ახალი ამბები

ანონსი – 20 მაისი

19 მაისი, 2016 •
ანონსი – 20 მაისი

წარმოგიდგენთ 20 მაისს გასამართ ღონისძიებათა ანონსს:

10:00 საათზე, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში  აბრეშუმის გზის მე-11 საერთაშორისო კონფერენცია ”ინოვაციები ბიზნესში, განათლებასა და მეცნიერებებში” გაიმართება. კონფერენციაში მონაწილეობას მსოფლიოს 19 ქვეყნის წარმომადგენელი იღებს, 93 სამეცნიერო ნაშრომს 145 მომხსენებელი წარადგენს. ღონისძიების პარტნიორები არიან: ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო და ბიზნესისა და ეკონომიკის საერთაშორისო უნივერსიტეტი (ჩინეთი). კონფერენციაზე მოწვეულნი არიან კერძო, საჯარო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

10:00 საათზე სასტუმროში „ჰოლიდეი ინნ“ დაიწყება კონფერენცია ­ „რწმენის თავისუფლება“. ლიბერალ ინტერნაციონალის წარმომადგენლებთან ერთად, მომხსენებლები იქნებიან ლევან ბერძენიშვილი, პარლამენტის ევროპასთან ინტერგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე და ეკა ჭითანავა, ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის დირექტორი.

10:30 სთ-ზე ‘’პრაიმტაიმის’’ პრესკლუბში ე.წ. კაბელების საქმის მსჯავდებულების შვილები და ოჯახის წევრების პრესკონფერენცია, სადაც ისინი წარადგენენ ვიდეო ფილმს “კაბელების საქმე’’- რეალური ისტორია”.

10:30 საათზე, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური დააჯილდოებს იმ სტუდენტებს, რომლებმაც საქართველოს დამოუკიდებლობის 25წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, მონაწილეობა მიიღეს ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსში თემაზე: „საქართველოს პირველ რესპუბლიკაში განხორციელებული ეკონომიკური რეფორმები და პოლიტიკა”. კონკურსში მონაწილე სტუდენტებისთვის საქართველოს პირველ რესპუბლიკაში განხორციელებული ეკონომიკური რეფორმების შესახებ ფინანსთა მინისტრის საჯარო ლექცია გაიმართება. მისამართი: თბილისის გაფორმების ეკონომიკური ზონა (გეზი) თბილისის შემოსავლელი გზის 36-ე კმ.

11:00 საათზე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი ბრიფინგს გამართავს. თემა: გამოსაშვები გამოცდები 21 მაისს იწყება და მზადება ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის (მედიის წარმომადგენლებს ლეპტოპების მომზადების პროცესის გადაღების შესაძლებლობა ექნებათ). მისამართი: შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი (მინდელის N9).

11:00 “პირველის პრესკლუბში” საპარლამენტო ფრაქცია “მრეწველების” ლიდერი გოგი თოფაძე მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე ბრიფინგს გამართავს. მისამართი:  წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე 595 03 77 22

11:30 „პირველის პრესკლუბში” მცხეთის გამგებლის პირველი მოადგილე მადონა ჯიქია ბრიფინგს გამართავს. თემა: მცხეთის გამგებლისა და მაჟორიტარი დეპუტატის მიმართ „პატრიოტთა ალიანსის“ წევრების მხრიდან გამოთქმული ბრალდება მცხეთის რაიონში განუხორციელებელ პროექტებთან დაკავშირებით. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე 595 03 77 22

12:00 საათზე პრაიმტაიმის პრესკლუბში საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელი რევაზ ფახელიძე პრესკონფერენციას გამართავს თემა: ერთსქესიანთა ქორწონების შესახებ და მსოფლიო კონგრესის შესახებ.

12:00 საათზე, საინფორმაციო სააგენტო ,,პირველის“ პრეს–კლუბში  „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – აფბა“–ს ვიცე პრეზიდენტი, გიორგი კაპანაძე ბრიფინგს გამართავს. თემა:  ფიჭური კავშირგაბმულობის ბაზარზე მომხმარებელთა უფლებები დაუცველია.  მისამართი: ქ. თბილისი, აკ. წერეთლის გამზირი #116, ბიზნესცენტრი  „დიდუბე პლაზა“, მეორე სართული.

12:00 საათზე, პერსონალური მონაცემების დაცვის საათი აღინიშნება. ღონისძიებების ფარგლებში გაიმართება დისკუსიები, ვიქტორინა, საინფორმაციო პოსტერების გამოფენა, თბილისსა და რეგიონებში მომსახურების სააგენტოებში დარიგდება საინფორმაციო მასალა. ილიაუნის „ლიგამუსში“ (მის: თბილისი, ჭავჭავაძის 32) საჯარო ლექციას ინსპექტორი თამარ ქალდანი დაესწრება. კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსსა და სამედიცინო უნივერსიტეტში საჯარო ლექციას ინსპექტორის აპარატის წარმომადგენლები წაიკითხავენ.

13:00 საათზე, დუშეთში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს ,,საქართველოს ფოსტა“ რიგით მე-16 სერვის-ცენტრს გახსნის, სადაც დუშეთის მოსახლეობას საშუალება ექნება უნივერსალური მომსახურებით ისარგებლოს.

14.00 საათზე, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიის სხდომა. დღის წესრიგი: 1. თბილისის საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონთან დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიებების პრეზენტაცია. მომხსენებელი: ლევან ჯღარკავა – შპს ,,თბილსერვის ჯგუფი“ -ს ხელმძღვანელი; მის: თავისუფლების N:2

16:00 საათზე სოფელ ხურვალეთში, საოკუპაციო ხაზთან მოეწყობა დისკუსია ღია ცის ქვეშ ­ „რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების მცოცავი ანექსია“, რომელსაც ლიბერალ ინტერნაციონალის (LI) ჩამოსული დელეგატები, მოწვეული სტუმრები, რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე და პარლამენტის ფრაქცია „რესპუბლიკელების“ წევრი თამარ ხიდაშელი დაესწრებიან.

16:00 საათზე, კულტურის სამინისტროში გაიმართება გიორგი ლობჟანიძის მიერ თარგმნილი ნაწარმოების „წიგნი ქალილასა და დიმნასი“ პრეზენტაცია. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, მთარგმნელი გიორგი ლობჟანიძე, გამომცემლობა „ბაკმის“ დირექტორი ბონდო მაცაბერიძე და მთავარი რედაქტორი რუსუდან მოსიძე გაუძღვებიან.

17:00 საათზე სპორტის ახალ სასახლეში სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის იდეების კონკურსის ფარგლებში დაფინანსებული პროექტების გამოფენა-პრეზენტაცია გაიმართება. ახალგაზრდული იდეების დასაფინანსებლად მიმდინარე წელს 1 მილიონი ლარი გამოიყო. კონკურსში 200-ზე მეტმა ორგანიზაციამ მიიღო მონაწილეობა. სამინისტროს სათათბიროს გადაწყვეტილებით, სხვადასხვა პროგრამული პრიორიტეტის შესაბამისად, აღნიშნული თანხით 51 ახალგაზრდული პროექტის მხარდაჭერა გახდა შესაძლებელი. გამარჯვებულ ორგანიზაციებს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი შეხვდება.

18:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, სოხუმის დ. არაყიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებლის საიუბილეო კონცერტი გაიმართება. 

მასალების გადაბეჭდვის წესი