ნეტგაზეთი | “მაესტროს” და კიწმარიშვილის კომპანიას შორის დადებული ხელშეკრულების ასლი “მაესტროს” და კიწმარიშვილის კომპანიას შორის დადებული ხელშეკრულების ასლი – Netgazeti
RU | GE  

“მაესტროს” და კიწმარიშვილის კომპანიას შორის დადებული ხელშეკრულების ასლი

საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, “ნეტგაზეთი” გთავაზობთ  2009 წელს გაფორმებული იმ ხელშეკრულების ტექსტს, რომლითაც “მაესტროს” მართვის უფლება “რუსთავის მედიის მართვის კომპანიას” გადაეცა:

საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, “ნეტგაზეთი” გთავაზობთ  2009 წელს გაფორმებული იმ ხელშეკრულების ტექსტს, რომლითაც “მაესტროს” მართვის უფლება “რუსთავის მედიის მართვის კომპანიას” გადაეცა:

ხ ე ლ შ ე კ რ უ ლ ე ბ ა
შპს „რუსთავის  მედიის მართვის კომპანია“-სა  და შპს  „სტუდია მაესტრო“–ს შორის
კომპანიის მართვის უფლებით გადაცემის შესახებ
ქ.თბილსი, 30 ნოემბერი, 2009 წელი

ერთის  მხრივ, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, „რუსთავის მედიის მართვის კომპანია“ ( შემდგომში წოდებული, როგორც „მმართველი“), მისი დირექტორის ერასტი კიწმარიშვილის სახით და მეორეს მხრივ , შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „სტუდია მაესტრო“ ( შემდგომში წოდებული როგორც „მესაკუთრე“), მისი წარმომადგენლის  მამუკა ღლონტის და  მისი დირექტორის ლევან ჩიკვაიძის სახით, მოქმედი საზოგადოების წესდებისა და მისი 2009 წლის  9 ნოემბრის პარტნიორთა კრების გადაწყვეტილების საფუძველზე, ვდებთ წინამდებარე  შეთანხმებას შემდეგზე:

მუხლი 1. ხელშეკრულების საგანი და ზოგადი დებულებანი:

1.1  წინამდებარით, „მესაკუთრე“ ფლობის, სარგებლობისა და მართვის უფლებით გადასცემს „მმართველს“ თავის საკუთრებაში არსებულ კომპანიას, ხოლო „მმართველი“ იღებს და მართავს მას „მეასკუთრის“ ინტერესიდან გამომდინარე და წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე.

1.2 მართვის უფლებით გადასაცემ კომპანიას წარმოადგენს:

შპს „სტუდია მაესტრო“ რეგისტრირებული მცხეთის რაიონის სასამართლოს მიერ 2002 წელის 9 ივლისს, რეგისტრაციის 46/5/ბ–130, ც/კ 236080557 )  მთელი მისი უძრავ–მოძრავი ქონებით და სხვა აქტივებით, მათ შორის მოთხოვნებით და ვალდებულებებით მესამე პირების წინაშე.

1.3 წინამდებარე ხელშეკრულების ხელმოწერის მომენტისათვის მხარეები ერთმანეთს წარუდგენს ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ დანართებს, რომლებიც ადასტურებენ, რომ არ არსებობს სხვა რომელიმე თანამესაკუთრე, ან მოდავე, ან წინამდებარე ხელსეკრულების გაფორმების ხელისშემშლელი  რაიმე სხვა   გარემოება.

მუხლი 2. ხელშეკრულების მოქმედების ვადა

2.1 წინამდებარე ხელშეკრულება ძალაში შედის ხელმოწერის მომენტიდან, ხოლო თუ მხარეები გადაწყვეტენ მის ნოტარიალურად დამოწმებას, მისი ნოტარიალურად დამოწმების დღიდან, ამასთან ნოტარიულად დამოწმებამდე ნაკისრი ვალდებულებები რჩება ძალაში თუ არ მოხდება ხელშეკრულებაში წერილობითი ცვლილებების განხორციელება.

2.2  წინამდებარე ხელშეკრულება მოქმედებს 3 (სამი) წლის განმავლობაში და სრულდება 2012 წლის 1 დეკემბერს.

