ახალი ამბები

მამუკა ღლონტმა მედიას მხარდაჭერისკენ მოუწოდა

30 ნოემბერი, 2011 • • 1155
მამუკა ღლონტმა მედიას მხარდაჭერისკენ მოუწოდა

 

ტელეკომპანია “მაესტროს” მაუწყებლობა ცოტა ხნის წინ განახლდა და რამდენიმე წუთში კვლავ გაითშა. მაყურებელს პირდაპირ ეთერში ტელეარხის ერთ–ერთმა დამფუძნებელმა, მამუკა ღლონტმა მიმართა. მან “მაესტროში” მიმდინარე მოვლენებს ოპერაცია “იმედი 2” უწოდა. მისი თქმით, ახლა არის ტელეარხის დახურვის მცდელობა.

 

როგორც მამუკა ღლონტმა განაცხადა, ის საინფორმაციო გამოშვების სტუდიაში შიგნიდან არის ჩაკეტილი და არ იცის, კიდევ რამდენ ხანს შეძლებს პირდაპირ ეთერში საუბარს. ღლონტის თქმით, ტელეარხის ჟურნალისტები გმობენ ეროსი კიწმარიშვილის ქმედებას და მხოლოდ “მაესტროს” დამფუძნებლებს ემორჩილებიან. ტელეკომპანიაში შესვლას ამ დრომდე ვერ ახერხებენ იქ მომუშავე სხვა ადამიანები, ისინი ტელეკომპანიის მიმდებარე ტერიტორიაზე არიან შეკრებილნი.

მამუკა ღლონტმა ასევე აღნიშნა, რომ მათთვის ახლა “მნიშვნელოვანია” მედიის მხარდაჭერა, თუმცა ტელეარხის მაყურებლებს მოუწოდა, თავი შეიკავონ ტელეკომპანიის შენობასთან მისვლისგან. მამუკა ღლონტმა იმედი გამოთქვა, რომ უფლებადამცველები, საერთაშორისო ორგანიზაციები და დიპლომატიური კორპუსი არ მისცემენ საშუალებას ეროსი კიწმარიშილს, “მაესტრო” ჩაახშოს.

ტელეკომპანიის ეთერში ამ წუთებში საუბრობს ტელეარხის ჟურნალისტი ანა ლაპიაშვილი. მისი თქმით, ტელეარხის შენობაში ამჟამად მხოლოდ ჟურნალისტთა ნაწილი იმყოფება და  საშუალებას არ აძლევენ ეროსი კიწმარიშვილს, დაიკავოს ტელეარხის მეორე–მესამე სართულები, საიდანაც ხდება მაუწყებლობა. “მაესტრო” მაუწყებლობას საგანგებო რეჟიმში აგრძელებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი