ახალი ამბები

ბიბილოვი, თუ ჯიოევა?

24 ნოემბერი, 2011 •
ბიბილოვი, თუ ჯიოევა?

ანატოლი ბიბილოვი
ანატოლი ბიბილოვი

27 ნოემბერს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება. პირველ ტურში ანატოლი ბიბილოვმა და ალა ჯიოევამ დანარჩენი 9 კანდიდატი ხმათა საგრძნობი უპირატესობით ჩამოიტოვეს და 25–25 პროცენტით მეორე ტურში გავიდნენ. ეს  შედეგი ორივესთვის  მოულოდნელი იყო.

ბიბილოვმა არც დამალა, რომ უფრო მეტს ელოდა, რადგან კოკოითის ხელისუფლების და კრემლის უპირობო მხარდაჭერა მის მხარეს იყო. ჯიოევაც გაკვირვებული იყო, რადგან მის კონკურენტს არჩევნების წინ ადმინისტრაციული რესურსის სახით სერიოზული ფორა ჰქონდა.

მიუხედავად იმისა, რომ კოკოითი ბიბილოვს საკუთარ მემკვიდრედ ასახელებდა, რეალურად დე ფაქტო რესპუბლიკის ინფორმაციის კომიტეტის ხელმძღვანელს გიორგი კაბისოვს ეხმარებოდა. ამის დასტურია ის, რომ კოკოითის კონტროლირებული მედიასაშუალებები ბიბილოვს ხშირად აკრიტიკებდნენ, ამიტომ ცხინვალში ყველა ვარაუდობდა, რომ რეალურად ადმინისტრაციული რესურსი კაბისოვის სასარგებლოდ მუშაობდა. კაბისოვმა პირველ ტურში ხმების 10 პროცენტიც ვერ მოაგროვა.

ბიბილოვმა მეორე ტურის წინ საარჩევნო ტაქტიკა შეცვალა და ოპოზიციონერისთვის დამახასიათებელი განცხადებები  გააკეთა. მან კოკოითის ხელისუფლების წარმომადგენლებს გადადგომისკენ მოუწოდა. პრინციპში, ბიბლოვი მიხვდა, რომ კოკოითის მხარდაჭერა მას ხმებს უფრო აკარგვინებდა, ვიდრე რაიმეს მატებდა. ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე მიიჩნევს, რომ კრემლმა, ისევე როგორც აფხაზეთის საპრეზიდენტო არჩევნების წინ, ახლაც გადაამლაშა, როცა ერთ–ერთ კანდიდატს ღია მხარდაჭერა გამოუცხადა.

„მოსკოვმა ისეთივე შეცდომა დაუშვა, როგორიც დაუშვა 2004 წელს, როცა იმდენად იაქტიურა, რომ საზოგადოების გარკვეული ნაწილის გაღიზიანება გამოიწვია. კოკოითიმ თავისი ფსევდომხარდაჭერითაც ბიბილოვს დათვური სამსახური გაუწია. აქ, მე მგონია, კოკოითი თვალთმაქცობდა იმიტომ, რომ ძალიან კარგად იცოდა, რომ დაბალი რეიტინგი აქვს და მისი მხარდაჭერა ბიბილოვს არაადმინისტრაციულ ხმებს დააკლებდა. ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ჯამბოლათ თედეევის ფაქტორი, რომლის მხარდაჭერამაც განაპირობა ალა ჯიოევას წარმატება. თუმცა მეორე ტურში არ ვფიქრობ, რომ ყველაფერი ასე წარიმართება, რადგან მნიშვნელოვანი იქნება, ვინ მიიმხრობს იმ 10– პროცენტიან კანდიდატებს“, – განაცხადა მამუკა არეშიძემ.

იმავეს ამბობენ ოსი ექსპერტებიც, მაგალითად, დამოუკიდებელი ანალიტიკოსი ალან ფარასტაევი აცხადებს, რომ  ეს იქნება სერიოზული გაკვეთილი რუსეთისთვის, რადგან რეალური ვითარების შესწავლის გარეშე, ერთი კანდიდატის მხარდაჭერა ნიშნავს, რომ რუსეთს კავკასიაში და მათ შორის სამხრეთ ოსეთში რეალური პოლიტიკა არ გააჩნია – ამბობს ფარასატაევი.

13 ნოემბრის არჩევნებზე ანტირუსული განწყობებიც კი გამოჩნდა. ალა ჯიოევას საარჩევნო შტაბის წარმომადგენელმა ელინა მარზოევამ ეს ჩვენთან საუბარშიც არ დამალა.

