თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის უფროსი ვახტანგ კაპანაძე დღეს გამოეხმაურა ე.წ. კაბელების საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლითაც თავდაცვის სამინისტროს ყოფილ მაღალჩინოსნებს პატიმრობა მიუსაჯეს.
“პროცესი მიმდინარეობს. მე არ მინდა ჩემი საუბრით დავამძიმო ან გავართულო მათი ვითარება. არსებობს შესაბამისი ორგანოები, რომლებიც საქმეს დეტალურად მოიკვლევენ. ჩემი პიროვნული რწმენა არის, რომ იმედია, ეს ბიჭები იქნებიან მართლები”, – განუცხადა კაპანაძემ ჟურნალისტებს პარლამეტში, სადაც თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის სხდომაში მონაწილეობდა.
შეგახსენებთ, რომ 16 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ სახელმწიფოს კუთვნილი 4 მილიონზე მეტი ლარის გაფლანგვაში ბრალდებულ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებს – გიზო ღლონტს, ნუგზარ კაიშაურს, გიორგი ლობჟანიძეს, არჩილ ალავიძესა და დავით წიფურიას 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და 2 წლის ვადით საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოართვა.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შეფასებით, ეს განაჩენი უსამართლო, უკანონო და დაუსაბუთებელია, დაკავებული პირები კი – უდანაშაულოები არიან. “სასამართლომ ვერ გაუძლო პოლიტიკურ ზეწოლას” – განაცხადა IDFI-ის დირექტორმა, გიორგი კლდიაშვილმა, ხოლო ISFED-ის წარმომადგენელმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ სასამართლო უფრო მაღალი სტანდარტით უნდა ხელმძღვანელობდეს.
პარტია “თავსუფალი დემოკრატების” წევრებმა მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილი ივანიშვილთან გარიგებაში დაადანაშაულეს.
18 მაისს “ეროვნულმა ფორუმმა” პრეზიდენტს ამ ადამიანების შეწყალებისკენ მოუწოდა. თავად პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამ საქმეს განსაკუთრებით დააკვირდება.