ახალი ამბები

შოთა მალაშხია: რუსეთის ეკლესია ყოველთვის იყო სახელმწიფოს დანამატი

25 ნოემბერი, 2011 • 1684
შოთა მალაშხია: რუსეთის ეკლესია ყოველთვის იყო სახელმწიფოს დანამატი

ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე შოთა მალაშხია მიესალმება რუსეთიდან დაბრუნებული საქართველოს პატრიარქის განცხადებას, რომ მან მოსკოვში გამართული შეხვედრების დროს დევნილების საკითხზე გაამახვილა ყურადღება.

“მაგრამ სხვა თემაა თვითონ მართლმადიდებლური რუსული ეკლესია, რომელიც ყოველთვის სახელმწიფო ინტერესებს გამოხატავდა – რუსეთის იმპერიის თუ საბჭოთა რუსეთის. რუსეთის ეკლესია ყოველთვის იყო სახელმწიფოს დანამატი. მეტსაც  გეტყვით, დღევანდელი რუსეთის პატრიარქი ხშირად ჩადიოდა სოხუმში დასასვენებლად და სტუმრობდა იმ ადამიანებთან სახლში, რომლებიც დღეს არიან დევნილები და ცხოვრობენ ახტალაში,“– განუცხადა „ნეტგაზეთს“ შოთა მალაშხიამ.

მისივე თქმით, პატრიარქის მოსკოვში ვიზიტი თავად ილია მეორის გადასაწყვეტია: „ეკლესია და სახელმწიფო გაყოფილია ერთმანეთისგან. მთავარია, პოზიციის დაფიქსირება. ნებისმიერ ადგილზე, ნებისმიერ სტრუქტურასთან მისვლა შეიძლება, მთავარია, რას იტყვი. პატრიარქის პოზიცია იყო ცალსახა და ნათელი – დევნილები უნდა დაბრუნდნენ”.

ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე ამბობს, რომ ეკლესიამ პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობა უნდა მიიღოს, “რადგან ეს არის მნიშვნელოვანი საკითხი, სადაც ყველა ვთანხმდებით, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა უნდა იყოს დაცული, დევნილები უნდა დაბრუნდნენ.  აქ მომხდარი ეთნოწმენდის გამო პასუხი უნდა აგოს იმ სტრუქტურამ, ვინც ეს ჩაიდინა და ეს არის რუსეთის ფედერაცია“.

შოთა მალაშხია ფიქრობს, რომ პატრიარქის რუსეთში ვიზიტი საქართველოს ხელისუფლებაში უარყოფით რეაქციებს არ გამოიწვევს:

„ჩვენ  რა ინფორმაციაც გვაქვს პატრიარქის პოზიციასთან დაკავშირებით, გამორიცხულია, ამას მოჰყვეს  უარყოფითი რეაქცია. მივესალმები პატრიარქის პოზიციას, სადაც საუბარი იყო დევნილების  დაბრუნებაზე და თუ მეტიც ითქვა, რომ ეს ტერიტორიები არის ოკუპირებული  და  რომ აქ მოხდა ეთნოწმენდა, ეს არის ძალიან კარგია. “

საქართველოს პატრიარქი რუსეთში 18 ნოემბერს გაემგზავრა რუსეთის პატრიაქრის 65 წლისათავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად. ვიზიტის ფარგლებში შედგა შეხვედრა რუსეთ–საქართველოს პატრიარქებს შორის, ასევე, კრემლში – რუსეთის პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევთან.

22 ნოემბერს, მაშინ, როცა საქართველოს პატრიარქი მოსკოვში იმყოფებოდა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა:

“რუსეთის ეკლესიამ ჯვაროსნული ლაშქრობა გამოაცხადა საბჭოთა კავშირის აღსადგენად და ამას გამოხატავენ ძალიან ღიად, საქართველოს დამოუკიდებლობის დასასრულებლად”.

ილია მეორე საქართველოში გუშინ საღამოს დაბრუნდა და განაცხადა, რომ მოსკოვში ვიზიტი იყო მეტად მნიშვნელოვანი და სასარგებლო ჩვენი ქვეყნისთვის.

მასალების გადაბეჭდვის წესი