საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თამაზ მეჭიაური პარტიის შექმნას გეგმავს და ლევან ვასაძეს თანამშრომლობას სთავაზობს. ამის შესახებ მანდ “მაესტროს” ეთერში განაცხადა.
თამაზ მეჭიაურმა გადაცემაში კიდევ ერთხელ გაახმიანა პრორუსულ ძალებში პოპულარული აზრი, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა რუსეთთან ურთიერთობის გარეშე ვერ აღდგება. ჟურნალისტისს თქმით, მისი [მეჭიაურის] დღის წესრიგი და განცხადებები ლევან ვასაძის განცხადებებთან არის თანხვედრაში. აქედან გამომდინარე ჰკითხა, აქვთ თუ არა მას და ვასაძეს საერთო პოლიტიკური ინტერესი:
“მივესალმები ბატონ ლევან ვასაძის განცხადებებს და მის ხედვებს. მე დიდი სიამოვნებით ვითანამშრომლებდი მასთან. შევთავაზებდი, რომ ის უფრო წინ ყოფილიყო და ამ საქმეს სათავეში ჩადგომოდა. მე არ მაქვს რამე ახირება, რომ აუცილებლად პირველი ვიყო, ჩემთვის მთავარია შედეგი მივიღოთ. მასთან არ მისაუბრია და ჩემი დღევანდელი გამოსვლა შეუძლია მოწოდებად ჩათვალოს. შეთავაზებას ვუკეთებ, რადგან მასთან ბევრი მოსაზრება მაქვს თანხვედრაში,”- განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.
დეპუტატის განმარტებით, პარტია პროქართული იქნება:
“დიდი ალბათობით შევქმნი პარტიას. ამას მხოლოდ მას შემდეგ განვაცხადებ, რაც შევხვდები გიორგი კვირიკაშვილს, საბოლოოდ ჩავაყენებ მას საქმის კურსში. ეს ალბათ ხვალ მოხვდება. დიდი ალბათობით შევქმნი პარტიას. ეს პოლიტიკური ძალა უპირველესად ორიენტირებული იქნება ეროვნულ ინტერესზე, ქვეყნის მთავარი ინტერესი არის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. ”
2016 წლის აპრილში IRI-ის დაკვეთით ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 71% ფიქრობს, რომ რუსეთი საქართველოსთვის საფრთხეს წარმოადგენს. 18%-ს რუსეთი საქართველოს პარტნიორად მიაჩნია.
ხოლო 2016 წელს, NDI-ის დაკვეთით ჩატარებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 68%-ისთვის მისაღებია, რომ საქართველო უნდა გახდეს ნატოს წევრი ქვეყანა.
1995-2015 წლებში საქართველოსთვის სხვადასხვა ქვეყნებისა და ორგანიზაციების მიერ გაცემული გრანტების საერთო ოდენობა შეადგენს 2 071 470 000 აშშ დოლარს. ამ კუთხით ლიდერია ამერიკის შეერთებული შტატები, ხოლო რუსეთის ფედერაციას საქართველოსთვის უსასყიდლოდ არანაირი სახის ფინანსური დახმარება არ გაუწევია. ამ მონაცემებს ოფიციალურ ინფორმაციაზე დაყრდნობით არასამთავრობო ორგანიზაცია IDFI ავრცელებს.