2.3 მხარეების მიერ  წინამდებარე ხელშეკრულების ვადაზე ადრე მოშლის უფლება. იმ შემთხვევაში თუ მეორე მხარე უხეშად დაარღვევს წინამდებარე ხელშეკრულების პირობებს და არ გამოასწორებს დარღვევას წერილობით გაფრთხილებების მიუხედავად, ან დამატებითი განსაზღვრულ დროში, რომელიც არ უნდა იყოს 14 დღეზე ნაკლები. წერილობითი შეტყობინება ხელშეკრულების ვადაზე ადრე მოშლის შესახებ უნდა გაეგზავნოს მეორე მხარეს ხელშეკრულების მოშლამდე 3 (სამი) თვით ადრე.

2.4 წინამდებარე ხელშეკრულება ავტომატურ პროლონგაციას არ ექვემდებარება, მისი მოქმედების ვადის ამოწურვისას, განახლებული ხელშეკრულების არარსებობის შემთხვევაში „მმართველი“ ვალდებულია გადასცეს მისთვის სამართავად გადაცემული კომპანია გონივრულ ვადებში, რაც არ უნდა აღემატებოდეს 2 თვეს.

2.5.ხელშეკრულების ვადაზე ადრე მოშლა არ ართმევს მხარეებს ხელშეკრულების მოშლამდე შეუსრულებელი ვალდებულებების შესრულების მოთხოვნის უფლებას, თუ ასეთს ჰქონდა ადგილი.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ ხელშეკრულების ვადზე ადრე მოშლის შემთხვევაში, განახორციელებენ საბოლოო ანგარიშსწორებას ერთმანეთში. შეტყობინების მიღებიდან 90 (ოთხმოცდაათი) სამუშაო დღის განმავლობაში, კომპანიის მესაკუთრისათვის მართავაში დაბრუნების აქტის ხელმოწერის თარიღის მდგომარეობით.

მუხლი 3. „მმართველის“ უფლება–მოვალეობანი

3.1. „მმართველი“ ვალდებულია:

3.1.1 მართოს მისთვის გადაცემული კომპანია, როგორც გულისხმიერმა მფლობელმა;

3.1.2.კეთილსინდისიერი კომერსანტის ძალისხმევით, მოიძიოს ინვესტორები, დონორები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემოსავლის სხვა წყაროები;

3.1.3. შეათანხმოს „მესაკუთრესთან“ ამ გარიგების პირობები, რომელთა მოცულობა 100 000 ლარს აღემატება;

3.1.4.დროულად გადაიხადოს კომუნალური და სხვა გადასახადები;

3.1.5.“მესაკუთრისგან“ წერილობით შეტყობინების მიღებიდან ორი დღის ვადაში გადასცეს მას წინამდებარე ხელშეკრულებასთან დაკავშირებული სრული ფინანსური დოკუმენტაცია;

3.1.6.შეიძინოს და დაამონტაჟოს, კომპანიის ხარჯზე ყველა ის მოწყობილობა და დანადგარი, რომელიც აუცილებელია კომპანიის გამართულად ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად;

3.1.7.ხელშეკრულების მოქმედების მთელ პერიოდში სათანადო, გამართულ მდგომარეობაში შეინარჩუნოს კომპანიის უძრავი ქონება და სხვა აქტივები;

3.1.8.დროულად შეატყობინოს „მესაკუთრეს“ იმ გარემოებების შესახებ, რომლებმაც შეიძლება ზიანი მიაყენონ კომპანიას;

3.1.9.დაიცვას გარიგებათა კონფიდენციალურობა;

3.2.“მმართველი“ კისრულობს ვალდებულებას:

3.2.1.გაზარდოს კომპანიის აქტივები (შემოსავლები, გრანტები და ა.შ)ხელშეკრულების დადებიდან 3 (სამი) თვის განმავლობაში 500 000 აშშ დოლარის ღირებულებით, ხოლო 1 (ერთი) წლის განმავლობაში არანაკლებ 2.5 მლნ აშშ დოლარის ღირებულებით.

3.2.2. უზრუნველყოს კომპანიაში დასაქმებულ ჟურნალისტთა პროფესიული დამოუკიდებლობა.

3.2.3. მხოლოდ „მესაკუთრესთან“ შეთანხმებით მოახდინოს ისეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება, როგორიცაა:

კომპანიის დამფუძნებელი პარტნიორების თანამდებობრივი სტატუსის შენარჩუნება ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში;

კომპანიაში დასაქმებული პირების შენარჩუნება, რაც ნიშნავს თანაბარი კვალიფიკაციის პირობებში მათთვის დასაქმების უპირატესობის მინიჭებას.

