პროექტში განხორციელებული ცვლილებები კანონმდებლებს ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი გვინდაძემ გააცნო. თავდაცვის ბიუჯეტის ზრდა კი მან შემდეგნაირად განმარტა:
“ეს ის აუცილებელი დონეა, რაც საჭიროა იმისთვის, რომ ქვეყნის უსაფრთხოება უზრუნველყოფილი იქნას”.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტროს პოზიცია ჯერჯერობით უცნობია.
დღეს საქართველოს პარლამენტმა 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში აღნიშნული ცვლილებები მიიღო და 84 ხმით 4-ის წინააღმდეგ დაამტკიცა.
სამხედრო ექსპერტების შეფასებით, თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტის ზრდა არ ხდება უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, უბრალოდ, ეს არის სახელმწიფო მანქანის გაუმართავი მუშაობის შედეგი.
“თავისთავად, თავდაცვის ბიუჯეტის თუნდაც ზრდა ან კლება წლის განმავლობაში მიუღებელია, იმიტომ, რომ თავდაცვის უწყება მუშაობს პრინციპით, რომ ბიუჯეტი უნდა იყოს წინასწარ დაგეგმილი. შეიარაღებულ ძალებზე საპარლამენტო კონტროლი ნიშნავს, რომ პარლამენტი ამტკიცებს ბიუჯეტს, თითოეულ პროექტს ცალ–ცალკე განიხილავს. ამის შემდეგ თავდაცვის უწყება ვალდებულია, პროექტები განახორციელოს მხოლოდ არსებული ბიუჯეტის ფარგლებში. ხოლო თუ მას დასჭირდება დამატებითი დაფინანსება, ეს მაჩვენებელია იმისა, რომ თავდაცვის უწყება ვერ გეგმავს თავის განვითარებას და თავის აქტიურობას,” – განუცხადა “ნეტგაზეთს” სამხედრო ექსპერტმა გიორგი თავდგირიძემ.
მისივე განცხადებით, არსებობს შემთხვევები, როდესაც რეალურად წარმოიქმნება მიზეზები სამხედრო ბიუჯეტში ცვლილებების შესატანად. თუმცა ამ შემთხვევაში ძნელია განსაზღვრა, თუ რას უნდა ემსახურებოდეს ეს თანხა.
“რა თქმა უნდა, არის შემთხვევები, როდესაც წარმოიშობა რეალობები და საჭიროა ბიუჯეტში ცვლილებები, მაგრამ ამ შემთხვევაში თავდაცვის უწყება არ უნდა შემოიფარგლოს ზოგადი განცხადებით. მან უნდა წარმოადგინოს კონკრეტული პროექტი, კონკრეტული ხარჯთაღრიცხვა, რომელსაც შემდეგ პარლამენტი ან ამტკიცებს, ან – არა. ამით პარლამენტი პოლიტიკურ დასტურს აძლევს ან უარყოფს თავდაცვის უწყების მიერ შემოთავაზებულ აქტივობას. თავისთავად, ზუსტად ეს არის პრევენცია, რომ სახელმწიფო დაცული იყოს სამხედროების მხრიდან დიქტატისგან და შეამციროს ალბათობა გადატრიალებების, სამხედროთა მხრიდან ზედმეტი აქტივობების პოლიტიკაში და ა.შ. ეს არის სწორედ ის, რასაც საპარლამენტო კონტროლის მექანზმი ჰქვია.
დაუსაბუთებელია თავდაცვის ბიუჯეტის 44,6 მილიონი ლარით ზრდა. ეს არის საკმაოდ დიდი რიცხვი. ძალიან ზოგადი ფრაზაა ის, რომ ეს კეთდება ქვეყნის უსაფრთხოებისთვის. თავდაცვის მთელი ბიუჯეტი ემსახურება ქვეყნის უსაფრთხოებას და როდესაც საუბარია კიდევ 45 მილიონზე, ეს უკვე რაღაც კონკრეტული ღონისძიებაა,” – აღნიშნა თავდგირიძემ.
უსაფრთხოების პოლიტიკის ექსპერტი ირაკლი სესიაშვილიც ვერ უკავშირებს გაზრდილ ბიუჯეტს ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფას და სისტემაში შესაძლო კორუფციულ კარუსელზე საუბრობს.
“პირველ რიგში, ჩვენ უნდა შევხედოთ, რამდენად რაციონალურად და ეფექტურად ხარჯავს თავდაცვის სამინისტრო შესაბამის ბიუჯეტს თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის. თავდაცვის სამინისტროს ჰყავს ორი პროფესიონალური სპორტული გუნდი–კალათბურთის და რაგბის. შეერთებულ შტატებსა და ნატო–ს წევრ ქვეყნებში აპრობირებულია, რომ არმიას ჰყავდეს საკუთარი სამოყვარულო, არაპროფესიონალური სპორტული გუნდები. ჩვენს ქვეყანაში ეს ყველაფერი ანომალურად და პირიქით არის. ჩვენ გვყავს პროფესიონალური გუნდები, სადაც პროფესიონალი სპორტსმენები თამაშობენ. შესაბამისად, კოლოსალური თანხები იხარჯება პროფესიონალური გუნდების შენახვისთვის, რომელიც არანაირ კავშირში არაა არც თავდაცვასთან და არც უსაფრთხოებასთან.
შესაბამისად, საუბარი იმაზე, რომ დამატებით წარმოიქმნა აუცილებლობა იმისა, რომ 44 მილიონი დავუმატოთ დავდაცვის სამინისტროს, გაუგებარია. ამ ცვლილებებს მე ვუყურებ, როგორც მორიგ კორუფციულ კარუსელს, ვინ რამდენი გაიღო და ვის რამდენი შეერგო. თავდაცვის მინისტრია ამაზე პასუხისმგებელი, იმიტომ, რომ ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება,” – აღნიშნა სესიაშვილმა.
