ახალი ამბები

ივანიშვილი თავის ყველაზე დიდ შეცდომაზე საუბრობს

1 დეკემბერი, 2011 • 1695
ივანიშვილი თავის ყველაზე დიდ შეცდომაზე საუბრობს

ბიძინა ივანიშვილი
ბიძინა ივანიშვილი

“ყურადღებით ვაკვირდები თქვენი ტელეკომპანიის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს და ვხედავ, როგორ ცდილობს ხელისუფლება სხვადასხვა ავანტიურისტების ხელით მოსპოს თავისუფალი სიტყვის ის ნაშთებიც კი, რომელთა შენარჩუნებაც თქვენი და თქვენი კოლეგების დიდი ძალისხმევის შედეგად მოხერხდა”, – ამ სიტყვებით მიმართავს ბიძინა ივანიშვილი ტელეკომპანია “მაესტროს” თანამშრომლებს.

ივანიშვილი ამბობს, რომ დაუშვა ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომა თავის ცხოვრებაში, როდესაც ტელეკომპანია “მე-9 არხი” დახურა.

1996 წელს დაარსებულმა „მეცხრე არხმა“ მაუწყებლობა 1999 წელს დაიწყო და 2004 წლის 1 აპრილს მოულოდნელად დაიხურა. მიზეზი იმ დროს ტელეკომპანიის 300-მდე თანამშრომლისთვის არავის განუმარტავს. 2009 წელს კი ცნობილი გახდა, რომ მილიარდერი ბიზნესმენი არხის აღდგენას აპირებდა, ოღონდ, მოდიფიცირებული ლიცენზიით. არხი მუსიკალურ-გასართობი უნდა ყოფილიყო. კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ კი მაუწყებლობის მოდიფიცირების ნაცვლად 2009 წლის 24 აპრილს „მეცხრე არხს“ ლიცენზია საერთოდ ჩამოართვა. მიზეზი იყო კანონი, რომლის მხიედვითაც, ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია, ზედიზედ 90 დღეზე მეტხანს არ გათიშოს ეთერი. „მეცხრე არხი“ კი 5 წელიწადი იყო გათშული.

“ბევრი სხვა ადამიანის მსგავსად, დავიჯერე მათი ლიბერალური და დემოკრატიული რიტორიკის. ამ დახურვით უნებურად ხელი შევუწყვე დამოუკიდებელი მედიის განადგურების ინერციის გაძლერებას…  კარგად გვახსოვს, თუ როგორი დარტყმა იყო ქართული საზოგადოებისათვის „იმედის“ განადგურება და, აშკარაა, ხელისუფალმა მიიჩნია, რომ უკვე შესაძლებელია მასირებული შეტევა მედიაზე და ბეჭდურ მედიასთან ერთად თქვენი რიგიც დადგა.  როგორც ჩანს, მან ვერ გააცნობიერა, რომ თქვენ გაქვთ ის, რისი დათრგუნვაც შეუძლებელია: თავისუფალი სიტყვისა და თქვენი პროფესიული ღირსების ერთგულება,” – ნათქვამია ივანიშვილის განცხადებაში.

მისივე თქმით, “მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება ყველანაირად ცდილობს გაგვიტყუოს სამართლებრივი სივრციდან და ყველაფერს აკეთებს სიტუაციის დასაძაბად, ჩვენ ერთად აუცილებლად მოვძებნით კანონის ფარგლებში ბრძოლისა და ადამიანებამდე თავისუფალი სიტყვის მიტანის საშუალებებს.”

“მშვიდად იყავით და იცოდეთ, რომ ჩვენ ყველანი ვამაყობთ თქვენით. სწორედ თქვენისთანა ადამიანები ქმნიან ქვეყნის უკეთეს მომავალს!” – მიმართავს ივანიშვილის “მაესტროს” თანამშრომლებს.

შეგახსენებთ, რომ იმავე ადრესატს, ანუ “მაესტროს” თანამშრომლებს, ივანიშვილმა პოლიტიკაში გამოჩენისანავე თავის პირველსავე განცახდებებში მიმართა. განცხადებების მიხედვით, ბიძინა ივანიშვილი გამოთქვამდა მზადყოფნას, ჟურნალისტების წინაშე აეღო ფინანსური ვალდებულება, გაეფორმებინა სარედაქციო დამოუკიდებლობის საგარანტიო ხელშეკრულება, რომლითაც უზუნველყოფილი იქნებოდა ჟურნალისტის თავისუფლება.

ტელეკომპანია “მაესტროს” ოფიციალურად 6 მფლობელი ჰყავს, თუმცა ტელეკომპანია 2009 წლიდან სამი წლის ვადით მართვაში გადაცემული აქვს ეროსი კიწმარიშვილის კუთვნილ კომპანიას. კიწმარიშვილი გუშინ “მაესტროში” შევიდა, თანამდებობიდან დაითხოვა არხის გენერალური დირექტორი და პროდიუსერი. შენობაში შესვლას ვერ ახერხებდნენ თანამშრომლები და რამდენიმე საათით გაითიშა არხის მაუწყებლობა.

ღია დაპირისპირება არხის მმართველსა და დამფუძნებლებს შორის გუშინ დილით მას შემდეგ დაიწყო, რაც წინა ღამით “მაესტრის” პირდაპირ ეთერში ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ გადაიცა.

მასალების გადაბეჭდვის წესი