ახალი ამბები

თვალთვაძე: შეხვედრა განათლების სამინისტროში ფართო ფორმატში ტარდება

27 მაისი, 2016 •
თვალთვაძე: შეხვედრა განათლების სამინისტროში ფართო ფორმატში ტარდება

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი დარეჯან თვალთვაძე ამბობს, რომ დღეს, 27 მაისს განათლების სამინისტროში დაგეგმილი შეხვედრა ფართო ფორმატში ტარდება.

რექტორის მოვალეობის შემსრულებლის თქმით, ეს შეხვედრა სამინისტროს ინიციატივით ტარდება. მისი თქმით, ეს შეხვედრა იმ პროცესის ერთ-ერთი ეტაპის შემაჯამებელი შეხვედრა იქნება, რომელიც სტუდენტების ინიციატივით დაიწყო.

“მინისტრმა საჯაროდ მოიწვია ყველა მხარე, მათ შორის დღეს შეხვდებიან თვითმმართველობის წარმომადგენლები, სხვა უნივერსიტეტის წარმომადგენლები. როგორც გავიგე, “აუდიტორია 115″-ის წევრები არ იქნებიან. ვილაპარაkებთ ზოგადი განათლების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებზე, რაც სტუდენების მიერ იყო ინიცირებული. მთავარი აქცენტი იქნება იმაზე, რაზეც სტუდენტები ლაპარაკობენ”, – განაცხადა დარეჯან თვალთვაძემ.

დარეჯან თვალთვაძის თქმით, მონაწილეთა წრე გაფართოვდა და დღეს ერთ-ერთი ყველაზე ფართო შეხვედრა იქნება, სადაც სწავლების ხარისხსის გაუმჯობესების საკითხებსაც განიხილავენ.

დღეს, 27 მაისს, განათლების სამინისტროში შეხვედრა იმართება, შეხვედრის შესახებ განათლების სამინისტრომ 25 მაისს განაცხადა და ყველა დაინტერესებულ მხარე მიიწვია ღია ფორმატის საერთო შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად.

განათლების სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე შეჯერდება დღემდე მიღწეული შედეგები და მომდევნო ნაბიჯები განისაზღვრება.

 

შეგახსენებთ, რომ 24 მაისს აუდიტორია 115–ის წევრმა ცოტნე ცხვედიანმა განაცხადა, რომ მას უნივერსიტეტის შენობაში ფიზიკურად გაუსწორდნენ სტუდენტური თვითმმართველობის 20–მდე წევრი. თვითმმართველობის წევრების თქმით კი, პროვოკაცია აუდოტორია 115–ის წარმომადგენელმა მოაწყო. ოთხშაბათს, თსუ–ის ადმინისტრაციამ გაავრცელა სათვალთვალო კამერების მიერ გადაღებული ვიდეომასალა, რომელიც ასახავს მომხდარ დაპირისპირებას, სადაც ჩანს ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტი. სამშაბათს საღამოს აუდიტორია 115–მა ხელისუფლებას წაუყენა ულტიმატუმი, რომ 25 მაისის 18:00 საათამდე დაეფიქსირებინათ ნათელი პოზიცია, რომ სტუდენტური თვითმმართველობა გაუქმდება. ულტიმატუმს მთავრობა დათქმულ ვადაში არ გამოხმაურებია, რის გამოც აუდიტორია 115–ის წევრებმა აქცია დაიწყეს და მათ ძალის გამოყენებით დაიკავეს უნივერსიტეტში თვითმმართველობისთვის გამოყოფილი ორი აუდიტორია. ისინი კვლავაც აპირებენ საპროტესტო აქციების გამართვას.

ვრცლად იმ მოვლენების შესახებ, რამაც გამოიწვია თსუ–ში აუდიორია 115–ის და სტუდენტური თვითმმართველობის დაპირისპირება და სტუდენტების საპროტესტო აქციები, იხილეთ ამ ბმულზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი