თბილისის საკრებულომ ქალაქის ცენტრალურ უბნებში საცხოვრებელ სახლებზე K2 კოეფიციენტის გადამეტებაზე შეზღუდვა დაამტკიცა. ცვლილებები თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცებმდე, დაახლოებით მომავალი 12 თვის განმავლობაში იმოქმედებს. აკრძალვა ამ დროისათვის არ ვრცელდება გარეუბნებზე და რუკაზე დატანილი გავრცელების ზუსტი არეალი თბილისის მერიის ვებ-გვერდზე იქნება ხელმისაწვდომი.
თბილისის არქიტექტურული სამსახურის უფროსის, დიმიტრი მოსულიშვილის განცხადებით, შეზღუდვის თანახმად, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში იკრძალება K2 კოეფიციენტის გადამეტება, რაც ნიშნავს, რომ მშენებლი კომპენსაციის გადახდას ვეღარ შეძლებს და ტერიტორიაზე დასაშვებზე მეტ მიშენებას ვერ გააკეთებს.
“ძირითადი ცვლილება ეხება ე.წ. K2 კოეფიციენტს, ანუ ინტენსივობის კოეფიციენტის ზრდის შეზღუდვას. რაც ნიშნავს, რომ მშენებლობაზე გადამეტება ქალაქის ცენტრალურ ნაწილში აღარ იქნება დასაშვები. ძირითადად ეს არის ვაკის, საბურთალოს, მთაწმინდის, დიდუბე-ჩუღურეთისა და კრწანისის რაონების დიდი ნაწილი,” – განაცხადა დიმიტრი მოსულიშვილმა.
ქალაქის ყველა ქუჩას აქვს საკუთარი კოეფიციენტი. საცხოვრებელ ზონაში მაქსიმალური კოეფიციენტი შეიძლება იყოს 2.5, რაც ნიშნავს რომ მაგალითად, 1000 კვ. მიწის ნაკვეთზე შეიძლება აშენდეს 2500 კვ. საცხოვრებელი ფართი. შეზღუდვა არ ნიშნავს, რომ დეველოპერი განსაზღვრული რაოდენობის სართულის აშენებას შეძლებს, მასზე მაღალი შენობის აშენება აიკრძლება. შეზღუდვა კონკრეტულ ტერიტორიაზე და მის კოეფიციენტზეა დამოკიდებული. როგორც ქალაქის არქიტექტურის ცენტრში აცხადებენ, გამოთვლის ტექნიკა თავად მშენებლებისათვის კარგადაა ცნობილი.
დამოკუმენტი ასევე, ითვალისწინებს მწავნე საფარის შენარჩუნების და რეკრეაციული ზონებში მშენებლობის შესახებ განსაზღვრებებს. ქალაქის იერსახის მოწესრიგების წესები ასევე, დარეგულირდება და არქიტექტურის სამსახური განიხილავს მწვანე სახურავების იდეასაც.
საკრებულომ ინიციატივას ერთხმად დაუჭირა მხარი. ცვლილება მოიწონეს ასევე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც. ენმ-ის წევრის, მამუკა ახვლედიანის განცხადებით, დეპუტატები მსგავს შეზღუდვებს მხოლოდ მიესალმებიან.
თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დაგეგმილი ცვლილების შესახებ ჯერ კიდევ მაისის თვის დასაწყისში განაცხადა. მერის თქმით, ცვლილების მიზანია შეცვალოს წლების განმავლობაში დამკვიდრებული მანკიერი პრაქტიკა – თბილისის ცენტრალური და ისტორიული ნაწილის ქაოტური განაშენიანება ისედაც მჭიდრო დასახლებებში.