„იცით, რატომ არ იყო სერიოზული დარღვევები? იმიტომ, რომ მეორე კანდიდატის მიმართ კრიტიკული განწყობა იყო. ემოციები ძალიან მაღალი იყო და ჩვენ გვეშინოდა კიდეც, რომ ვითარება კონტროლიდან არ გამოსულიყო –  უკვე აშკარად ანტირუსული განწყობები ჩანდა.  იცით, რანაირი ხალხია?  ჩრდილოელი ოსებისგან განსხვავებით, რომლებიც ბევრ რაღაცას ურიგდებიან, აქ სხვა მენტალიტეტია: რა უფლებით გვახვევთ თავს ვინმეს, ჩვენ არჩევანის უფლება გვაქვს – აი, ასეთი განწყობა იყო. ამიტომ იმის შიშით, რომ კიდევ ერთხელ არ დაწყებულიყო სახალხო მღელვარება, ხელისუფლებამ ყველაფერი თვითდინებაზე მიუშვა“, – ამბობს ელინა მარზოევა.

არჩევნებს გამოთიშული 10–პროცენტიანი კანდიდატების გაადაბირება უკვე მიმდინარეობს: ნაწილი ბიბილოვის, ნაწილი კი ჯიოევას მხარეს აღმოჩნდა. თითქოს ძალთა ბალანსი აქაც თანაბარია, მაგრამ ცხინვალში ხედავენ, რომ ბიბილოვის შტაბში უფრო მეტი ნერვიულობა შეინიშნება. ექსპერტები აცხადებენ, რომ ბიბილოვმა ყველა რესურსი ამოწურა, ის თითქოს ორ სკამზეც იჯდა, როცა პირველი ტურის წინ კოკოითის მხარდაჭერასაც იღებდა და ოპოზიციონერსაც თამაშობდა, მაგრამ ამ თამაშს მეორე ტურში ვეღარ გააგრძელებდა, რადგან ნახა, რა რეიტინგიც აქვს მოქმედ ხელისუფლებას, რომლის წევრიც თვითონვე იყო. ბიბილოვი საგანგებო სიტუაციების მინისტრი იყო.

მეორე ტურის წინ დე ფაქტო პრეზიდენტის, ედუარდ კოკოითის  განცხადებამ იმის შესახებ, რომ ქალი სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი ვერასოდეს გახდება, ალა ჯიოევას წისქვილზე უფრო დაასხა წყალი, რადგან ამ განცხადებამ არაერთი ადამიანი აღაშფოთა.   ​

„ვფიქრობ, ეს კოკოითიმ მხოლოდ იმიტომ თქვა, რომ არ ჰქონდა სხვა არგუმენტები, რათა, მისი აზრით, უარყოფითად წარმოეჩინა პრეზიდენტობის ის კანდიდატი, რომელმაც არჩევნები, ფაქტობრივად, მოუგო კოკოითის რჩეულად აღქმულ კანდიდატს. ამ განცხადებაზე საკმაოდ საინტერესო რეაქცია ჰქონდათ ოს მამაკაცებსაც. მათი თქმით, სამხრეთ ოსეთში ქალი პრეზიდენტის ერთადერთი მინუსი ის იქნება, რომ, ღმერთმა დაგვიფაროს, მაგრამ ომის შემთხვევაში, სრულფასოვანი მთავარსარდალი ვერ გახდება. აგვისტოს ომის დროს თავად ედუარდ კოკოითი ჯავაში გაიქცა და ძალოვანი სტრუქტურები სარდლობის გარეშე დატოვა. როგორც მამაკაცები ამბობენ, თუკი სამომავლოდ იმასვე ალა ჯიოევა გააკეთებს, ისე აღარ შერცხვებათ, როგორც კოკოითის გამო შერცხვათ“, – ამბობს ჟურნალისტი მარია პლიევა.

ამ აღშფოთების გამოყენებას კი ბიბილოვი სათავისოდ ცდილობს. იგი ჯიოევას რევანშისტს უწოდებს. წინასაარჩევნო პროგრამაში ალა ჯიოევა კორუფციის დაძლევით და ამ კორუფციაში ჩაფლული კოკოითის მოხელეების დასჯით იმუქრება. ბიბილოვი ამომრჩევლებს აშინებს და ეუბნება, რომ თუ ჯიოევა გაიმარჯვებს, თითოეულ მოხელეს, ვისაც კი ერთი რუბლიც მოუპარავს, ტყავს გააძრობს. კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას თვითონაც პირდება ამომრჩევლებს, მხოლოდ ამის გაკეთებას კანონის დახმარებით, ყოველგვარი შურისძიების გარეშე, აპირებს. ამ სიტყვების დასამტკიცებლად კოკოითის გუნდის წევრებს, ვინც კორუფციულ გარიგებებშია შემჩნეული, 27 ნოემბრამდე თანამდებობების დატოვებისკენაც მოუწოდა. მიუხედავად ამისა, ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ბიბილოვი თამაშობს და იგი ორ სკამზე ჯდომას აგრძელებს, ებღაუჭება რა ადმინისტრაციულ რესურსს და ამავე დროს ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლის გადაბირებასაც ცდილობს.

