საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის სიტყვით გამოსვლა თავისუფლების მოედანზე სამხედრო ფიცის დადების ცერემონიალის შემდეგ.
“თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პრეზიდენტო. თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პარლამენტის თავმჯდომარე. თქვენო უწმინდესობავ, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქო. პატივცემულო მთავრობის წევრებო, პატივცემულო დიპლომატებო, პატივცემულო სტუმრებო, ჩვენო საამაყო ჯარისკაცებო, მოგესალმებით. გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს. წელს ჩვენი ქვეყანა თავისი დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავს ზეიმობს. ვულოცავ ამ დღეს მთელ საქართველოს, ყველა ჩვენს თანამემამულეს.
დღევანდელ დღეს ვულოცავ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, მათ, ვისაც უდიდესი წვლილი მიგიძღვით ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის განმტკიცებაში. განსაკუთრებით გილოცავთ თქვენ, საქართველოს ჯარისკაცებო.
დღევანდელი დღე გამორჩეულად ამაღელვებელია წვევამდელებისათვის. დღეს თქვენ დადეთ ფიცი სამშობლოს წინაშე და გახდით ჩვენი ქვეყნის ჯარისკაცები.
მე მჯერა, რომ თქვენ პირნათლად მოიხდით ვალს სამშობლოს წინაშე და არასოდეს დაივიწყებთ, რის ფასად მოიპოვა ჩვენმა ქვეყანამ ეს დამოუკიდებლობა, არასოდეს დაივიწყებთ მათ, ვინც სიცოცხლე შესწირა ჩვენი სამშობლოს დამოუკიდებლობას.
სამშობლოს სამსახური ყველაზე დიდი პატივია. დარწმუნებული ვარ, თითოეული თქვენგანი ჩვენი ქვეყნის ერთგული ჯარისკაცი იქნება და ყოველთვის გემახსოვრებათ, რომ თქვენს ზურგს უკან ჩვენი სამშობლო, ჩვენი საქართველოა.
დამოუკიდებლობის დღეს ვულოცავ საქართველოს შეიარაღებულ ძალებს, ჩვენი ქვეყნის ერთგულ ჯარისკაცებს, განსაკუთრებით საერთაშორისო მისიის მონაწილე სამხედროებს, რომლებიც საქართველოს სახელმწიფოს იცავენ, იცავენ მშვიდობას მსოფლიოში. მადლობა მათ ქვეყნის ერთგულებისთვის და მსოფლიოში ქართველი ჯარისკაცების უშიშარ და თავდადებულ მეომრებად წარმოჩენისთვის.
ამ 25 წლის განმავლობაში საქართველომ რთული გზა განვლო, დიდი მსხვერპლი გაიღო. პატივს მივაგებ სამშობლოსთვის დაღუპული გმირების ხსოვნას.
მეგობრებო.
ჩვენს სამშობლოს ბევრი ტკივილი და გამარჯვება უნახავს, მაგრამ დღევანდელი დღე, დღევანდელი მიღწევები და პერსპექტივები, იმის გარანტიაა, რომ ვიცხოვრებთ უკეთეს, ერთიან და ძლიერ საქართველოში. ჩვენს ქვეყანას წინ აქვს დიდი წარმატებები და გამარჯვებები თითოეული ჩვენი მოქალაქის საკეთილდღეოდ.
მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ წარმატებებს ჩვენ, აფხაზ და ოს ძმებთან ერთად მივაღწევთ, შევძლებთ ტკივილის დაძლევას და უკეთესი მომავლისკენ ერთად განვაგრძობთ გზას.
მეგობრებო, სამშობლოს ჯარისკაცებო, კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს და გისურვებთ მშვიდობას! ღმერთი იყოს თქვენი და მთელი საქართველოს მფარველი”, – განაცხადა პრემიერმა.