ახალი ამბები

პრობლემები ამომრჩეველთა სიების ფორმირებისას

22 ნოემბერი, 2011 • • 1547
პრობლემები ამომრჩეველთა სიების ფორმირებისას
ვინ უნდა იყოს პასუხისმგებელი ამომრჩეველთა ერთიანი სიის ფორმირების საკითხში და რამდენად ნათლად არის ერთმანეთისგან გამიჯნული პასუხისმგებლობები ცესკოსა და ახლად შექმნილ  საარჩევნო სიების გადამოწმებაზე მომუშავე კომისიას შორის? რამდენად იმოქმედებს სიების გადამოწმების ეფექტურობაზე ის ფაქტი, რომ ქვეყანაში არ არსებობს მისამართების რეესტრი, ერთიანი მონაცემთა ბაზა, რომელიც მისამართების ფორმირებას შეძლებდა? ასევე, როგორ იმუშავებს ქართულ რეალობაში ამომრჩეველთა უნიკალური კოდები და ელექტრონული ID ბარათები?

ეს ის საკითხებია, რომლებიც ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის და ცენტრალური საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის ორგანიზებით ერთობლივ მრგვალ მაგიდაზე საერთაშორისო და ქართველმა ექსპერტებმა განიხილეს.     

შეხვედრაში ამომრჩეველთა ზუსტი სიების შემუშავების საკითხზე მომუშავე სხვადასხვა წარმომადგენელი მონაწილეობდა. მათ შორის აღსანიშნავია: ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის მრჩეველი ზორან დოკოვიჩი, საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ნერმინ ნისიჩი, ასევე, ამავე ფონდის ექსპერტი ამომრჩეველთა რეგისტრაციის საკითხებში ჯონ არანი, ევროპის საარჩევნო მოხელეთა ასოციაცია (ACEEEO) იშტვან ჟუფა, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავჯდომარე ზურაბ ხარატიშვილი, ქართველი ექსპერტები და არასამთავრობო ორგანიზაციები.

შეხვედრის დასაწყისში საარჩევნო სისტემების საერთაშორისო  ფონდის წარმომადგენელმა და ექსპერტმა ჯონ არანმა ისაუბრა იმ რეკომენდაციებსა და პოტენციურ პრობლემებზე, რაც ამომრჩეველთა სიების დაზუსტების საკითხში ნათლად იკვეთება:   

– სახელმწიფოს მიერ მონაცემების ადმინისტრირება შესაძლოა გაუარესების საფუძვლად მივიჩნიოთ;

– მონაცემთა წყაროები შესაძლოა შეუთავსებელი აღმოჩნდეს (მონაცემების დამთხვევა);

– უმცირესობის საზოგადოების მარგინალიზაციის შესაძლებლობა.

შეხვედრა მხარეთა შორის კითხვა–პასუხის რეჟიმში წარიმართა. საერთაშორისო ორგანიზაციების ექსპერტებმა ისაუბრეს იმ საერთაშორისო სტანდარტებზე, რაც ამომრჩეველთა სიების დაზუსტების საკითხს შეეხება. თუმცა ქართველი ექსპერტების ცალკეული კითხვები მათ ღიად დატოვეს.

ამის შესახებ “ნეტგაზეთს” საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების პროცესში დამოუკიდებელი ექსპერტის სტატუსით ჩართულმა ირაკლი მელაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, მან ვერ მიიღო პასუხი კითხვაზე, რამდენად მართებულია, რომ სიებს ადგენს არამუდმივმოქმედი სახელმწიფო ორგანო და მსგავსი პრაქტიკა სად შეიძლება არსებობდეს.

ასევე, იყო კითხვები, რომლებზეც დასავლელ ექსპერტებს კონკრეტული მაგალითისა და ამ მაგალითის ქართულ რეალობაზე მორგება გაუჭირდათ.

ეს შეეხებოდა ამომრჩეველთა უნიკალური კოდებისა და ელექტრონული ID ბარათების ქართულ რეალობაში დანერგვას.

“ეს არის ჩვენი სპეციალური რეკომენდაცია ამ საკითხზე. ID უნიკალური კოდების ნომრები არსებობს, მაგრამ ის შეიძლება გამოიყენონ არასწორად მრავალ შემთხვევაში. თუმცა ასეთ შემთხვევაში განსხვავებულ ქვეყანას განსხვავებული პრაქტიკა აქვს. ძნელია, რომ ამ მიმართულებით გაიცეს ზუსტი რეკომენდაცია საიდენტიფიკაციო სისტემასთან დაკავშირებით. სხვადასხვა ნომრები ენიჭება სხვადასხვა ადამიანს, თუმცა ძნელი სათქმელია, როგორ იმუშავებს ეს ქართულ რეალობაში. ამ ეტაპზე, მე ვთვლი, რომ უფრო საინტერესოა, თუ რა მეთოდოლოგია და სისტემა დაინერგება ამომრჩეველთა სიების შესამოწმებლად,” – განუცხადა “ნეტგაზეთს” საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა ნერმინ ნისიჩმა.

შეხვედრაზე ერთ–ერთ პრობლემურ საკითხად სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს საპასპორტო და მოსახლეობის რეგისტრაციის სამმართველოს უფროსმა მამუკა სამხარაძემ  დამისამართების სისტემის არარსებობა დაასახელა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში არ არსებობს მისამართების რეესტრი, ერთიანი მონაცემთა ბაზა, რომელიც მისამართების ზუსტ ფორმირებას შეძლებდა. მაგალითისთვის კი თბილისის დოლიძის ქუჩა მოიყვანა.