„მთელ ამ გუნდს მოგება აუცილებლად უნდა. თუ მეორე ტურში დამარცხდებიან, ეს დარტყმა იქნება რუსეთისთვისაც, რადგან მან ფსონი ბიბილოვზე დადო. თუ დამარცხდებიან, რა გამოდის, რომ პუტინი დამარცხდა? გამოვა, რომ რუსმა ჩინოვნიკებმა, ნარიშკინმა და სხვებმა, თავი ვერ გაართვეს და მათი ნების აღმსრულებელ კანდიდატს ვერ გაამარჯვებინეს, ამიტომ ყველაფერს გააკეთებენ, რაც შეუძლიათ. ბიბილოვი თამაშობს, როცა რაღაც რევანშისტულ განწყობებზე საუბრობს, როდესაც აცხადებს, რომ ზოგიერთ კოლეგა ჩინოვნიკს სამხრეთ ოსეთიდან გააძევებს. ეს რესპუბლიკისთვის განკუთვნილი თამაშია, რადგან სურს, რომ ოპოზიციურად განწყობილი ელექტორატის რაღაცა ნაწილი მიიმხროს. ვფიქრობ, რომ ეს სიტყვები შეიძლება ამ მოხელეებთან შეთანხმებულიც კი იყოს“, – ამბობს ოსი უფლებადამცველი რუსლან მაყაევი.

რა მოხდა დე ფაქტო რესპუბლიკაში, როცა კრემლის ფავორიტს რეალურად მხარი არ დაუჭირეს? ეს კითხვა ახლა ყველაზე ხშირად ისმის. ფაქტია, რომ ცხინვალში დაიღალნენ კორუფციით, გადათხრილი ქუჩებით, იქ მცხოვრებ ადამიანებს არავინ ეუბნება, სად წავიდა მათ დასახმარებლად გამოყოფილი მილიარდობით რუბლი. დაზარალებული მოსახლეობის ნაწილი მესამე წელია, ისევ კარვებში ცხოვრობს და უშედეგოდ ელის ბინების აღდგენას. ამიტომ ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ოსებმა  ამ ყველაფრის და კოკოითის გუნდის წინააღმდეგ უფრო მისცეს ხმა.

ალა ჯიოევას კი რუსეთის მოჭიდავეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის ჯამბოლათ თედეევის მხარდაჭერაც დაეხმარა. როგორც ცნობილია, თედეევს დე ფაქტო რესპუბლიკის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნებში მონაწილეობაზე უარი უთხრა. თედეევი ბევრს ეცადა, მაგრამ საბოლოოდ მან მიზანს ვერ მიაღწია და ვერ დაამტკიცა, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში დე ფაქტო რესპუბლიკაში ცხოვრობდა. თვითაღიარებული რესპუბლიკის კონსტიტუციით, სავალდებულოა კანდიდატი ბოლო 10 წლის განმავლობაში სამხრეთ ოსეთში უნდა ცხოვრობდეს. ამის შემდეგ თედეევმა მხარდაჭერა ჯიოევას გამოუცხადა. მას ცხინვალში კოკოითის არა მარტო პოლიტიკურ მოწინააღმდეგედ, არამედ პირად მტრადაც განიხილავენ. ამიტომაცაა, რომ ბიბილოვი ამჟამინდელ მოხელეებს თედეევის შურისძიებით აშინებს.

ალა ჯიოევა
ალა ჯიოევა

ექსპერტები არც იმას გამორიცხავენ, რომ პროვოკაციების მოწყობით, ვითარების მოულოდნელი დაძაბვითა და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებით, კოკოითის ხელისუფლებამ არჩევნები საერთოდ ჩაშალოს და მმართველობაში ყოფნა გაიხანგრძლივოს. მაგრამ ლოგიკურად, ვითარების დაძაბვა ყველაზე მეტად რუსეთს არ უნდა აწყობდეს, რადგან მის ისედაც შელახულ ავტორიტეტს ეს კიდევ უფრო მეტ ზიანს მიაყენებს.

პრინციპში, ვინც არ უნდა გაიმარჯვოს, იგი კრემლთან მაინც ითანამშრომლებს. ბიბილოვი ისედაც კრემლის ფავორიტია, ჯიოევას მხარში მდგომი ჯამბოლათ თედეევი კი – პუტინთან დაახლოებული პირი. არც ერთი კანდიდატი არ საუბრობს ქართულ–ოსური ურთიერთობების პერსპექტივაზე. ორივე სამხრეთ ოსეთის მომავალს რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში ხედავს.

ამავე თემაზე:

ბრძოლა დე ფაქტო პრეზიდენტობისთვის შესაძლოა გამწვავდეს

აშშ არ აღიარებს ე.წ სამხრეთ ოსეთის საპრეზიდენტო არჩევნების ლეგიტიმურობას

ცხინვალი საარჩევნო არეულობის ზღვარზე

მასალების გადაბეჭდვის წესი