარიშზე თანხას მოქალაქეებიც რიცხავდნენ.
➽ 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს პაატა ბურჭულაძეს განიხილავდნენ პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატად. მაშინ განაცხადა, რომ “არც უარს ამბობს და არც -კის”. მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა და კოალიცია “ქართული ოცნების” დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ გიორგი მარგველაშვილს [ამჟამინდელ პრეზიდენტს, რომელიც მაშინ კანდიდატი იყო] კონკურენციას ვერავინ გაუწევდა, მათ შორის პაატა ბურჭულაძეც. თუმცა ივანიშვილი მოგვიანებით თავად დაუპირისპირდა მარგველაშვილს.
➽ 2015 წელს რუსთავი 2-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ბურჭულაძემ რუსეთზე ისაუბრა და განაცხადა, რომ “რუსი დღეს ჩვენს ქვეყანაში ოკუპანტია. ძალიან სამწუხაროა. მე ვერ ვიტყვი, რომ ეს მხოლოდ რუსეთის ბრალია, ეს ჩვენი ბრალიცაა. არასწორი პოლიტიკის ბრალია. მე საერთოდ ძალიან მიყვარს რუსი ადამიანი. მაგრამ ამას ვერ ვიტყვი რუსულ პოლიტიკაზე. რუსული პოლიტიკა ძალიან მკაცრია”.
➽ 2015 წელს პაატა ბურჭულაძემ განაცხადა, რომ მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი ილია მეორე მისთვის #1 ქართველი და ადამიანია: “უწმინდესი არის ადამიანი, რომელიც წყვეტს საქართველოს ცხოვრებას”.