კომპანიის გრძელვადიანი და მოკლევადიანი სტრატეგიურლი განვითარების გეგმის შემუშავება და დამტკიცება ხელშეკრულების ამოქმედებიდან 2 თვის ვადაში;

სხვა იმ გადაწყვეტილებების მიღება, რაც ხელშეკრულების თანახმად მიჩნეულ იქნება “მნიშვნელოვან (სტრატეგიულ) გადაწყვეტილებად”.

3.3. ამ ხელშეკრულების მონაწილე მხარეებისათვის “მნიშვნელოვან (სტრატეგიულ) გადაწყვეტილებად” ითვლება:

3.3.1. მმართველი რგოლის დაკომპლექტებასთან დაკავშირებული საკადრო პოლიტიკა;

3.3.2. საინფორმაციო სამსახურის ჟურნალისტების შერჩევასთან დაკავშირებული საკითხები (აღნიშნულზე “მესაკუთრეს” ეგზავნება წერილობითი შეტყობინება და მესაკუთრის სურვილის შემთხვევაში ხდება კანდიდატურის განხილვა);

3.3.3. მაუწყებლობის შეწყვეტა ან მაუწყებლობის სტრატეგიის შეცვლა.

3.4. “მმართველის” ბრალეული ქმედების შედეგად კომპანიისათვის მიყენებული ზიანის გამოსწორება ეკისრება მმართველს.

3.5. “მმართველს” უფლება აქვს:

3.5.1. დააწესოს კომპანიის მომსახურების საფასური იმ ოდენობით, რასაც მიიჩნევს მიზანშეწონილად, რათა დაფაროს ანიშნული მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ფიქსირებული და მიმდინარე ხარჯები;

3.5.2. საკუთარი უფლებამოსილების დასამტკიცებლად წარუდგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია პირებს, რომელთანაც კომპანიის სახელით დებს გარგებს;

3.5.3. საკუთარი შეხედულებისამებრ და “მესაკუთრის” წერილობითი თანხმობით, ჩაუტაროს კომპანიის უძრავ და მოძრავ ქონებას სარემონტო–სარეკონსტრუქციო სამუშაოები, გახსნას მის სიახლოვეს კომერციული, სავაჭრო, გასართობი და სპორტულ–გამაჯანსაღებელი ობიექტები; შეცვალოს, გადაადგილოს, გადააკეთოს და შეამციროს საერთო სარგებლობის ფართი ისე, რომ უძრავი ქონება გონივრულად/შესაფერისად ხელმისაწვდომი დარჩეს გამოყენების თვალსაზრისით;

3.5.4. გაატაროს ყველა საჭირო ღონისძიება, რაც ყოველდღიურად ოპერატიული საქმიანობის თვალსაზრისით საჭიროა კომპანიის სამართავად.

მუხლი 4. “მესაკუთრის” უფლება–მოვალეობანი

4.1. “მესაკუთრე” ვალდებულია:

4.1.1. გადასცეს “მმართველს” უფლებრივად და ნივთობრივად უნაკლო კომპანია, ასევე, ასახოს მესამე პირების წინაშე ნაკისრი ყველა ვალდებულება და არსებული დავალიანება დანართში, რომელიც ამ ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს;

4.1.2. გასწიოს წინამდებარე ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი (თუკი ასეთი არსებობს), რაც შეუზღუდავად მოიცავს სანოტარო, სარეგისტრაციო, თარგმანის გადასახადებს, დამოწმების მოსაკრებლებსა და სხვა ფინანსურ გადასახადებს.

4.2. “მესაკუთრეს” უფლება აქვს:

4.2.1. წელიწადში ორჯერ შეამოწმოს გადაცემული კომპანიის მდგომარეობა. შემოწმების დრო წინასწარ თანხმდება “მმართველთან”. შემოწმება იწარმოებს “მმართველის” უფლებამოსილი თანამშრომლის თანდასწრებით;

4.2.2. იმ შემთხვევაში, თუ წინამდებარე ხელშეკრულების მოქმედება შეწყდება ამ ხელშეკრულების 2.3. მუხლის თანახმად, წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული კომპანიის ფლობის სარგებლობისა და მართვის უფლებით გადასცეს მესამე პირს.

