პაატა ბურჭულაძემ პოლიტიკაში ჩართვის შესახებ წერილობითი განცხადების შემდეგ ბრიფინგი გამართა, სადაც კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ დღეიდან შეიქმნა პოლიტიკური მოძრაობა “სახელმწიფო ხალხისთვის”, რომელიც საპარლამენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას.
“მე მყავს პოლიტიკური გუნდი, ჩამოყალიბებული ვართ, თუ რა უნდა გავაკეთოთ. ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება ძლიერად შევიდეთ პარლამენტში, ამას მოვახერხებთ და შესვლის შემდეგ ვითანამშრომლებთ ყველა ოპოზციურ ძალასთან. დღევანდელი სურათით მთელი საქართველოა ჩემ გვერდით”, – განაცხადა ბურჭულაძემ.
მისი თქმით, მაისის თვეში გაიმართება მისი ახალი პარტიის ყრილობა. ბურჭულაძე ამბობს, რომ ჟურნალისტების შეკითხვებს მომავალ კვირაში უპასუხებს პრესკონფერენციაზე.
მან დღეს მოკლედ უპასუხა კითხვას, თუ სად იდგა “9 წლის მანძილზე”, როცა ქვეყანას მართავდა ერთიანი ნაციონალური მოძრაობა:
“9 წელი მე ვიყავი ჩემი ქვეყნის სადარაჯოზე. 9 წელი კი არა, საერთოდ, 25 წელი, ვინც კი მოდიოდა მთავრობაში, ეს იქნებოდა გამსახურდია, შევარდნაძე, სააკაშვილი თუ ივანიშვილი, მე ვიყავი მის გვერდში იმიტომ, რომ რაღაც ახალი იქმნებოდა და რაღაც ახალი იმედი ეძლეოდა ხალხს. დღეს მე ვერ ვხედავ ვერც ერთ ადამიანს, ვის გვერდში შეიძლება დადგომა. ქვეყანა არის ძალაინ ცუდ მდგომარეობაში. ეს იმიტომ კი არა, რომ მე ძალიან კარგი პოლიტიკოსი ვარ, ან პიროვნება ვარ, მე გეტყვით ერთ რამეს, რომ დღეს ქვეყანა არის ისეთ მდგომარეობაში, მე ვიყავი იძულებული, რომ მიმეტოვებინა ჩემი კარიერა, ჩემი ძალიან ტკბილი და კარგი ცხოვრება და ჩავდგომოდი ამ პოლიტიკურ ძალას სათავეში”.
პაატა ბურჭულაძემ პოლიტიკაში ჩართვის შესახებ დღეს განაცხადა. მან ამის თაობაზე სპეციალური განცხადება გაავრცელა.