“თავისუფალი დემოკრატების” წევრის, გიორგი ცაგარეიშვილის განცხადებით, წუხელ პარტიის ახალგაზრდული ფრთის 8 წარმომადგენელს თბილისის ქუჩებში თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების საქმის მოსამართლის, ბესიკ ბუგიანიშვილის პლაკატების გაკვრის საშუალება არ მისცეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ ამ პირების მიმართ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლით დაიწყო წარმოება. ეს მუხლი “თვითმმართველი ერთეულის იერსახის დამახინჯებას” ითვალისწინებს.
16 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა სახელმწიფოს კუთვნილი 4 მილიონზე მეტი ლარის გაფლანგვაში ბრალდებულ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებს: გიზო ღლონტს, ნუგზარ კაიშაურს, გიორგი ლობჟანიძეს, არჩილ ალავიძესა და დავით წიფურიას 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
“თავისუფალი დემოკრატების” წარმომადგენლები ქუჩაში პლაკატების გაკვრით მოსამართლის მიერ გამოტანილ ამ განაჩენს აპროტესტებდნენ.
“დაახლოებით ღამის პირველ საათზე უკვე დაიწყეს პოლიცის თანაშრომლებმა დევნა ახალგაზრდა ადამიანების ქუჩა-ქუჩა, ფაქტობრივად. ეს რვა ახალგაზრდა, ჩვენი თანამებრძოლი ამ დღეებში დაბარებული იქნება სასამართლოში და ჩვენ შევეცდებით, რომ დავიცვათ მათ უფლებები იმიტომ, რომ ყოველდღიურად ქალაქში, ბოძებზე, ღობეებზე, სარეკლამო სივრცეებზე უამრავი სხვა სახის ამგვარი და ამაზე ბევრად უფრო მეტყველი პლაკატები და პოსტერები არის გაკრული და არავინ არავის არ აჯარიმებს,”- განუცხადა გიორგი ცაგარეიშვილმა ნეტგაზეთს.
გიორგი ცაგარეიშვილი ამბობს, რომ პლაკატების გაკვრა ღამით იმიტომ გადაწყვიტეს, რომ სტამბიდან ცენტრალურ ოფისში პლაკატები გვიან მიიტანეს.
ცაგარეიშვილის თქმით, ეს პლაკატები, რომელზეც გამოსახულია მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილი და წითელი ხაზი აქვს გადასმული, დაურიგდათ რაიონულ ორგანიზაციებსაც და ისინის აკრავდნენ ამ პლაკატებს ამისთვის განკუთვნილ ადგილებში.
“არათუ ახალგაზრდები, არამედ ძველგაზრდებიც ჩავერთვებით ახლა ამ პლაკატების გაკვრაში და ვნახოთ, ჩვენ როგორ დაგვაჯარიმებენ პატრულის თანამშრომლები, რომელთაც, როგორც ჩანს, საქმე გამოელიათ ქალაქში, სადაც ყოველდღე ხდება უამრავი კრიმინალური ფაქტი, ამ ადამიანებს სხვა საქმე არ აქვთ. თუ საჭიროა, პირდაპირ გავუკრავ ლევან მურუსიძეს ბუგიანიშვილის გამომეტყველებას სამუშაო ოთახის კაბინეტის კარზე. თუ მას ჰგონია, რომ სამოსამართლეო მანტიას ამოეფარება და შეუძლია, რომ შეკერილი საქემეები აცხოს ლავაშებივით ამ ქვყანაში, ხალხი 7-7 წელი ჩაყაროს ციხეში და ჩვენ ხმას არ ამოვიღებთ, ძალიან შემცდარა მურუსიძეც და მისი პატრონიც. ეს გაგარძელდება, რა თქმა უნდა. ჩვენ დავპირდით საზოგადოებას ძალიან ბევრი აქციის ჩატარებას და ეს აქციები იქნება პერმანენტული,”- განაცხადა მან.