ნატოს საკითხებში ექსპერტის, ნიკა ჩიტაძის შეფასებით კი, სამხედრო ბიუჯეტი ძალიან დიდი მოცულობით არ იზრდება და, შესაბამისად, ამ ამბის დრამატიზება ამ შემთხვევაში სრულიად უადგილოა.
“ვერ ვიტყვი, რომ თავდაცვის ბიუჯეტი ძალიან დიდი მოცულობით იზრდება. საგანგაშოს ვერაფერს ვხედავ აღნიშნულ ზრდაში და ეს ზრდა ბიუჯეტის სოციალურ პროექტებთან შედარებით მცირეა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველოს ბიუჯეტის პროექტი გაიზარდა დაახლოებით 330 მილიონი ლარით. რაც შეეხება ზრდას, პირველ რიგში, ზრდა განხორციელდა სოციალური პროგრამების მიმართულებით. შესაბამისად, სოციალურ პროგრამებზე გაცილებით უფრო მეტი დაიხარჯება, ვიდრე თავდაცვის ბიუჯეტზე. მე არ ვფიქრობ, რომ აქ რაიმე დარღვევასთან იყოს საქმე და დრამატიზება უნდა მოვახდინოთ ამ ფაქტის. ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ საერთო ბიუჯეტი იზრდება,” – განუცხადა “ნეტგაზეთს” ჩიტაძემ.
გიორგი თავდგირიძე კი თავდაცვის სამინისტროს 2011 წლის ბიუჯეტის ზრდას პირდაპირ ვერ უკავშირებს რეგიონში რუსეთის ფაქტორს და აღნიშნავს, რომ ეს ფაქტი საზოგადოებისთვის არ შეიძლება იყოს შემაშფოთებელი იმ კუთხით, რომ რაღაც უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ხდება ეს ზრდა.
“ძნელია ჩემი მხრიდან განვსაზღვრო, რისთვის გამოიყოფა ეს თანხა. რუსეთის განსაკუთრებული აქტივობა, ძალების კონცენტრაცია ან გააქტიურება რუსული დაჯგუფებების ჩვენს საზღვრებზე, ასეთი რამ არ იკითხება. არც საზღვრის სხვა მონაკვეთებში არის დაძაბულობა. რა თქმა უნდა, ეს ძალიან ზოგადი შეფასებაა.
მეორეს მხრივ, არც პირადი შემადგენლობის ზრდა მომხდარა, არც ხელფასებისა და სოციალური უზრუნველყოფისთვის გამოყოფილი თანხების ზრდაა აუცილებელი, არც ახალი სამხედრო ქალაქები შენდება, ყოველ შემთხვევაში, ასეთი პროექტები არ დაწყებულა.
შესაბამისად, სავარაუდოდ, თავდაცვის უწყებამ ვერ დაგეგმა თავისი ხარჯები, ან ცალკეულ ღონისძიებებში იმაზე მეტი დახარჯა, ვიდრე წინასწარ იყო ბიუჯეტით გათვალისწინებული და ახლა ამ დანაკლისის შევსება უნდათ,” – აღნიშნავს თავდგირიძე.
საქართველოს ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი გვინდაძემ კი აღნიშნული ცვლილება პარლამენტში გამოსვლისას შემდეგნაირად განმარტა:
„ბოლო წლების ტენდეციის მიხედვით, სამინისტროს დაფინანსება მუდმივად იზრდებოდა და 2008 წელს მისმა დაფინანსებამ მთლიანი ხარჯების 23%, მთლიანი შიდა პროდუქტის 8,1% შეადგინა. 2009 წლიდან თავდაცვის სამინისტროს დაფინანსების ოდენობა შემცირდა და მიმდინარე წელს მთლიანი ხარჯების 9,3 % გახდა. მიმდინარე წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტით, თავდაცვის სამინისტროს ასიგნებები დამტკიცებულთან შედარებით 44,6 ათასი ლარით იზრდება და 704,631.2 ათასი ლარი ხდება,“ – განაცხადა გვინდაძემ.
ექსპერტები კი თავდაცვის სამინისტროს საბიუჯეტო საკითხებზე ამ ეტაპზე კონკრეტულ საუბარს არაეფექტურად მიიჩნევენ, რადგან აღნიშნულ უწყებაზე საზოგადოებას არ აქვს ამომწურავი ინფორმაცია საბიუჯეტო სახსრების ხარჯვასთან დაკავშირებით.
“ბიუჯეტის საკითხებთან დაკავშირებით მსჯელობას აზრი აქვს იმ შემთხვევაში, თუ ამ სახელმწიფო უწყების ფინანსური საქმიანობა არის გამჭვირვალე და თუკი საზოგადოებას აქვს ამომწურავი ინფორმაცია, სად იხარჯება საბიუჯეტო სახსრები. სამწუხაროდ, უნდა ავღნიშნო, რომ ძალოვანი უწყებების ბიუჯეტები დახურულია, ინფორმაცია არ ვრცელდება, არ ხდება საჯაროდ შესაბამისი ანგარიშების წარდგენა. მხოლოდ ქვეყნდება ძირითადი მუხლების მიხედვით გაწეული ხარჯები, რაც აბსოლუტურად არაფრისმთქმელია. როგორც წესი, როდესაც ბიუჯეტში ცვლილებები ხდება, ხელისუფლებამ და, შესაბამისად, თავდაცვის სამინისტრომ კონკრეტულად უნდა წარმოადგინონ, თუ სად და რატომ მოხდება ამ თანხების დახარჯვა,” – აღნიშნავს სესიაშვილი.