“ნახევარი დოლიძის ქუჩაზე ნუმერაცია მეორდება კერძო სახლებსა და კორპუსებში. შესაბამისად, აუცილებელია, რომ საჯარო რეესტრის სტრუქტურაში განთავსდეს მისამართების რეესტრი. თითოეულ მისამართს ექნება ტექსტური, ასევე, კოდური მინიშნება და ეს არა მარტო ტექსტური, არამედ რუკის სახით განთავსდება საიტზე. თბილისში ათეულობით ბინას აქვს ერთი და იგივე მისამართი ნუმერაციის თვალსაზრისით, რაც თავისთავად წარმოქმნის პრობლემებს ამომრჩეველთა სიების დაზუსტების საკითხში,” – აღნიშნა სამხარაძემ.

თუმცა მან ასევე ხაზი გაუსვა გარდაცვლილთა რეგისტრაციის კუთხით გატარებულ ცვლილებებს და დასძინა, რომ ეს პრობლემა წინა წლებთან შედარებით მკვეთრად გაუმჯობესებულია.     

“ჩვენ დავავალდებულეთ გამგეობებისა და სოფლის რწმუნებულები, ასევე, სამედიცინო დაწესებულებები, რომ არც ერთი გარდაცვალების ფაქტი არ დარჩენილიყო ყურადღების გარეშე. გარდაცვალების ფაქტების რეგისტრაცია მკვეთრად გაიზარდა, შესაბამისად, ამ მხრივ სიების დაზუსტება ეფექტურად ხორციელდება,” – აღნიშნა სამხარაძემ.

ვინ უნდა იყოს პასუხისმგებელი ამომრჩეველთა ერთიანი სიის ფორმირების საკითხში და რამდენად ნათლად არის ერთმანეთისგან გამიჯნული პასუხისმგებლობები ცესკოსა და ახლად შექმნილ საარჩევნო სიების გადამოწმებაზე მომუშავე კომისიას შორის. აღნიშნული კითხვა შეხვედრაზე სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ (ISFED) აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო ლომჯარიამ დასვა.  

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრის დავით გურგენიძის განცხადებით კი, თუ რა სახით მოხდება აღნიშნულ საკითხზე ცესკოს რეაგირება, ამას მომავალი შესწორებები აჩვენებს.

“ამ ეტაპზე ჩვენ რაც ვიცით, არის ის, რომ კომისია მუშაობს მომდევნო წლის პირველ ივნისამდე და შემდეგ მან უნდა წარმოადგინოს შესწორებები. დანარჩენი ცესკოსთვის ამ ეტაპზე უცნობია. ალბათ, როგორც კანონში ჩაიწერება, ან სხვა ნორმატიულ აქტს დაევალება, რომ მოახდინოს რეაგირება. რა სახით უნდა მოახდინოს, ცესკო იმის შესაბამისად იმოქმედებს,” – განაცხადა სამხარაძემ.

დასავლელი ექსპერტები კი სიების გადამოწმებაში უპირველეს ვალდებულებას ცესკო–ს ანიჭებენ.  

ჯონ არანის განცხადებით,  ევროპაში სიების გადამოწმება წმინდა ადმინისტრაციული მხარის საქმეა. ამ პროცესში პოლიტიკური პარტიები არ არიან ჩართულნი. ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა და სადაც დაბალია ნდობა საარჩევნო გარემოსადმი,  ვთვლი, რომ შესაძლოა ეს პროცესი დადებითად აისახოს ამ მიმართულებით.

შეხვედრაზე განცხადება ახლად შექმნილი საარჩევნო სიების დაზუსტების კომისიის თავმჯდომარემ მამუკა კაციტაძემაც გააკეთა. მან კომისიის სამომავლო მიზნებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის პასუხისმგებელია კომისიის მუშაობასა და მის საბოლოო შედეგზე.

“მე სრულად ვიქნები პასუხისმგებელი იმ სიაზე, რომელსაც კომისია დადებს. აქ მინდა ერთი რამ გითხრათ. ჩნდება კითხვები, რა მოხდება პირველი ივლისის მერე. ხომ შეიძლება ამ პერიოდში კომისიამ დადოს სია და შემდეგ შეცვალოს ეს სია ცესკომ. თუ რაიმე ბუნებრივი ცვლილებები გაკეთდება ამ პერიოდში ცესკოს მიერ, კომისია უნდა იყოს ინფორმირებული ამის შესახებ,” – განაცხადა კაციტაძემ.

მისივე განცხადებით, შესაძლოა სამომავლოდ ამ კომისიამ მუდმივმოქმედის სტატუსიც კი მიიღოს.

ერთ–ერთ პრობლემურ საკითხად ასევე რეესტრის დამისამრთებისა და კომისიის სიების დაზუსტების დროში არდამთხვევა დასახელდა.

“როგორც ვიცით, რეესტრმა დამისამართების პროცესი ივნისისთვის უნდა დაასრულოს. თუმცა მე მაქვს სხვა ინფორმაცია, რომ ივნისის ბოლოსაც ვერ ამთავრებს დამისამართებას. რეესტრის ამ მუშაობის გამო ჩვენი კომისია ტემპებს ვერ შეაჩერებს. თუნდაც იმის გამო, რომ რეესტრი დამისამართებას ახორცილებს მხოლოდ დედაქალაქში და არა დანარჩენ საქართველოში. არ ვიცი, ალბათ, რაღაც თადარიგები უნდა დავიჭიროთ, რომ რეესტრის მიერ დამისამრთების ახალი მოდელი არ გახდეს არევის გამომწვევი,” – განაცხადა კაციტაძემ.

შეხვედრის დასრულებისას ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის მრჩეველმა ზორან დოკოვიჩმა აღნიშნა, რომ აღნიშნული მრგვალი მაგიდის შესახებ სამომავლოდ გარკვეული დოკუმენტიც კი მომზადდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი