ახალი ამბები

კობახიძე: გიგა ბოკერია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების გამოწვევას ცდილობდა

22 მაისი, 2016 •
კობახიძე: გიგა ბოკერია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების გამოწვევას ცდილობდა

“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ კორცხელში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია “ქართული ოცნების” მხარდამჭერების გამოწვევას ცდილობდა.

პარტიის აღმასრულებელი მდივნის თქმით, წყალტუბოს ერთ-ერთ საარჩევნო უბანთან მობილიზებული არიან ერთგვარი ზონდერჯგუფის წარმომადგენლებიც, რომლებიც, მათი ინფორმაციით, ერთ-ერთი მეზობელი რაიონიდან არიან ჩამოყვანილი. ამასთან, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა ისიც, “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები “თავისუფალი ზონის” წევრებთან ერთად გარდაბანში დადგმული სპექტაკლის გამეორებას ცდილობენ.

“თქვენ იცით, რომ გარდაბანში ისინი ძალიან დიდი სხვაობით აგებდნენ არჩევნებს და იმისათვის, რომ შეეფუთად ეს ყველაფერი, დადგეს სპექტაკლი „თავისუფალი ზონის“ მონაწილეობით.

ველოდებით, რომ ასეთივე სპექტაკლები დადგან იმისათვის, რათა ფონი გააფუჭონ, მაგრამ ეს საერთო სურათს მაინც ვერ შეცვლის. საერთო სურათი იქნება ის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მიიღებს საკადრის პასუხს მოსახლეობისგან და ჩვენ მივიღებთ ჩვენს ღირსეულ შედეგს ამ არჩევნებში“,- განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე ამომრჩევლების შესაძლო მოსყიდვასთან დაკავშირებით “თავისუფალი ზონის” მიერ გავრცელებულ ვიდეოსაც გამოეხმაურა.

“მე თვითონ ვნახე ის ვიდეო, რომელზეც არის საუბარი. ეს არის უბრალოდ ღიმილის მომგვრელი. ესეც არის ერთ-ერთი სპექტაკლი. რომელიც შემოგვთავაზეს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „თავისუფალმა ზონამ“,- აცხადებს ირაკლი კობახიძე.

დღეს საკრებულოს შუალედური არჩევნები გლდანის, გარდაბნის, კასპის, წყალტუბოს, ოზურგეთის, ხობის და ზუგდიდის ადგილობრივი მაჟორიტარული ოლქების 45 საარჩევნო უბანზე ტარდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი