ახალი ამბები

ეკა ხერხეულიძე: პატრიარქის რუსეთში ვიზიტი პერსპექტიული ვერ იქნება

25 ნოემბერი, 2011 • 1518
ეკა ხერხეულიძე: პატრიარქის რუსეთში ვიზიტი პერსპექტიული ვერ იქნება

“საქართველოს პატრიარქის ვიზიტი რუსეთში პერსპექტიული ვერც ერთ შემთხვევში ვერ იქნება, რადგან სწორედ ამ დღეებში განაცხადა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, რომ მან დაიწყო ომი საქართველოს მიმართ და მან  მოახდინა საქართველოს ინტერვენცია და ის არის ოკუპანტი“, – აცხადებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ეკა ხერხეულიძე „ნეტგაზეთთან“ საუბარში.

მისივე თქმით, საზოგადოება პატრიარქის განმარტებებს ელოდება:

„ბუნებრივია, არის ძალიან დიდი მოლოდინი იმისა, რომ როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს, მაინტერესებს საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი რა პოზიციას აფიქსირებს რუსეთის პატრიარქთან, პრეზიდენტთან შეხვედრის დროს, რადგან ჩვენ არ ვართ ამ ვიზიტებით განებივრებულნი. რუსეთში  მხოლოდ და მხოლოდ ჩადიან ადამიანები, რომელთაც თავიანთი სულმოკლეობის ხარჯზე სურთ ანაზღაურების წამოღება საქართველოში და რუსული მიზნების გატარება“.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ამბობს, რომ საქართველოს პატრიარქის ვიზიტი რუსეთში საპატრიარქოსა და საქართველოს ხელისუფლების ურთიერთობას არ დაძაბავს:

„ეს ვიზიტი დაპირისპირებას ვერც ერთ შემთხვევაში ვერ გამოიწვევს,  ვინაიდან პატრიარქი ყოველი წირვის დროს ამბობს, რომ ჩვენ აუცილებლად უნდა დავბრუნდეთ აფხაზეთში, სამაჩაბლოში. ეს არის განაცხადი იმისა, რომ ეს ტერიტორია საქართველოს შემადგენელი ნაწილია. რაც შეეხება რუსეთის დამოკიდეულებას, როგორ ახერხებს პატრიარქი ამ ტექსტის გამეორებას ოკუპანტებთან, ეს ჩემთვისაც საინტერესოა და, ბუნებრივია, ამის მოლოდინი მაქვს.”

ხერხეულიძის განმარტებით,  ხელისუფლებას არ ქვს იმის ვალდებულება, რომ ილია მეორეს ამ ვიზიტზე პასუხი მოსთხოვოს:

„არ გვაქვს იმის ვალდებულება, რომ საქართველოს პატრიარქს მოვთხოვით პასუხი ამის შესახებ. ბუნებრიავია, ეს შეფასდება ან დადებითად, ან უარყოფითად,  მას შემდეგ, რაც თვითონ პატრიარქი გააკეთებს ამ ვიზიტის შესახებ განცხადებას,“– ამბობს ხერხეულიძე.

საქართველოს პატრიარქი რუსეთში 18 ნოემბერს გაემგზავრა და უკან გუშინ საღამოს დაბრუნდა. ილია მეორე მოსკოვში რუსეთის პატრიაქრის 65 წლისათავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად ჩავიდა. ვიზიტის ფარგლებში შედგა შეხვდრა რუსეთ–საქართველოს პატრიარქებს შორის, ასევე, კრემლში – რუსეთის პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევთან.

საქართველოში დაბრუნებულმა პატრიარქმა განაცხადა, რომ მოსკოვში ვიზიტი იყო მეტად მნიშვნელოვანი და სასარგებლო ჩვენი ქვეყნისთვის:

“ჩვენ განსაკუთრებული ყურადღება მივაქციეთ ლტოლვილების ბედს და გვქონდა საუბარი ლტოლვილების შესახებ,” – განაცხადა პატრიარქმა, ”-იმედი არის, რომ ისინი დაბრუნდებიან თავის სახლებში. ჩვენთან არს ღმერთი!  ჩვენ ასევე გვქონდა საუბარი მეფეების – ვახტანგ მეექვსის და თეიმურაზ მეორის– გადმოსვენების შესახებ. ისინი არიან დაკრძალული ასტრახანში და მათ აქვთ დატოვებული ანდერძი, რომ იყვნენ დასაფლავებული საქართველოში. ჩვენ ვთხოვეთ რუსეთის პრეზიდენტსა და პატრიარქ კირილეს, რომ დაგვრთონ მათი გადმოსვენების ნება,” – თქვა ილია მეორემ.

“რუსეთი  არასოდეს იტყვის, რომ ის არის დამნაშავე და ბოდიში აქვს მოსახდელი. წარმოუდგენელია მათთან მოლაპარაკება. ნამდვილად ვერ წარმომიდეგნია ეს საეკლესიო ფორმატში როგორ ხდება”, – აცხადებს ეკა ხერხეულიძე.

დღესვე პარლამენტის პლენარული სხდომის დროს ისტერია უწოდა “ქრისტიან–დემოკრატების” ლიდერმა გიორგი თარგამაძემ ხელისუფლების წარმომადგენლების რეაქციებს პატრიარქის რუსეთში ვიზიტითთან დაკავშირებით:

„რა ისტერია ატყდა თქვენი მხრიდან პატრიარქის ვიზიტზე. ნაცვლად იმისა, რომ ყველა რესურსი გამოიყენოთ და საფრთხეების მინიმიზება მოახდინოთ, მათ შორის პატრიარქის რუსეთში ვიზიტით. თქვენ კათოლიკოს–პატრიარქი  უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენეთ, როცა ის კირილის საიუბილეო ღონისძიებებს ესწრებოდა”, – განაცხადა თარგამაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი