შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სამცხე-ჯავახეთში მცხოვრებმა ხუთმა მოქალაქემ ცეცხლსასროლი იარაღი და დიდი ოდენობით საბრძოლო მასალა პოლიციას ნებაყოფლობით ჩააბარა.
ამავე უწყების ცნობით, სულ ჩაბარებულია:
სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 4113 საბრძოლო ვაზნა;
3 კილო და 700 გრამი ტროტილი;
75 ხელყუმბარა;
6 გადაჭრილი თოფი;
1 თვითნაკეთი პისტოლეტი;
1 თვითნაკეთი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი;
8 ქვეითსაწინააღმდეგო ჭურვი;
5 მჭიდი;
39 ამფეთქი ფალია;
7 ტანკსაწინააღმდეგო ნაღმი;
17 საკვამლე კოჭა;
8 ფეთქებადი ჭურვი და 3 სასიგნალო რაკეტა.
შსს არ ავრცელებს ინფორმაციას, კონკრეტულად როდის ჩააბარეს ეს იარაღი მოქალაქეებმა და საიდან ჰქონდათ, ან რა მიზნით.
“აღნიშნული პირები, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობიდან თავისუფლდებიან”, – ნათქვამია შსს-ს მიერ 28 მაისს გავრცელებულ პრესრელიზში.