ახალი ამბები

განათლების სამინისტრო: სტუდენტების მხრიდან ულტიმატუმის ენით საუბარი მიუღებელია

25 მაისი, 2016 • 1538
განათლების სამინისტრო: სტუდენტების მხრიდან ულტიმატუმის ენით საუბარი მიუღებელია

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ  სტუდენტებთან შეხვედრები სისტემატურად იმართებოდა და სწორედ ერთობლივი მუშაობის შედეგად მოხდა შეთანხმება იმ პრინციპულ ცვლილებებზე, რომლებიც უნდა აისახოს საკანონმდებლო ინიციატივაში.

სამინისტროს ცნობით, შეთანხმება მოიცავდა შემდეგ საკითხებს:

ა. საფაკულტეტო საბჭოებში სტუდენტთა პირდაპირი წესით არჩევნებს

ბ. რექტორისა და რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევის წესის დარეგულირებას

გ. სტუდენტების თვითმმართველობასთან დაკავშირებით კანონის გარდამავალ დებულებაში ისეთი ჩანაწერის გაკეთებას, რომელიც საფუძველს გააჩენდა და განსაზღვრავდა გარკვეულ ვადას, რომლის ფარგლებშიც ჩამოყალიბდებოდა სტუდენტური გაერთიანებების ოპტიმალური მოდელი. აღნიშნული მოდელი უზრუნველყოფდა სტუდენტების მიერ დღის წესრიგში დაყენებული ისეთი საკითხების მოგვარებას, როგორიც არის სტუდენტების უფლებების დაცვა, ადმინისტრაციულ და ფინანსურ რესურსებზე თანაბარი ხელმისაწვდომობა და სხვა.

სამინისტროს ცნობით, გამომდინარე აზრთა სხვადასხვაობიდან, სტუდენტების ორივე მხარეს ეთხოვა, გარკვეულ საკითხებზე წერილობით წარმოედგინათ პოზიციები, რომლის მიღების ვადა დღეს იწურება.

“მიღებული ინფომაციის განხილვის შედეგად დაგეგმილია კანონში ცვლილებების ასახვა. ამასთან, სამინისტრომ აიღო ვალდებულება, შესაბამისი ექსპერტების მონაწილეობით, შეექმნა რეფორმაზე მომუშავე პლატფორმა, რომლისთვისაც სტუდენტების ორივე მხარეს უნდა წარმოედგინა სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების  კანდიდატურები.  ამ ეტაპზე სამინისტრო სტუდენტების მხრიდან ელოდება კანდიდატების წარმოდგენას.

აღსანიშნავია, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გუშინ მომხდარი ინციდენტის გამო სტუდენტებმა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს აღნიშნული შეთანხმებები.  სამინისტრო იმედს გამოთქვამს, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ინციდენტის თაობაზე იმსჯელებს და მიიღებს შესაბამის ზომებს, რადგან დაუშვებელია საუნივერსიტეტო სივრცეში მსგავსი ქმედებები”, – აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.

სამინისტრო იუწყება, რომ მისთვის სტუდენტების მხრიდან ულტიმატუმის ენით საუბარი მიუღებელია.

“ყველა დაინტერესებულ მხარეს კვლავ ვთავაზობთ დაუბრუნდნენ სამუშაო რეჟიმს. სამინისტრო მზად არის სამუშაო პროცესის გასაგრძელებლად და 27 მაისს, 10 საათზე ყველა დაინტერესებულ მხარეს ღია ფორმატის საერთო შეხვედრას სთავაზობს, სადაც შეჯერდება დღემდე მიღწეული შედეგები და მომდევნო ნაბიჯები განისაზღვრება”, – ნათქვამია განათლების სამინისტროს განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 24 მაისს აუდიტორია 115–ის წევრმა ცოტნე ცხვედიანმა განაცხადა, რომ მას უნივერსიტეტის შენობაში ფიზიკურად გაუსწორდნენ სტუდენტური თვითმმართველობის 20–მდე წევრი. თვითმმართველობის წევრების თქმით კი, პროვოკაცია აუდოტორია 115–ის წარმომადგენელმა მოაწყო. დღეს თსუ–ს ადმინისტრაციამ გაავრცელა სათვალთვალო კამერების მიერ გადაღებული ვიდეომასალა, რომელიც ასახავს მომხდარ დაპირისპირებას, სადაც ჩანს ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტი. გუშინ საღამოს აუდიტორია 115–მა ხელისუფლებას წაუყენა ულტიმატუმი, რომ დღეს, 18:00 საათამდე დაეფიქსირებინათ ნათელი პოზიცია, რომ სტუდენტური თვითმმართველობა გაუქმდება. ულტიმატუმს მთავრობა დათქმულ ვადაში არ გამოხმაურებია, რის გამოც აუდიტორია 115–ის წევრებმა აქცია დაიწყეს და მათ ძალის გამოყენებით დაიკავეს უნივერსიტეტში თვითმმართველობისთვის გამოყოფილი ორი აუდიტორია. ისინი კვლავაც აპირებენ საპროტესტო აქციების გამართვას.

ვრცლად იმ მოვლენების შესახებ, რამაც გამოიწვია თსუ–ში აუდიორია 115–ის და სტუდენტური თვითმმართველობის დაპირისპირება და სტუდენტების საპროტესტო აქციები, იხილეთ ამ ბმულზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი