ახალი ამბები

პრემიერი: კოღუაშვილმა ორიოდე დღეში დაუფიქრებელი განცხადებების ყველა რეკორდი მოხსნა

20 მაისი, 2016 • 1158
პრემიერი: კოღუაშვილმა ორიოდე დღეში დაუფიქრებელი განცხადებების ყველა რეკორდი მოხსნა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი და “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ლიდერი გიორგი კვირიკაშვილი ფიქრობს, რომ მისმა ახალმა თანაპარტიელმა და პოლიტსაბჭოს წევრმა, დავით კოღუაშვილმა ორ დღეში დაუფიქრებელი განცხადებების ყველანაირი რეკორდი მოხსნა. ამის შესახებ პრემიერმა დღეს, 20 მაისს ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

“დავით კოღუაშვილი ჩემი ძალიან ახლო მეგობარია. მას ნამდვილად ვერ დავწამებ, რომ ის რაიმე დადებით სენტენციებს განიცდის სააკაშვილის ხელისუფლების მიმართ, თუმცა სამწუხაროა, რომ მან ორიოდე დღეში ძალიან დაუფიქრებელი განცხადებების ყველანაირი რეკორდი მოხსნა. ის, რაც მან ისაუბრა ჩვენი გუნდის ზოგიერთ წევრის (შეიძლება წარსულში წევრის და მომავალში ცალკე პარტიის წარმომადგენლების) მიმართ… ყველა ადამიანი, ვისთან ერთადაც ჩვენ ეს გამარჯვება მოვიპოვეთ, ძალიან გასაფრთხილებელია.  მე ძალიან ვუფრთხილდები, რომ გავაკეთო ისეთი განცხადებები, რომ პიროვნულად რაიმე შეურაცხყოფა მივაყენო ან გული ვატკინო თუნდაც ჩვენს ყოფილ თუ  [ამჟამინდელ] თანაგუნდელებს. განახლების პროცესია და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ თითოეულ ადამიანს გავუფრთხილდეთ. მას მეტი დაფიქრება მართებს, როდესაც ასეთ განცხადბეებს აკეთებს”, – თქვა კვირიკაშვილმა.

დავით კოღუაშვილმა “ქართული ოცნების” ყრილობის შემდეგ რამდენიმე სატელევიზიო და ერთი საგაზეთო ინტერვიუ მისცა. რუსთავი 2-ის ცნობით, მისი ერთ-ერთი განცხადება გოგი თოფაძესა და თამაზ მეჭიაურს ეხება.

მასალების გადაბეჭდვის წესი