შეანაცვლო ”მმართველი”) ან თვითონ იკისროს ”მმართველის” ფუნქციები და გახდეს მოიჯარეებთან დადებული საიჯარო ხელშეკრულებაში ”მმართველის” უფლება მონაცვლე

მუხლი 5. უძრავი ქონების მართვის შედეგად მიღებული შემოსავლების განაწილება და ანგარიშსწორების წესი

5.1. წინამდებარე ხელშეკრულების თანახმად, ”მმართველის” მიერ კომპანიის კეთილსინდისიერად და ჯეროვნად მართვის შედეგად მიღებული მოგების 85% (ოთხმოცდახუთი პროცენტი) წარმოადგენს ”მესაკუთრეს” საკუთრებას.

5.2. ”მმართველს” მის მიერ გაწეული სამუშაოსთვის ანაზღაურების სახით მოგების 15 % (თხუთმეტი პროცენტი)

5.3 ”მმართველის” აპარატის ხარჯების ანაზღაურება ხდება ”მესაკუთრის” მიერ ყოველკვარტლურად დამტკიცებული ბიუჯეტის შესაბამისა; ბიუჯეტის დამტკიცება ხდება წინასწარ.

5.3 თუ ”მესაკუთრე” ამ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში გადაწყვეტს  კომპანიის გასხვისებას. ”მმართველს” გადაეცემა კომპანიის გასხვისების შედეგად მიღებული თანხის 25 %-ი. ამასთან გასხვისებად ითვლება საზოგადოების სადამფუძნებლო წილის 51%-ის მეტის გასხვისება.

5.4. ”მესაკუთრეს” არა აქვს უფლება, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში ”მმართველის” თანხმობის გარეშე გაყიდოს კომპანია 10 000 000 (ათი მილიონი) დოლარზე ნაკლებ თანხად.

5.5 თუ ”მმართველი” ამ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში გადაწყვეტს საკუთარი კომპანიის გასხვისებას, ”მესაკუთრეს” გადაეცემა კომპანიის გასხვისების შედეგად მიღებული თანხის 25 %-ი. ამასთან გასხვისებად ითვლება საზოგადოების სადამფუძნებლო წილის 51%-ის მეტის გასხვისება.

5.6. ”მმართველს” არ აქვს უფლება, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში  ”მესაკუთრის” თანხმობის გარეშე გაყიდოს თავისი კომპანია 10 000 000 (ათი მილიონი) დოლარზე ნაკლებ თანხად.

5.7. მხარეთა წერილობითი შეთანხმებით, ხელშეკრულების 5.3 და 5.5 პუნქტებით გათვალისწინებულ კომპენსაციაზე, კომპენსაციის მიმღებმა მხარემ შესაძლოა თქვას უარი.

5.8. მხარეები იტოვებენ ვალდებულებას, რომ არ გაასხვისონ წილები მეორე მხარისთვის ოთხი თვით ადრე გაკეთებული წერილობითი შეტყობინების გარეშე, ამასთან ეს ვადა მხარეთა წერილობითი შეთანხმებით შეიძლება შემცირდეს.

მუხლი 6. დამატებითი პირობები

6.1. წინამდებარე ხელშეკრულების პირობები განიმარტება საქართველოს ადგილობრივი კანონებით, რომლებიც განსაზღვრავენ მართვის უფლებით გაცემული კომპანიის სტატუსს.

6.2. მხარეები ვალდებულნი არიან დაიცვან კონფიდენციალურობა და არ გაახმაურონ წინამდებარე ხელშეკრულებასთან დაკავშირებული მათთვის ცნობილი ფაქტები. ამასთან ”მმართველი” საკუთარი უფლებამოსილების დასადასტურებლად, უფლებამოსილია წარუდგინოს წინამდებარე ხელშეკრულება პირებს რომელთანაც მმართველი დებს გარიგებას კომპანიის სახელით.

6.3 მხარეები თავისუფლდებიან პასუხისმგებლობისგან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების  შეუსრულებლობისათვის ან არადროული შესრულებისათვის თუ აღნიშნული გამოწვეული იყო ფორს-მაჟორული ვითარებით, რომელიც ასეთად იქნება აღიარებული კომპეტენტური ორგანოს მიერ იმ შემთხვევაში, თუ მხარეები ვერ მიაღწევენ შეთანხმებას, საკითხი გადაწყდება სასამართლოს მეშვეობით.

