ახალი ამბები

გოგი ხუციშვილი: რუსეთის ინტერესების შემსრულებელი ჯიოევაც იქნება

28 ნოემბერი, 2011 • • 1131
გოგი ხუციშვილი: რუსეთის ინტერესების შემსრულებელი ჯიოევაც იქნება
სამხრეთ ოსეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები წინგადადგმული ნაბიჯია, იმ მხრივ, რომ ამ შემთხვევაში არ მოხდა რუსეთის კანდიდატის პირდაპირი დასმა და არჩევნებში ოსი საზოგადოება აქტიურად ჩაერთო – აღნიშნა “ნეტგაზეთთან” საუბარში კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრის დირექტორმა, კონფლიქტოლოგმა გოგი ხუციშვილმა.

“მართალია, სრულიად ოსი ხალხის ინტერესების გამომხატველად ვერ მივიჩნევთ ამას, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, წინ გადადგმული ნაბიჯი არის წინა არჩევნებთან შედარებით, ანუ ის, რომ ძალიან მკვეთრად განსხვავდებოდა სიტუაცია აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, ახლა ასე აღარ ჩანს: აფხაზეთში არჩევნები ტარდებოდა. ყოველ შემთხვევაში, იყო საზოგადოების მხარდაჭერილი კანდიდატურა, ანქვაბის კანდიდატურა, მაგალითად. ვერ იტყვი, რომ აფხაზებს სხვა უნდოდათ და ეს მოახვიეს თავზე. აირჩიეს ისეთი, ვინც არსებულ სიტუაციასა და ვითარებაში აწყობდათ.  

ცხინვალში განსხვავებული იყო სიტუაცია და დამკვიდრებული იყო, რომ ხალხს არავინ არაფერს ეკითხება. დაუყენებდნენ იმას, ვისაც მოსკოვი ჩათვლიდა საჭიროდ. ახლა ასე არ ყოფილა საქმე, უკვე დადებითი ნიშანია, მე მაგალითად არ გამიგია, რომ მოსკოვის ფავორიტი ალა ჯიოევა ყოფილიყოს. ეს გამიგია ბიბილოვზე, ეს იმას ნიშნავს, რომ ამოქმედდა საზოგადოება და ხმა ამოიღო,” – აღნიშნავს ხუციშვილი.

კითხვაზე, რამდენად შეიძლება მივიჩნიოთ ალა ჯიოევა რეგიონში პროქართული ინტერესების გამტარებლად, ექსპერტი ცალსახად უარყოფს ამის შესაძლებლობას და აღნიშნავს, რომ არჩევნებში ამ უკანასკნელის გამარჯვება მხოლოდ კოკოითის კლანური მმართველობის დასასრული იქნება ცხინვალის რეგიონში, რადგან ოპოზიციონერობა სამხრეთ ოსეთში არსებული კორუფციული სქემისა და კლანების დასრულებას ნიშნავს.       

“ალა ჯიოევას ვერ მივიჩნევთ ვერავითარ შემთხვევაში ქართული ინტერესების გამტარებლად, მაგრამ ის, რომ არ არის კოკოითის კლანის წარმომადგენელი, უკვე დადებითი ნიშანია. ამ მხრივ, აწყობილ კორუფციულ სისტემაში, რომელიც არსებობდა სამხრეთ ოსეთში, მოხდა ბზარი. ეს იმას ნიშნავს, რომ ოპოზიციამ გაიმარჯვა და კოკოითს ახლა ძალიან გაუძნელდება, რომ თავისი კლანისთვის ის პოზიციები შეინარჩუნოს, რასაც აპირებდა ბიბილოვის გამარჯვების შედეგად. აქ ხალხი შეწუხებულია იმით, რომ  აბსოლუტურად ყველაფრის მონოპოლიზაციაა და კოკოითის კლანი ბატონობს ამდენი წლის განმავლობაში. უპირველეს ყოვლისა, საზოგადოებას იქ ადგილზე აინტერესებს, რომ ამაში შეიტანონ ცვლილება და ახლა ამას ახერხებენ. ყოველ შემთხვევაში ახლა თუ რუსეთის პოზიციას გადავხედავთ, ის არ იყო მაინცდამაინც აღფრთოვანებული კოკოითის მმართველობით და მათაც პრინციპში ეს ცვლილება უნდა აწყობდეთ,” – განაცხადა ხუციშვილმა.

მისი შეფასებით, სამხრეთ ოსეთში არჩევნების შედეგების გამოცხადების პერიოდში და შემდგომ კოკოითის მხრიდან დესტაბილიზაციის ალბათობა მაღალია.

“სამხრეთ ოსეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ცხინვალის რეგიონში დესტაბილიზაციის საშიშროება რჩება და მაღალია, თუმცა რას მიაღწევს ამით კოკოითი, გაუგებარია, ის ვერ გააუქმებს არსებულ შედეგებს. თვითონ დესტაბილიზაცია რუსეთის ინტერესებშიც არ უნდა შედიოდეს, იმიტომ რომ რუსეთის ინტერესების გამომხატველი და შემსრულებელი ჯიოევაც იქნება და ამ მხრივ რუსეთის ინტერესებს სამხრეთ ოსეთში საფრთხე არ შეექმნება,” – განაცხადა ხუციშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი