ახალი ამბები

რა საკითხებს განიხილავენ საქართველოს თავდაცვის და უსაფრთხოების კონფერენციაზე

24 მაისი, 2016 •
რა საკითხებს განიხილავენ საქართველოს თავდაცვის და უსაფრთხოების კონფერენციაზე

დღეს თბილისში საქართველოს თავდაცვის და უსაფრთხოების რიგით მე-10 კონფერენცია (GDSC) გაიმართება. დღეს კონფერენცია მთლიანად ნატოს საკითხებს დაეთმობა.

კონფერენციას ოფიციალურად გახსნიან და მონაწილე სტუმრებს სიტყვით მიმართავენ – საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი, აშშ-ის ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელი ვიცეპრეზიდენტი დეიმონ უილსონი და საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი.

კონფერენციაზე ოთხი ინტერაქტიული თემატიკა განიხილება. დღეს მთავარი აქცენტი მოახლოებულ ვარშავის სამიტზე გაკეთდება. ხვალ  კი სამი ძირითადი თემატიკის განხილვა მოეწყობა – შავი ზღვის ფართო რეგიონის, როგორც ევროატლანტიკური უსაფრთხოების არქიტექტურის განუყოფელი ნაწილის უსაფრთხოება; თანამედროვე საერთაშორისო წესრიგი და მისი მცირე ქვეყნებზე ზეგავლენა და ომის არაკონვენციური განზომილება.

“კონფერენცია აერთიანებს გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, ექსპერტებსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, რომლებიც ინტერაქტიული პლენარული სხდომებისა და ღია დისკუსიების ფორმატში ერთმანეთს გაუზიარებენ საკუთარ მოსაზრებებსა და ხედვებს დღევანდელი საერთაშორისო წესრიგის წინაშე არსებულ უმნიშვნელოვანესი გამოწვევების შესახებ. კონფერენციის მსვლელობისას მაღალი რანგის მონაწილეები ჩაერთვებიან უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხების ფართო სპექტრის განხილვაში, სადაც მთავარი აქცენტი 2016 წლის ვარშავის სამიტზე გაკეთდება”, – ნათქვამია პრესრელიზში, რომელსაც თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

კონფერენციის პარტნიორები არიან ამერიკის შეერთებული შტატების ატლანტიკური საბჭო, თავდაცვისა და უსაფრთხოების კვლევების გაერთიანებული სამსახურების სამეფო ინსტიტუტი (RUSI), აშშ-ის გერმანიის მარშალის ფონდი და კონრად ადენაუერის ფონდი.

კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად დღეს თბილისში ჩამოვიდნენ ლიტვის, ლატვიის და ესტონეთის თავდაცვის მინისტრები.

მასალების გადაბეჭდვის წესი