ახალი ამბები

ვენეციის კომისიის შუალედური ანგარიში საქართველოს საარჩევნო კოდექსზე

5 დეკემბერი, 2011 • • 1116
ვენეციის კომისიის შუალედური ანგარიში საქართველოს საარჩევნო კოდექსზე
არჩევნებში დამოუკიდებელი კანდიდატის ჩართვა და მონაწილეობა; ნაკლებად მძიმე დანაშაულის მქონე პატიმრებისთვის ხმის მიცემის უფლება (თავი V); ქვეყანაში ცხოვრების ხანგრძლივი ვადის მოთხოვნის გამო არჩევნებში მონაწილეობის შეზღუდვა; ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ქალებს არჩევნებში მონაწილეობას გაუადვილებს (თავი VI); საარჩევნო სიების შესაბამის ტერიტორიებში ეროვნული უმცირესობების ენაზე წარმოება; ადმინისტრაციული რესურსების არათანაბარი გამოყენება, ასევე, პოლიტიკური პარტიებისა და კამპანიების დაფინანსების არასაკმარისი რეგულირება, – ეს იმ საკითხების არასრული ჩამონათვალია, რომლებზეც რეკომენდაციები ვენეციის კომისიამ საქართველოს ახალ საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით შუალედურ ანგარიშში გამოაქვეყნა.   

კომისიის ანგარიშში, ასევე, ყურადღება აქვს დათმობილი ამომრჩეველთა სიების ფორმირების საკითხსაც და აღნიშნულია, რომ ცესკო არის პასუხისმგებელი ცენტრალიზებული და კომპიუტერული სისტემის ჩამოყალიბებაზე. საარჩევნო სიების ელექტრონული მონაცემები უნდა ეფუძნებოდეს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მონაცემებს. ვენეციის კომისიის რეკომენდაციაა, რომ ეს სიები იყოს გამჭვირვალე და საზოგადოებისთვის ნათელი.      

ასევე, ვენეციის კომისია საარჩევნო კოდექსზე მომუშავე კანონმდებლებს ურჩევს, მოქალაქეობის არმქონე პირებს საარჩევნო კამპანიაში ჩართვის შესაძლებლობა მისცენ.

კომისიის რეკომენდაციაში ხაზგასმულია, რომ მოქალაქეობის არმქონე პირებს ხმის მიცემის უფლება არ აქვთ, თუმცა, ნამდვილად აქვთ იმის უფლება, რომ თავისუფლად გამოხატონ საკუთარი აზრი, შეუერთდნენ და მონაწილეობა მიიღონ პოლიტიკურ დებატებში საარჩევნო კამპანიების დროს.

ვენეციის კომისიის შუალედურ ანგარიშში ნაკლებად მძიმე დანაშაულის მქონე პატიმრებისთვის არჩევნებზე ხმის მიცემის უფლების შესაძლებლობაზეც არის ყურადღება გამახვილებული (თავი 5). 

“ვენეციის კომისია გირჩევთ, შეცვალოთ მე–3 მუხლი, რათა გამოირიცხოს არჩევნებში მხოლოდ იმ პირთა მონაწილეობა, რომლებსაც კრიმინალური დანაშაული აქვთ ჩადენილი. ასეთი დანაშაული (ანუ რაც აუკრძალავს პატიმარს არჩევნებში მონაწილეობას) კანონში უნდა განისაზღვროს, რათა მოხდეს შემდგომში ნებისმიერი ეჭვის თავიდან აცილება. დანარჩენ პირებს, ნაკლებად მძიმე დანაშაულის მქონე პატიმრებს უნდა მიეცეთ არჩევნებში მონაწილეობისა და ხმის მიცემის უფლება,” – აღნიშნულია  ანგარიშში.

ერთ–ერთი პრობლემა, რასაც ანგარიშში ვენეციის კომისია შეეხო, არჩევნებისას ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების საკითხია.   
ვენეციის კომისიაში შიშობენ, რომ საქართველოში საარჩევნოდ ადმინისტრაციულ რესურსებს ყველა მხარე თანაბრად ვერ გამოიყენებს.

“ერთი შეხედვით, ეს დებულება თანასწორი შესაძლებლობის პრინციპს იცავს. თუმცა ამგვარი თანასწორობა სწრაფად შეიძლება შეილახოს, რადგანაც სახელისუფლებო პოლიტიკურ პარტიებს ადმინისტრაციულ რესურსებზე ხელი უფრო ადვილად მიუწვდებათ. ამიტომ ვენეციის კომისია რეკომენდაციას აძლევს ქართველ კანონმდებლებს, მოახდინონ აღნიშნული საკითხის გადამოწმება,” –  ნათქვამია ანგარშში.

„აღნიშნული პრობლემა ნაწილობრივ კანონმდებლობაში სიცხადისა და სიზუსტის ნაკლებობითაა გამოწვეული, რაც ასევე განმეორდა კოდექსის პროექტში“, – აცხადებენ ვენეციის კომიასიაში.

შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტმა მიმდინარე წლის 12 სექტემბერს საარჩევნო კოდექსის ახალი პროექტი განსახილველად ევროპის საბჭოს დამოუკიდებელ ექსპერტთა საკონსულტაციო ორგანოს – ვენეციის კომისიას გაუგზავნა.  

საქართველოს საარჩევნო კოდექსის პროექტის საექსპერტო დასკვნას აწარმოებს ვენეციის კომისია. აღნიშნული კომისიის ოთხი ექსპერტი თბილისში 26–27 ოქტომბერს საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების მოსამზადებლად ქართველ დეპუტატებს, ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

საქართველოს საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნა 17-18 დეკემბერს გამოქვეყნდება.

ამავე თემაზე:
ვენეციის კომისიის ექსპერტთა რეკომენდაციები და სურვილები

მასალების გადაბეჭდვის წესი