ახალი ამბები

პრემიერი: გამკაცრდება სანქციები საარჩევნო პროცესებში ძალადობის გამოვლინებაზე

23 მაისი, 2016 •
პრემიერი: გამკაცრდება სანქციები საარჩევნო პროცესებში ძალადობის გამოვლინებაზე

საქართველოს პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, იუსტიციის მინისტრს ავალებს, რომ კანონში გამკაცრდეს სანქციები პოლიტიკურ და საარჩევნო პროცესებში ძალადობის ყოველგვარ გამოვლენაზე.

“ვინაიდან დღეს არსებული კანონი არ ითვალისწინებს მსგავს ფაქტებზე საკმარისად მკაცრ სასჯელს, ვავალებ იუსტიციის სამინისტროს, სასწრაფოდ, უახლოეს მთავრობის სხდომაზე წარმოადგინოს საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებითაც გამკაცრდება სანქციები პოლიტიკურ და საარჩევნო პროცესებში ძალადობის ყოველგვარ გამოვლინებაზე”, – წერია პრემიერის დღეს, 23 მაისს გავრცელებულ განცხადებაში.

კვირიკაშვილის თქმით, ხელისუფლება არ დაუშვებს ძალადობას საარჩევნო პროცესში და რეაგირება იქნება უმკაცრესი ნებისმიერი მოძალადის მიმართ, რომელი პოლიტიკური ძალის მხარდამჭერიც არ უნდა იყოს ის.

პრემიერი აცხადებს, რომ მათი მიზანია, არჩევნები ჩატარდეს დემოკრატიული სტანდარტების დაცვით, თითოეულ მოქალაქეს მიეცეს თავისუფალი არჩევანის გაკეთების საშუალება და ყველა პოლიტიკური სუბიექტისათვის უზრუნველყოფილი იყოს მშვიდი და კონკურენტული საარჩევნო გარემო.

პრემიერმინისტრმა აღნიშნა, რომ სოფელ კორცხელში მომხდარ ინციდენტზე უკვე დაიწყო გამოძიება და შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ელოდება, რომ უმოკლეს დროში გამოავლენენ ძალადობაში ეჭვმიტანილ ყველა პირს, რომლებიც  კანონის მთელი სიმკაცრით აგებენ პასუხს.

22 მაისს, სოფელ კორცხელის 53-ე საარჩევნო უბანზე, ადგილობრივი თვითმმართველობის შუალედურ არჩევნებზე, ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. საარჩევნო უბანთან შეკრებილმა პირებმა პარტია ნაციონალური მოძრაობის წევრებს: ნიკა მელიას, გიგა ბოკერიასა და კიდევ რამდენიმე წევრს ფიზიკური შეუარაცხყოფა მიაყენეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი