საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი გამოეხმაურა ე.წ. კაბელების საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს, რის გამოც “თავისუფალი დემოკრატები” შაბათიდან აქციებს იწყებენ.
“სამწუხაროდ, წელიწადნახევარის განმავლობაში მიმდინარეობს ამ საქმის გამოძიება, მაგრამ კითხვები მეტი დარჩა ამ წუთისთვის, ვიდრე პასუხებია მიღებული და მგონია, რომ ამ საქმის საბოლოო სამართლებრივი და პოლიტიკური შედეგი ჯერ კიდევ წინ არის და ეს თემა დახურული და დასრულებული არ არის. ეს არ არის კარგი მოვლენა და მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველა კითხვას პასუხი გაეცემა სამართლებრივადაც და პოლიტიკურადაც”, – განაცხადა უსუფაშვილმა.
16 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ სახელმწიფოს კუთვნილი 4 მილიონზე მეტი ლარის გაფლანგვაში ბრალდებულ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებს – გიზო ღლონტს, ნუგზარ კაიშაურს, გიორგი ლობჟანიძეს, არჩილ ალავიძესა და დავით წიფურიას 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და 2 წლის ვადით საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოართვა.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შეფასებით, ეს განაჩენი უსამართლო, უკანონო და დაუსაბუთებელია, დაკავებული პირები კი – უდანაშაულოები არიან. “სასამართლომ ვერ გაუძლო პოლიტიკურ ზეწოლას” – განაცხადა IDFI-ის დირექტორმა, გიორგი კლდიაშვილმა, ხოლო ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ სასამართლო უფრო მაღალი სტანდარტით უნდა ხელმძღვანელობდეს.
პარტია “თავსუფალი დემოკრატების” წევრებმა მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილი ივანიშვილთან გარიგებაში დაადანაშაულეს.
18 მაისს “ეროვნულმა ფორუმმა” პრეზიდენტს ამ ადამიანების შეწყალებისკენ მოუწოდა. თავად პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამ საქმეს განსაკუთრებით დააკვირდება.