დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ლაპანაშვილმა “ქართული ოცნება” დატოვა და პაატა ბურჭულაძის პოლიტიკურ მოძრაობას შეუერთდა.
დუშეთის საკრებულოს თავმჯდომარემ დღეს, 23 მაისს, გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მისი გადაწყვეტილების მიზეზი იმედგაცრუება და მმართველი პარტიის მიერ “ძველი მანკიერი პრაქტიკის გაგრძელება” იყო.
“მე გადავწყვიტე დავტოვო პარტია “ქართული ოცნება” და ჩემი მომავალი პოლიტიკური საქმიანობა დავუკავშირო პაატა ბურჭულაძის პოლიტიკურ “მოძრაობას სახელმწიფო – ხალხისთვის”. ჩემი გადაწყვეტილების მიზეზი გახდა ის, რომ საქართველოს მოსახლეობა, ქართველი ხალხი და პირადად მე წლების მანძილზე რისთვისაც ვიბრძოდით და დაპირებები, რისთვისაც გავერთიანდით ქართულ ოცნებაში, სამწუხაროდ, ვერ ან არ შესრულდა. რაც შეეხება ბატონ პაატა ბურჭულაძის მოძრაობას, ვხედავ და დარწმუნებული ვარ, რომ ის შეძლებს იმ პრობლემების მოგვარებას, რაც დღეს არსებობს ქვეყანაში და მის გარეთ, რაშიც მსურს შევიტანო ჩემო მოკრძალებული წვლილი”, – განაცხადა ლაფანაშვილამა.
დუშეთის საკრებულოს თავმჯდომარემ განაცხადა, რომ უფრო კონკრეტულად პარტიის ყრილობის შედეგ ისაუბრებს, რომელიც 28 მაისს გაიმართება.
პარტიის “პოლიტიკური მოძრაობა პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის” წევრმა ხათუნა ლაგაზიძემ განაცხადა, რომ ეს არ იქნება ერთადერთი შემთხვევა, როდესაც მმართველ პარტიას, ” ქართულ ოცნებას”, მისი არაერთი წევრი დატოვებენ.
“ეს ადამიანები იბრძოდნენ ქართულ ოცნებასთან ერთად ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ იმისათვის, რომ უნდოდათ თავისუფალი მედია, თავისუფალი სასამართლო, უნდოდათ თავისუფალი საარჩევნო გარემო და დაცული ადამიანის უფლებები. ჩვენ დღეს ვხედავთ, რომ “ქართული ოცნება” იქცა “ნაციონალური მოძრაობის” შარჟად”, – განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ.
ლაგაზიძეს არ დაუკონკრეტებია, თუ ვინ დატოვებს “ქართულ ოცნებას” ან ვისთან აქვთ მოლაპარაკებები.