ახალი ამბები

მღებრიშვილი: კორცხელის საქმეს დიდი ალბათობით კვალიფიკაცია შეეცვლება

24 მაისი, 2016 •
მღებრიშვილი: კორცხელის საქმეს დიდი ალბათობით კვალიფიკაცია შეეცვლება

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი დღეს პირველად გამოეხმაურა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელში ოპოზიციაზე თავდასხმის ფაქტს. მინისტრმა ინციდენტში მონაწილე მხარეებს გამოძიებასთან თანამშრომლობისაკენ მოუწოდა. მისი თქმით, საქმე შესაძლოა გადაკვალიფიცირდეს. გამოძიება უახლოეს დღეებში დასრულდება.

“მიმდინარეობს ინტენსიური გამოძიება – დაიკითხნენ მოწმეები, დანიშნულია ექსპერტიზები. მოვუწოდებ ინციდენტში მონაწილე მხარეებს, ნუ შემოიფარგლებიან მხოლოდ და მხოლოდ სატელევიზიო განცხადებებით და აქტიურად ითანამშრომლონ  გამოძიებასთან იმისთვის, რომ დროულად მოხდეს სამართლებრივი შეფასება,” – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

“ის ემოციები, რაც საზოგადოებაში, ჟურნალისტებში არსებობს, ჩემთვის აბსოლუტურად გასაგებია. მაგრამ გამოძიება ემოციებზე ვერ იქნება აწყობილი,” – განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა. მისი თქმით, “არსებობს შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები, რომლებიც აუცილებლად დაცული უნდა იყოს”.

სამეგრელოში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელის 53-ე საარჩევნო უბანზე 22 მაისს ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. საარჩევნო უბანთან შეკრებილმა პირებმა პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს: ნიკა მელიას, გიგა ბოკერიასა და კიდევ რამდენიმე წევრს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ენმ-ს განცხადებით, თავდამსხმელები იყვნენ “ქართული ოცნების” ე.წ. ზონდერჯგუფის წევრი სპორტსმენები. მათ რამდენიმე პირი ამოიცნეს.

“უახლოეს დღეებში თუ არა საათებში, ჩვენ მივმართავთ სასამართლოს, რომ გასცეს განჩინება  იმ პირების დასაკავებლად, რომლებიც უკვე იდენტიფიცირებული არიან,” – განაცხადა მინისტრმა. მისი თქმით, იგი გმობს და ემიჯნება ყველანაირ ძალადობას: “ჩემთვის [ძალადობა] მიუღებელია, ვისი მხრიდანაც უნდა მოდიოდეს” – აღნიშნა მღებრიშვილმა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო საქმეს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით (ცემა) იძიებს, თუმცა ამ დრომდე არავინაა დაკავებული.

შს მინისტრის თქმით, 125-ე მუხლით აღძრულს საქმეს “დიდი ალბათობით კვალიფიკაცია შეეცვლება და გამოძიება სხვა მუხლით წარიმართება”.

23 მაისს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დაავალა იუსტიციის სამინისტროს კანონპროექტის მომზადება, რომლითაც გამკაცრდება არჩევნებთან დაკავშირებით ძალადობაზე სანქციები. 24 მაისს იუსტიციის სამინისტრომ წარმოადგინა ცვლილებების პროექტი, რომლითაც საარჩევნო პროცესში ძალადობა, შესაძლოა, 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთით დასჯადი გახდეს. ამ კანონპროექტს მთავრობის სხდომაზე 27 მაისს განიხილავენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი