“ლგბტ საქართველოს” გამგეობის წევრი, გოჩა გაბოძე ამბობს, რომ წუხელ, 16 მაისს, ღამით საკუთარ სახლში 4 ადამიანი თავს დაესხა. როგორც გაბოძე ამბობს, იგი სცემეს, სახლიდან კი წაიღეს ლეპტოპი და მობილური ტელეფონი.
ნეტგაზეთს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძარცვას გულისხმობს.
შსს-ში ნეტაზეთს ასევე განუცხადეს, რომ გამოძიების წინასწარი ინფორმაციით, “ძარცვის ფაქტს წინ უღძოდა პირადი კონფლიქტი ამ პიროვნებასა და სავარაუდო ბარლდებულებს შორის”. გოჩა გაბოძე კი წერს, რომ მისთვის უცნობია თავდამსხმელების მოტივი.
ნეტგაზეთთან საუბრისას გოჩა გაბოძე ასევე ამბობს, რომ ამ თავდასხმას ჰობოფობიურ მოტივს არ უკავშირებს.
“სახლში ოთხი უცნობი ადამიანი შემომივარდა. ლეპტოპი და ტელეფონი წაიღეს, თვალი გამილამაზეს და წავიდნენ. კარი ინსტინქტურად გავაღე, მეზობელი მეგონა. მნიშვნელოვანი დაჟეჟილობები არ მაქვს. იმდენად უცებ მოხდა ყველაფერი შოკი მაქვს. ორმა გამაკავა დანარჩენ ორს ხელს რაც მოხვდა მაგიდაზე გააყოლეს და გაიქცნენ,”- წერს გოჩა გაბოძე საკუთარ ფეისბუკზე.
გაბოძე ასევე ამბობს, რომ შეუძლია თავდამსხმელების ამოცნობა.
წუხელ, 17 მაისს, ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს, 10 ლგბტ აქტივისტი პოლიციამ ქუჩაში სტენსილების გაკეთების გამო დააკავა. მათი სასამართლო პროცესი ამ დრომდე არ გამართულა.
მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში 17 მაისს ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღეს აღნიშნავენ (IDAHO). 1990 წლის ამ დღეს მსოფლიო ჯანმრთელობის ორგანიზაციამ ჰომოსექსუალობა ავადმყოფობათა საერთაშორისო კლასიფიკაციიდან ამოიღო.
წელს, 16 მაისს საქართველოში ლგბტი უფლებების დამცველმა ორგანიზაციებმა განაცხადეს, რომ ჰომოფობიის დღის აღნიშვნას ვერ ახერხებენ, რადგანაც მათ პოლიციამ უსაფრთხოების გარანტიები არ მისცა.