6.5. მხარეები შეთანხმდნენ, რომ თუ წინამდებარე მართვის ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში “მესაკუთრე” გადაწყვეტს კომპანიის გასხვისებას, მხარეები 4 თვით ადრე აწარმოებენ წინასწარ მოლაპარაკებას, რათა მივიდნენ ორივე მხარისთვის მისაღებ გადაწყვეტილებამდე. თუ ასეთი მოლაპარაკებების შედეგად მხარეები 1 თვის ვადაში ვერ მიაღწევენ შეთანხმებას, მესაკუთრის უფლება-მოვალეობანი გადავა ახალ მესაკუთრეზე და წინამდებარე ხელშეკრულების პირობები დარცება ძალაში. ამასთან, კომპანიაზე საკუთრების უფლების გადაცემისას, “მმართველი” სარგებლობს მისი შესყიდვის უპირატესი უფლებით. რაც გულისხმობს კომპანიის შესყიდვას უფრო შეღავათიანი პირობებით, რა პირობებითაც “მესაკუთრე” შესთავაზებდა მესამე მხარეს.

6.6. წინამდებარე ხელშეკრულების მე-5 მუხლში აღნიშნული თანხების გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში, დამრღვევი მხარე ერთი თვის ვადაში, დამატებით გადაუხდის ჯარიმას მეორე მხარეს გადასახდელი თანხის 0,1 პროცენტის ოდენობით ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის, იმ პირობით, რომ ჯარიმის მთლიანი თანხა არ უნდა აღემატებოდეს მთლიანად გადასახდელ თანხას.

6.7.წინამდებარე ხელშეკრულების პირობების სათანადო შესრულებისთვის, მხარეები უფლებამოსილნი არიან იმოქმედონ მატი კანონიერი და სტატუსით განსაზღვრული უფლებების შესაბამისად.

6.8.წინამდებარე ხელშეკრულების პირობების მოლაპარაკებების პროცესში წარმოებული დისკუსიები და სიტყვიერი განცხადებები, ხელშეკრულების პირობებად არ მიიჩნევა. ხელშეკრულების პირობების ნებისმიერი ცვლილებები, დამატებები ან შესწორებები ქმედუნარიანი ზალის მქონედ არ მიიჩნევა, თუ კი ისინი არაა წერილობით შედგენილი და ხელმოწერილი ორივე მხარის მიერ. წინამდებარე ხელშეკრულებაში ყოველგვარი შესწორებების შეტანის აუცილებლობის სესახებ მხარეებმა უნდა აცნობონ ერთმანეთს მხოლოდ წერილობითი ფორმით. ზეპირ გარიგებას ძალა არა აქვთ.

6.9. წინამდებარე ხელშეკრულება შედგენილია თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ორ, ხოლო ნეიტრალურად დადასტურების შემთხვევაში სამ იდენტურ ეგზემპლარად, ქართულ ენაზე და ინახება მხარეებთან. ნოტარიულად დადასტურებისას ერთი ეგზემპლარი ინახება ნოტარიუსთან.

თან ერთვის:

დანართი 1 –  “მესაკუთრისა” და ‘მმართველის” წესდების ასლები;

დანართი 2 –  “მესაკუთრისა” და ‘მმართველის” დამფუძნებელ პარტნიორთა სხდომის ოქმები უფლებამოსილების მინიჭების და ხელშეკრულების დადების თანხმობის თაობაზე;

დანართი 3 –  ამონაწერები სამეწარმეო რეესტრიდან და ცნობები დამფუძნებელი პარტნიორების თაობაზე;

დანართი 4 –  “მესაკუთრეების” აქტივების და ვალდებულებების ჩამონათვალი, ასევე აქტივებსი შემავალი უძრავი ქონების შესახებ საჯარო რეესტრის ამონაწერები;

დანართი 5 –  “მესაკუთრისა” და ‘მმართველის” ამონაწერი საგადასახადოდან. სედარების აქტი, დავალიანების აქტი.

დანართი 6 –  “მესაკუთრისა” და ‘მმართველის” ცნობები საჯარო რეესტრიდან გირავნობის, იპოთეკის და ყადაღის თაობაზე.


ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნეტგაზეთი