ახალი ამბები

რამდენად მნიშვნელოვანია მოსახლეობისთვის ადგილობრივი თვითმმართველობა

7 დეკემბერი, 2011 • • 1175
რამდენად მნიშვნელოვანია მოსახლეობისთვის ადგილობრივი თვითმმართველობა
მიიჩნევს თუ არა მოსახლეობა ადგილობრივ თვითმმართველობას მნიშვნელოვან ინსტიტუტად, რამდენად ინფორმირებულნი არიან ისინი ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობის შესახებ, ენდობიან თუ არა ადგილობრივ დონეზე არჩეულ წარმომადგენლებს და აკმაყოფილებთ თუ არა მათი საქმიანობის ხარისხი, როგორია მოქალაქეების ჩართულობის ხარისხი ადგილობრივ საზოგადოებრივ საქმიანობაში – ეს ის საკითხებია, რომლებიც დღეს ფონდმა “ღია საზოგადოება–საქართველომ” ადგილობრივი თვითმმართველობების დემოკრატიის განვითარების წლიურ ანგარიშში წარმოადგინა და ანგარიშის მომზადებაში მონაწილე ექსპერტებთან ერთად შეაჯამა.

ანგარიშში განხილულია 2009–2010 წლების განმავლობაში ქვეყანაში დეცენტრალიზაციის კუთხით მიმდინარე პროცესები. ამ მხრივ კი გამოიყოფა 2009–2010 წლებში ადგილობრივი თვითმმართველობის სფეროში მიღებული კანონმდებლობისა და მისი აღსრულების გაანალიზება, თვითმმართველობის სფეროში ხელისუფლების საქმიანობის, ადგილობრივი პროგრამებისა და პროექტების შეფასება, დეცენტრალიზაციის პროცესის დინამიკის ასახვა.

ადგილობრივი დემოკრატიის ქსელის ცენტრის წარმომადგენლის დავით ლოსაბერიძის შეფასებით, ქვეყანაში თანდათან იკვეთება რეგიონული მოწყობის პერსპექტივა, მაგრამ შესაბამისი სტრატეგიის დეკლამირებას არ მოჰყოლია სამოქმედო გეგმები, კანონები და რეგულაციები. 

“თვითმმართველობებს არ გააჩნიათ ტექნიკური, ადამიანური და ფინანსური რესურსები საკუთარი კომპეტენციის სრულყოფილად განსახორციელებლად. ცენტრალური ხელისუფლება ხშირად თვითონ ახორციელებს თვითმმართველობების კომპეტენციებს და იყენებს ადგილობრივ თვითმმართველობებზე ზემოქმედების მექანიზმებს (განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში). სულ უფრო და უფრო ძლიერდება ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან თვითმართველობის საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობა. მიმდინარეობს მაკონტროლებელი ორგანოების ცენტრალიზაციის პროცესი,” – აღნიშნა ლოსაბერიძემ. 

რაც შეეხება რეგიონული განვითარების პერსპექტივების ანალიზს საქართველოში, ეკონომიკური და სოციალური კვლევების ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორის დავით ნარმანიას განცხადებით, 2009–2010 წლებში განხორციელებული კვლევებით აღმოჩნდა, რომ რეგიონული განვითარების არსებული მოდელი არ ითვალისწინებს ქვემოდან ზემოთ დაგეგმვისა და განვითარების შესაძლებლობას. არ ხდება ფუნქციების რეალური გადატანა ცენტრალური უწყებიდან ქვედა დონეზე. 

“არსებულ პრობლემათა შორის განსაკუთრებით მწვავედ გვესახება შემდეგი: ადგილობრივი თვითმართველობა პრაქტიკულად სრულადაა ფინანსურად დამოკიდებული ცენტრალურ ხელისუფლებაზე. ძალზე მცირეა თვითმმართველი ერთეულების საგადასახადო შემოსავლების ოდენობა,” – აღნიშნა ნარმანიამ.

ადგილობრივი თვითმმართველობების მიმართ საზოგადოების დაბალ ინტერესზე ამახვილებს ყურადღებას ადგილობრივი განვითარებისა და პოლიტიკის დეპარტამენტის, ვარშავის უნივერსიტეტის ექსპერტი პაველ სვიანიევიჩი.

მისი განცხადებით, ადგილობრივი ხელისუფლების მიმართ ინტერესი, ადგილობრივ არჩევნებში ამომრჩეველთა მონაწილეობა საშუალოზე უფრო დაბალია და იმ ევროპული ქვეყნების ჯგუფს უერთდება, სადაც არჩევნებში ამომრჩეველთა მონაწილეობა საშუალოზე უფრო დაბალია. თუმცა სვიანიევიჩი აქვე აღნიშნავს, რომ ამ მხრივ საქართველო კარგად ჩამოყალიბებული ადგილობრივი დემოკრატიის მქონე ქვეყნების მაჩვენებლებს დიდადაც არ ჩამოუვარდება. ამ მხრივ საქართველო უსწრებს დიდი ბრიტანეთის მონაცემებს. თუმცა საგრძნობლად ჩამორჩება ავსტრიას, დანიას, ჰოლანდიას, ესპანეთს, პორტუგალიას. მსგავსი მაჩვენებელი აქვს უნგრეთსა და პოლონეთს. 

რა იცის მოსახლეობამ ადგილობრივი ხელისუფლების შესახებ?

გამგებლის მაგალითზე ჩატარებული კვლევების შედეგად გაირკვა, რომ 2008 წლიდან დღემდე  გამოკითხულ ადამიანებში გამგებლების ცნობადობა 72-დან 55 პროცენტამდე შემცირდა. 

“ეს დაბალი ინტერესი უფრო მეტად ქვეყნის ფუნქციური და ფინანსური დეცენტრალიზაციის ძალიან დაბალ დონეზე მიუთითებს. ადამიანები ჯერ კიდევ თვლიან, რომ ყველაფერი, მათ შორის მაღალ რაიონშიც კი, პრეზიდენტმა უნდა გააკეთოს. თუ არ აქვთ ელექტროენერგია, უწყდებათ წყლის მიწოდება, თუ ადგილობრივი მაღაზია არ იმუშავებს, ისინი მზად არიან, თავად პრეზიდენტს მიწერონ წერილი, რომელიც მათ “მიხედავს”, – აღნიშნა სვიანიევიჩმა.

დასკვნა ეხება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებსაც და აღნიშნულია, რომ პროგრესისა და წინ გადადგმული ნაბიჯის მიუხედავად, 2010 წლის ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები სერიოზული ხარვეზებით ხასიათდებოდა, რაც რეგიონებისთვის ერთ–ერთ მთავარ პრობლემად რჩება.

მასალების გადაბეჭდვის წესი